10 ნატურალური სამკურნალო საშუალება თმისთვის

    შეიძლება, თამამად ვთქვათ, რომ თმა ქალების უმეტესობისთვის სუსტი წერტილია. ზოგიერთი  ბუნებრივ და ჯანსაღ თმას ანიჭებს უპირატესობას, ნაწილი კი მუდმივ ექსპერიმენტებშია – იჭრის, იღებავს, ხშირად იცვლის ფერს… თუმცა, მოვლა რომ სჭირდება ამაზე ორივე კატეგორიის წარმომადგენლები თანხმდებიან.

    მზიანი ზაფხულის შემდეგ თმას განსაკუთრებული მიხედვა უნდა  – მზე, ზღვის მარილიანი ან აუზის ქლორიანი წყალი ფიტავს, ფერს უცვლის და აზიანებს თმას. შეიძლება ფიქრობთ, რომ თმის გამოცოცხლების ერთადერთი გზა მისი შეჭრაა, მაგრამ ცდებით!

    Beauty magazine გაგიზიარებთ ისეთ მარტივ და იაფ პროდუქტებს, რომლებიც თქვენი თმისთვის ახალი სიცოცხლის მომტანი გახდება. ამასთან, შემოდგომის სუსხსაც მომზადებულები შეხვდებით.

    ჩაი

    ზოგიერთ ადამიანისთვის ჩაის დალევა დილის უცვლელი რუტინაა. მასთან ერთად დღეს მეტი სიცოცხლით იწყებენ. სწორედ ასეა თმის შემთხვევაშიც: თუ შენიშნავთ, რომ თმა უსიცოცხლო გახდა, შავი ჩაი ამ პრობლემისგან გიხსნით. ის დაუბრუნებს თქვენს თმას ბზინვარებას. ამასთან, შავი ჩაი თმის ცვენასაც აჩერებს.

    გამოყენების წესი: აადუღეთ შავი ჩაი და დაელოდეთ სანამ გაცივდება. შემდეგ გადაივლეთ თმაზე, 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

    კარაქი

    გახადეთ თმა უფრო რბილი და დატენიანებული კარაქის დახმარებით. კარაქის გამოყენება განსაკუთრებით ხვეული თმის პატრონ ქალებს უხდებათ.

    გამოყენების წესი: შეიზილეთ თმაზე რამდენიმე კოვზი ოთახის ტემპერატურის კარაქი, შეიფუთეთ თავი და გაიჩერეთ ერთ საათით. ამის შემდეგ კი კარგად დაიბანეთ.

    ბანანი

    ბანანი მდიდარია კალიუმით და ბევრ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. შესაბამისად, ბანანის ნიღბებიც ძალიან საჭიროა თმისთვის. ბანანი მინერალურ სილიკას შეიცავს, რომელიც ორგანიზმს კოლაგენის გამოყოფაში ეხმარება. კოლაგენი თმას უფრო ძლიერსა და სქელს გახდის. ბანანის ნიღაბი ასევე ატენიანებს თმას და იცავს თავის კანს გამოშრობისგან.

    გამოყენების წესი: შეურიეთ ერთმანეთს ორი მწიფე ბანანი და ნახევარი ჭიქა ქოქოსის რძე. შეიზილეთ თმაში და შეიფუთეთ 30 წუთით. შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

    კვერცხი

    კვერცხი თმისთვის საუკეთესო საშუალებაა. კვერცხის გული ცხიმებითა და ცილებითაა მდიდარი. ეს კი ბუნებრივად ატენიანებს თმას. რაც შეეხება გამჭვირვალე თეთრ მასას, ის ბაქტერიების შემცველ ფერმენტებს შეიცავს. შესაბამისად, თმისთვის მისი გამოყენება არ არის სასურველი.

    გამოყენების წესი: ნორმალური თმის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ მთლიანი კვერცხი,  მოთეთრო-გამჭვირვალე მასა მხოლოდ ცხიმიან თმას უხდება, ხოლო კვერცხის ყვითელი გული მხოლოდ მშრალი თმის სამკურნალოდ იხმარეთ. დაახლოებით 1/2 ჭიქა კვერცხის ნაზავი აურიეთ და წაისვით სუფთა, ნესტიან თმაზე. გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, ჩამოიბანეთ გრილი წყლითა და შამპუნით. მთლიანი კვერცხისა და მხოლოდ ყვითელი გულის ნიღბების გამოყენება შეიძლება თვეში ერთხელ, ხოლო თეთრი მასა შეიძლება ორ კვირაში ერთხელ შევიზილოთ.

    ლიმონი

    ზამთრის სიცივისაგან თმა რომ დაიცვათ, ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთის ნაზავი გამოიყენეთ. ზეითუნის ზეთი ატენიანებს თავის კანს, ხოლო ლიმონის წვენში არსებული მჟავიანობა ხელს უშლის სკალპის გამოშრობას და შესაბამისად, დაგიცავთ ქერტლისგან.

    გამოყენების წესი: შეურიეთ 2 სუფრის კოვზი სუფთა ლიმონის წვენი, 2 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთსა და 2 სუფრის კოვზ წყალს. შეიზილეთ ნესტიან თმაზე. გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. ნიღბის გამოყენება შეიძლება კვირაში ერთხელ.

    თაფლი

    თაფლი არის ბუნებრივი საშუალება, რომელიც ეხმარება თმას დატენიანებაში. შეიძლება თაფლის ნიღაბი წებოვანია, მაგრამ ის ერთნაირად კარგად მოქმედებს თმის ყველა ტიპზე.

    გამოყენების წესი: შეიზილეთ დაახლოებით 1/2 ჭიქა თაფლი სუფთა, ნესტიან თმაზე. გაიჩერეთ 20 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თაფლის წებოვანი სტრუქტურის გასანეიტრალებლად შეგიძლიათ 1-2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთის დამატება.

    ავოკადო

    ავოკადო მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ცხიმოვანი მჟავებით, A და E ვიტამინებით. ავოკადო გამოირჩევა საკვები ნივთიერებების საუკეთესო კომბინაციით, რაც თმას არბილებს.

    გამოყენების წესი: ავოკადო ისე უნდა დავაბლენდეროთ, რომ მივიღოთ ფაფის მასა. შემდეგ უნდა შევიზილოთ სუფთა, ნესტიან თმაზე და გავიჩეროთ 15 წუთის განმავლობაში.

    სოდა

    სოდა ებრძვის ცხიმიანობას და აღადგენს ბზინვარებას. თუმცა,  აქ სიფრთხილე გმართებთ. მისმა გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება ზედმეტი სიმშრალე გამოიწვიოს, ამიტომ მისი მოხმარებისაგან მშრალი თმის მქონე ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ.

    გამოყენების წესი: შეურიეთ 1 ან 2 ჩ/კ სოდა მცირე რაოდენობით წყალში, სანამ სქელი მასა არ გამოვა. შეიზილეთ ნესტიან თმაზე და გამიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ წყლითა და შამპუნის დახმარებით. ნიღბის გამოყენება შეიძლება ორ კვირაში ერთხელ.

    ქოქოსი

    ქოქოსის ზეთი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი პროდუქტია: შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის გასაწმენდად და დასაცავად. ქოქოსის ზეთი ადვილად შეიწოვება თმაში და ატენიანებს, არბილებს მას.

    გამოყენების წესი: შეიზილეთ 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი მთლიან თმაზე და გაიჩერეთ შხაპის მიღებამდე 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი დაიბანეთ.

    რძის ნაწარმი

    თმის ტენიანობასა და მბზინვარებაზე ბევრი ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს. რძის პროდუქტებს, როგორიცაა არაჟანი და იოგურტი, შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა. რძემჟავა ნაზად აცილებს ჭუჭყს, ხოლო რძის ცხიმი ატენიანებს კანს. იოგურტის ცილა განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ხვეულ თმაზე.

    გამოყენების წესი: შეიზილეთ 1/2 ჭიქა არაჟანი ან უბრალო იოგურტი ნესტიან თმაში და გაიჩერეთ 20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ კი გრილი წყალი გადაივლეთ. მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ შამპუნი. ნიღბის გამოყენება შეიძლება ორ კვირაში ერთხელ.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი