ანა ზუბაშვილი: მაკიაჟით დაძინება ჩემთვის წარმოუდგენელია!

    ანა ზუბაშვილი 20 წლის ასაკში მის საქართველო გახდა. მას მერე არაერთი გადაღებისა და ჩვენების მონაწილე იყო. დატვირთულ დღის რეჟიმს და ყოველდღიურ მძიმე მაკიაჟს ანა საკუთარი მეთოდებით უმკლავდება. გარდა ამისა, არ ავიწყდება, რომ სილამაზეზე ზრუნვა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება და ცდილობს, ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებით მოამარაგოს, იმისთვის რომ დიდხანს შეინარჩუნოს უნაკლო კანი, ჯანსაღი თმა და ლამაზი ფრჩხილები.

    ანა, არაჩვეულებრივად გამოიყურები, როგორ უვლი თავს?

    ისეთ სამყაროში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თავის მოვლა უფროდაუფრო მარტივდება. სილამაზის შენარჩუნების უამრავი საშუალება არსებობს. თუმცა, ჩვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ცუდ გავლენას ახდენს დაბინძურებული ჰაერი და არაჯანსაღი საკვები. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღებით და მზრუნველობით ვეპყრობი ჩემს თავს. სპორტდარბაზის ძალიან ხშირი სტუმარი ვარ, დროის უმეტეს ნაწილს იქ ვატარებ. შესაბამისად, კვების რაციონიც ინსტრუქტორის მიერ მაქვს შედგენილი. ერთადერთი, რისი დარეგულირებაც მიჭირს, ძილის რეჟიმია.

    რა ასაკიდან დაიწყე თავის მოვლა და რა საშუალებებს მიმართავ?

    თავის მოვლა ადრეული ასაკიდან დავიწყე. 15 წლის ვიყავი, როდესაც სამოდელო ბიზნესში აქტიურად ჩავერთე. მას შემდეგ, რაც მის საქართველო გავხდი, ჩემს თავს უფლებას არ ვაძლევ, დღის რომელიმე მონაკვეთშიც კი მოუვლელად გამოვიყურებოდე.

    იყენებთ თუ არა ხალხურ რეცეპტებს კანის, თმისა და თავის მოვლისთვის?

    ვფიქრობ, რომ არ არის აუცილებელი მხოლოდ ბრენდული კრემები და ზეთები, ხშირ შემთხვევაში ფასობს მხოლოდ ბრენდის სახელი და არა მისი შემადგენლობა. სწორედ ამიტომაც უპირატესობას ხალხურ რეცეპტებს ვანიჭებ.

    განსაკუთრებულად ლამაზი თმა გაქვს, ძნელია მისი მოვლა?

    შეიძლება ითქვას, რომ ჩემს თმას ბავშვივით ვუვლი, რადგან ვთვლი, რომ პირველ რიგში სწორედ ეს განმასხვავებს სხვებისგან. თმის მოსავლელად არაერთ ხალხურ რეცეპტს მივმართავ. მაგალითად, ეს უბრალო, მაგრამ ძალიან სასარგებლო ნიღაბი, რომელიც უხდება ყველა ტიპის თმას: აბუსალათინის ზეთის, ერთი სუფრის კოვზი თაფლის და ერთი სუფის კოვზი კეფირის ნაზავი. ასევე ძალიან ეფექტურია 1/2 ჭიქა კეფირის,1 სუფრის კოვზი საფუარის და 1 სუფრის კოვზი თაფლისგან დამზადებული ნიღაბი.

    რამდენად ხშირად ხმარობ მაკიაჟს?

    სამწუხაროდ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად მიწევს მაკიაჟის გამოყენება. არის შემთხვევები, მაგალითად მოდის კვირეულებზე და გადაღებებზე, როდესაც დღეში რამდენჯერმე გვიცვლიან მაკიაჟს. ეს, რა თქმა უნდა, კანისთვის ძალიან საზიანოა. სწორედ ამიტომ,  თავის მოვლა, ჩვენთვის ორმაგად დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ როცა ხალხური მეთოდებით და სხვადასხვა კრემებით ვეღარ ვუმკლავდები ჩემს კანს, კოსმეტოლოგს ვსტუმრობ ხოლმე.

    არანაკლებ მნიშვნელოვანია მაკიაჟის მოშორების პროცესი, შენ რა მეთოდებს მიმართავ?

    ზოგადად ძალიან მშრალი და თეთრი კანი მაქვს და შესაბამისად ორმაგად მგრძნობიარეა. ამიტომ, მაკიაჟის მოსაშორებლადაც ნაზ საშუალებებს ვიყენებ. უფრო ზუსტად, ორფაზიან ტონიკს, რომელიც წყალსა და ზეთზეა დამზადებული. მაკიაჟით დაძინება ჩემთვის წარმოუდგენელია – როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, მის მოსაშორებლად დროს ყოველთვის ვპოულობ.

    შეუწუხებიხარ თმის ცვენას და მტვრევად ფრჩხილებს? როგორ უვლი მათ…

    თმის ცვენა მხოლოდ გაზაფხულზე მაწუხებს და ეს მხოლოდ სეზონის ცვლასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება ფრჩხილებს, ძალიან ხშირად მემტვრევა ხოლმე და როგორც კი ამას შევამჩნევდი ხოლმე, ეგრევე ვიტამინების მიღებას ვიწყებდი. თუმცა როგორც დავაკვირდი, ამას არასოდეს ჰქონდა გრძელვადიანი ეფექტი. ახლახანს აღმოვაჩინე ნუტრიკოსმეტიკა. ძალიან მიხარია და დატესტვის პროცესში ვარ. ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანია უნაკლო კანი, თმა და ფრჩხილები და სწორედ ამიტომ, ვცდილობ ვიადერმის საშუალებით შევივსო ორგანიზმში საჭირო ნივთიერებების ბალანსი და გამოვიყურებოდე ჯანსაღად. თან არ შეიცავს საფუარს და არ იწვევს წონაში მატებას. ამის ცოდნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ სიმსუქნისკენ მიდრეკილი, მაინც სულ ამაზე ვნერვიულობJ)

    კოსმეტიკა, რომელსაც ყოველდღიურად მოიხმარ.

    ჩემი საყვარელი კოსმეტიკური საშუალება თვალის ფანქარია, რომელიც თვალის ფორმას გამოკვეთს და ასევე უფერული ტუჩსაცხი, რაც ტუჩებს ბუნებრივ იერს აძლევს.

    რამდენად ხშირად ირუჯები და როგორ უვლი გარუჯულ კანს?

    გამომდინარე იქიდან, რომ წითური და თეთრი ვარ, კანის დამცავი საშუალებების გარეშე მზეს ვერიდები, რადგან მალე ვიწვები. თუმცა, აქამდე არც მიცდია გარუჯვა და თუ დავაპირებ, აუცილებლად ბუნებრივ საშუალებას მივმართავ – ვგულისხმობ მზეზე წოლას და არა სოლარიუმებში სიარულს, რომელიც კანს ძალიან აზიანებს.

    რომელი საკვები შედის შენს ყოველდღიურ რაციონში და როგორ ავსებთ ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების ბალანსს?

    ვცდილობ, ორგანიზმი რაც შეიძლება მეტი ვიტამინებით დავტვირთო. დილით ნახშირწყლებით ვიკვებები, საღამოს ცილებით. თუ წონაში რამდენიმე გრამით მოვიმატებ, ნახშირწყლებს მაშინვე ვამცირებ.

    რა რეკომენდაციებს მისცემდი ჩვენს მკითხველს?

    გამონახეთ დრო ვარჯიშისთვის – ეს პირველ რიგში ჯანმრთელობისთვისაა საჭირო, გარდა ამისა განტვირთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა. თუ სპორტდარბაზში წასასვლელად დრო არ გრჩებათ. სახლის პირობებში ლახტით ვარჯიში არაჩვეულებრივი გამოსავალია.

    როგორ წარმოგიდგენია თავი 15 წლის შემდეგ და როგორ ფიქრობ, რა პროცედურებს მიმართავ მომავალში სილამაზის შესანარჩუნებლად?

    15 წლის შემდეგ ჩემი თავი ისეთივე ლამაზი, ლაღი და მხიარული წარმომიდგენია, როგორიც დღეს ვარ. იმდენად მეშინია დაბერების, რომ მომავალში მის შესაჩერებლად ალბათ ყველა იმ  პროცედურას გამოვიყენებ, რასაც კოსმეტოლოგი მირჩევს. დღეს კი ყველაზე კარგი მრჩეველი საკუთარი თავი მყავს და ჩემი წესები მაქვს სილამაზის მოსაფრთხილებლად – ბევრი სითხე დღის განმავლობაში, სახის კანის დამატენიანებლების რეგულარული გამოყენება, ვარჯიში – ჯანსაღი ცხორების წესი და ორგანიზმის გამდიდრება საჭირო ნივთიერებებით, ამ მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნე, ვიადერმი ჩემი აღმოჩენაა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი