ანა იმედაშვილის სილამაზის საიდუმლო და თავის მოვლის რუტინა

    ყველა ქალს სილამაზის საკუთარი საიდუმლო აქვს. ტელეწამყვანი და “ლოტუსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ანა იმედაშვილი ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაშია. მისი ამჟამინდელი საქმიანობაც თავის მოვლასთან არის დაკავშირებული. შევეცადეთ გაგვერკვია, როგორ ახერხებს ანა მუდამ კარგ ფორმაში ყოფნას. როგორც აღმოჩნდა, მის სილამაზის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ჯანსაღი ცხოვრების წესია.

    ანა, როგორ უვლით თავს? როგორია თქვნი ყოველდღიური რუტინა?

    ჩემი ყოველდღიური რუტინა არის სტანდარტული, როგორც ყველა ქალის, ვისაც უყვარს თავის მოვლა. სახის კანს დიდ ყურადღებას ვაქცევ, რადგან ცხიმიანისკენაა მიდრეკილი და საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. არასდროს ვზოგავ დროს და რესურსს ამაზე. დილა იწყება სახის გასუფთავებით, შესაბამისი საცხის წასმით, შემდეგ ვიკეთებ მსუბუქ მაკიაჟს. ვცდილობ, რომ სახის კანი მაკიაჟით არ დავტვირთო და სწორად გამოვიყენო პროდუქტები. საღამოს აუცილებლად ვისუფთავებ კანს. ძალიან მიყვარს ნიღბები და ხშირად ვიკეთებ თიხის ნიღაბს. დასაბანი საშუალებაც თიხის ექსტრაქტზეა დამზადებული. ასევე, პერიოდულად ვიტარებ სხვადასხვა პროცედურებს, რისთვისაც უკვე ესთეტიურ ცენტრს მივმართავ („ლოტუსს“).

    რა პროცედურებს იტარებთ?

    ჩემი ასაკის შესაბამისად, წელიწადში ერთხელ ვიტარებ ბიორევიტალიზაციის კურსს. იქიდან გამომდინარე, რომ ცხიმიან კანს ძალიან უხდება პილინგი, ხშირად ვიკეთებ და კარგ შედეგს მაძლევს. წელს შემოვიდა ახალი თაობის პილინგი, რომელშიც გაერთიანებულია ბიორევიტალიზაციაც. რა თქმა უნდა, ეს სიახლე ჩემს თავზე გამოვცადე, ჩავიტარე 10 პროცედურა, რამაც ძალიან კარგ შედეგამდე მიმიყვანა.

    რა ასაკში დაიწყეთ თავის მოვლა?

    Beauty პროდუქცია ყოველთვის მიყვარდა, შეიძლება ითქვას ბავშვობიდან, თუმცა, ყველა ასაკს შესაბამისი თავის მოვლის საშუალებები აქვს. ხშირად, გარდატეხის ასაკში დგება აუცილებლობა იმისა, რომ მიმართო სპეციალისტს ან სახლის პირობებში დაიწყო მოვლა. მე პირადად არ მქონია პრობლემები ამ ასაკში, თუმცა აქტიურად ვიყენებდი თავის მოვლის საშუალებებს. ასაკის მატებასთან ერთად, გინდა თუ არა, უკვე გჭირდება სხვადასხვა პროცედურები. ახლა უკვე ყოველდღიურ რუტინად არის ქცეული ის, რასაც კვორაში ერთხელ ან თვეში რამდენჯერმე იკეთებდი. 25 წლის ზემოთ სახეზე უკვე სტრესი და დაღლილობა გეტყობა, თუმცა გენეტიკასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ზოგადად თქმა ძნელია, ყველა ფაქტორი მნიშვნელოვანია. ზოგს 40 წლის ასაკშიც იდეალური კანი აქვს.

    როგორ ფიქრობთ, რა აუცილებელი პროცედურები უნდა ჩაიტაროს ქალმა,  ვთქვათ 30 წლის შემდეგ?  

    30 წლამდეც კი აუცილებელია დაწყება, ისეთი პროცედურების, როგორიცაა სახის წმენდა და ქიმიური პილინგი, რომელიც კანის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. 30 წლიდან, აუცილებელია ბიორევიტალიზაცის ჩატარება წელიწადში ერთხელ.

    მე 26 წლის ვიყავი როცა ბოტოქსის ინექციების გაკეთება დავიწყე. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლობაა – ყველა ადამიანის შემთხვევაში ინდივიდუალურია საჭიროებებიც და პრობლემებიც. ტელევიზიაში მუშაობისას დავაკვირდი, რომ მიმიკები მქონდა და ამან შემაწუხა. გადავწყვიტე ეს პრობლემა ბოტოქსით მომეგვარებინა. კარგი იქნება მანამდე გაიკეთოთ ინექცია, სანამ ნაოჭი გაღრმავდება. ასე გაახანგრძლივებთ პროცესს, რომ არ „ჩატყდეს“ კანი.

    გარდა კოსმეტოლოგიური პროცედურებისა, რა საშუალებებით ცდილობთ იყოთ ფორმაში და თქვენი სხეული გამოიყურებოდეს კარგად?

    ვცდილობ ვივარჯიშო, თუმცა ამასაც მიჩვევა უნდა. სახლში სატრენაჟორო დარბაზი მაქვს, ამის მიუხედავად არასდროს მიცდია რეგულარულად დამეტვირთა თავი. როდესაც ჩემმა მეუღლემ აქტიური ვარჯიში დაიწყო, მეც მომინდა და ის გახდა მოტივატორი. შემდეგ, პილატესსზე დავიწყე სიარული და ძალიან მომეწონა. საბოლოოდ ისეთ შედეგამდე მივედი, რომელმაც თავდაჯერებულობა შემმატა და მივხვდი, რომ ფიზიკური დატვირთვა ნამდვილად აჯანსაღებს სხეულს, როგორც შიგნიდან, ისე ვიზუალურად. ვცდილობ, რომ მივიღო დიდი რაოდენობით წყალი, ვიკვებო სწორად. ყველაზე მეტად, რაც მიჭირს ძილის რეჟიმის მოწესრიგებაა, თუმცა ვცდილობ გამოვასწორო. რაც უფრო გემატება ასაკი, ხვდები, რომ ჯანმრთელობის საწინდარი სწორი კვება, ფიზიკური დატვირთვა და სწორი რეჟიმია. მთავარია დაიყო, მოტივაცია გქონდეს და აუცილებლად მიეჩვევი, მერე უკვე ორგანიზმი მოგთხოვს ამას.

    მზე თუ სოლარიუმი?

    ზედმეტი არაფერი ვარგა, მათ შორის არც მზეზე ყოფნა. რასაც ვაკვირდები, საქართველოში ტენდენციაა, რომ დილით ადრე არ ირუჯებიან, მათ შორის არც მე. იმის მიუხედავად, რომ სახლში მაქვს აუზი, მაინც შუადღეს გავდივარ ხოლმე მზეზე, როდესაც მზე ზენიტშია. რეალურად, ამ დროს გარუჯვა ძალიან ცუდი და მავნეა, ორგანიზმიდან ჰიალურონის განლევას უწყობს ხელს. შესაბამისად, რუჯის მისაღებად სოლარიუმი მირჩევნია, რადგან არის დოზირებული, წუთებია გათვლილი და ირუჯები კანის გამოშრობის გარეშე.

    როგორ ამზადებთ კანს გარუჯვამდე და როგორ უვლით შემდეგ?

    ნებისმიერი სახის რუჯამდე (იქნება ეს ავტო დაფერვა, სოლარიუმი თუ ბუნებრივი რუჯი), აუცილებელია, რომ კანი გავათავისუფლოთ გარქოვანებული უჯრედებისგან. სახლის პირობებში, სკრაბითაც შეგიძლაით გაასუფთაოთ კანი ან ესტუმროთ რომელიმე ესთეტიურ ცენტრს და მთელ სხეულზე ჩაიტაროთ პილინგის პროცედურა. ამის შემდეგ, კარგად უნდა დაიტენიანოთ კანი და გამოიყენოთ დამცავი/გასარუჯი საშუალება.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი