აია ნაპა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული პლაჟების სამეულში შევიდა

    კვიპროსი იდეალურია მათთვის, ვინც სამოგზაუროდ მდიდარი კულტურის მქონე ადგილებს ეძებს. გეოგრაფიული თვალსაზრისით, კუნძული აზიას ეკუთვნის, თუმცა კულტურულ-პოლიტიკურად კვიპროსელები საკუთარ თავს ევროპას მიაკუთვნებენ. აქ ყოფნისას, ხმელთაშუა ზღვის ზღაპრული სანაპიროების გარდა, ბევრ საინტერესო ძეგლს და ნამოსახლარს აღმოაჩენთ.

    ბოლო დროს, განსაკუთრებით პოპულარული გახდა კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საზღვაო კურორტი აია ნაპა – თეთრი ქვიშითა და კრისტალურად სუფთა, ფირუზისფერი წყლით.

    ქალაქზე მრავალი ლეგენდა არსებობს, როგორც ქრისტიანობის გავრცელების, ისე ოტომანთა დინასტიის მმართველობის პერიოდის შესახებ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ეს ადგილი ნადირობის დროს აღმოაჩინეს. 1100 წელს აქ ქალწული მარიამის სახელობის ვენეციური მონასტერი ააშენეს, რომელსაც შემდგომში აია ნაპა ეწოდა. 1790 წლამდე მონასტრის მიმდებარედ არავინ ცხოვრობდა, რადგან აკრძალული იყო. ახლა კი ეს ადგილი ქალაქის ცენტრია. აია ნაპა სიტყვა-სიტყვით ითარგმნება როგორც „წმინდა ტყე.“ ეს ტერიტორია ერთ დროს მართლაც ტყით იყო დაფარული, თუმცა ახლა გარშემო ძირითადად კლდეები და ქვებია.

    აია ნაპას ტურისტული განვითარების სტრატეგია 2013 წელს შეიმუშავეს. ადგილობრივების მიზანია, რომ 2030 წლამდე ეს ადგილი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ ზონად აქციონ. 2013 წლიდან მოყოლებული, ადგილობრივმა მთავრობამ არაერთი პრობლემა გადაჭრა: განვითარდა ინფრასტრუქტურა, გაიხსნა უამრავი სასტუმრო და რესტორანი, მოწესრიგდა სანაპიროები და ძალიან მალე, ეს ადგილი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების მასპინძელიც გახდება.

    აია ნაპაზე 175-ზე მეტი სასტუმრო და აპარტამენტია. გასულ წელს ამ ადგილმა 700 000 ტურისტს უმასპინძლა. ადგილი კი, სადაც ზემოთ აღნიშნული ვენეციური მონასტერი მდებარეობს, დღეს უკვე კლუბური გართობის ცენტრია. კვიპროსელების ძირითად მიზანს ევროპის საუკეთესო სანაპიროების სამეულში შესვლა, პლაჟის კლუბებისა და ღამის ცხოვრების (ყველა სტანდარტის დაცვით) განვითარება წარმოადგენს.

    კვიპროსზე 27 სანაპიროა და აქედან 14 იმ სანაპიროების რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც „ლურჯი დროშის“ სტატუსი აქვს მინიჭებული („ლურჯი დროშა“ სუფთა პლაჟების ინდიკატორია). Nissi Beach კი, „ინსტაგრამერების“ დამსახურებით, მსოფლიოს 3 ყველაზე პოპულარულ პლაჟებს შორის მოხვდა.

    აია ნაპა სავსეა ღირსშესანიშნაობებით, რომლებიც ნებისმიერმა ტურისტმა აუცილებლად უნდა მოინახულოს. გარდა მონასტრებისა და მუზეუმებისა, ტურისტებს შორის ძალიან პოპულარულია ქანდაკებათა პარკი, რომელშიც ასობით სკულპტურა არის გაერთიანებული. იგი აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ინტერაქციული ხასიათი აქვს.

    ამ არჩვეულებრივი კურორტის გაცნობა არც ისე ძვირი ჯდება. სამოგზაურო ტურები აია ნაპაში საშუალოდ 1000 ლარამდე ღირს. რესტორნებსა და ბარებშიც საკმაოდ მისაღები ფასებია. ეს ადგილი ერთნაირად იზიდავს როგორც ოჯახის წევრებთან ერთად დასვენების მსურველებს, ისე ღამის ცხოვრებისა და გართობის მოყვარულებს. მოკლედ, სანამ გაძვირებულა, გირჩევთ ეწვიოთ და დატკბეთ გამჭვირვალე წყლითა და ულამაზესი სანაპიროებით.

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი