5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა წავიდეთ სამოგზაუროდ მარტო

    არსებობენ ადამიანები, ვისაც უყვართ პარტნიორის გარეშე მოგზაურობა. მათთვის ეს თავისუფლება, კომფორტი და ახალი შეგრძნებების საშუალებაა. მარტო მოგზაურობა საკუთარი თავის პონვის, აღმოჩენის, განვითარების და ახალი ‘’მე’’- ს შექმნის საუკეთესო საშუალებაა.

    წარმოგიდგენთ 5 მთავარ მიზეზს იმისა, თუ რა უპირატესობა აქვს მარტო მოგზაურობას:

    1. ქრება კომპრომისები – როდესაც თქვენ მოგზაურობთ მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად, ნებით თუ უნებლიედ, თქვენ გიწევთ ყველაფერის შეთანხმება და დღის განრიგის ერთად დაგეგმვა. შესაძლოა თქვენს პარტნიორს უნდოდეს ისეთ ადგილას წასვლა, რომელიც ნაკლებად გაინტერესებთ. ასეთ დროს იძულებული ხართ დათანხმდეთ მის სურვილს. აღტაცების და ბედნიერების გაზიარება კარგია, თუმცა როდესაც ახალ გარემოში მარტო ხართ, თავიდან ბოლომდე ყველაფერი მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. გამოფენაზე გინდათ წასვლა? წახვალთ. გზად გადაიფიქრეთ და მიხვდით რომ სანაპირო გირჩევნიათ? რა პრობლემაა, შეცვლით გეგმებს.

    2. ხდებით უფრო მამაცი და დამოუკიდებელი – ‘’მარტო უცხო ქვეყანაში’’ – ეს სიტყვები ზოგიერთ ადამიანს შიშს ჰგვრის, თუმცა თუ თქვენ ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებით და გსურთ საკუთარი თავი გამოსცადოთ ახალ თავგადასავლებში, მაშინ მარტო მოგზაურობა იდეალური ვარიანტია.

    3. გაიგებთ რა შეგიძლიათ – სოლო მოგზაურობის დროს თქვენ აღმოაჩენთ თქვენს თავს. გამოგიმუშავდებათ ისეთი თვისებები, რომელთა არსებობის შესახებ ადრე არც იცოდით. გახდებით სპონტანური და ამავე დროს, ყურადღებიანი. გაიცნობთ ახალ ადამიანებს და მიიღებთ უდიდეს გამოცდილებას. როდესაც მოგზაურობიდან დაბრუნდებით, ის აღარ იქნებით, ვინც მანამდე იყავით.

    4. შეძლებთ გაერკვეთ თქვენს აზრებში – დამღლელი, გადატვირთული და რუტინული სამუშაოს შემდეგ, საოცარი შვებაა წამოწვე მარტო, ქვიშიან სანაპიროზე ან ტროპიკულ ბუნებაში. უსმინო ბუნების ხმებს და ჩაიძირო შენს აზრებში. მარტო მოგზაურობის დროს შეძლებთ კონცენტრაციას, ახალი გარემოს შეცნობას, რაც თქვენს ტვინს ‘’გადატვირთავს’’.

    5. არ გიწევთ ლოდინი და ნახავთ უფრო მეტს – თქვენ ნახავთ იმაზე მეტს, ვიდრე ნებისმიერ ადამიანთან ერთად მოგზაურობის დროს. ეს ძალიან მარტივია, თქვენ უბრალოდ იღვიძებთ და ემზადებით მოგზაურობისთვის, არავის ელოდებით. ამით ზოგავთ ძვირფას დროს, მიდიხართ და ხედავთ ყველაფერს – უცხო ადამიანებს, ღირსშესანიშნაობებს, უცხო ხეებს… გამახსოვრდებათ დეტალები, პოულობთ საკუთარ თავს. მედიტირებთ რომელიმე მშვიდ ადგილას და ივსებით ახალი სუფთა ენერგიით.

    მარტო მოგზაურობისგან სიამოვნებას იღებენ ისეთი ადამიანები, ვისთვისაც მოგზაურობა იმაზე მეტს ნიშნავს ვიდრე უბრალოდ უცხო ადგილების დათვალიერება და სტარბაქსის ყავის დალევა. როდესაც მარტო მოგზაურობ უნდა გქონდეს სწრაფი ადაპტირების უნარი უცხო გარემოსთან. ასევე უნდა შეგეძლოთ მარტივი და რთული გადაწყვეტილებების მიღება და არ გქონდეთ სიახლის შიში.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი