ანუკი ქორქია: “ყოველდღიურად, უპირატესობას საშუალო ზომის ტევად ჩანთას ვანიჭებ”

    ჩანთა ქალის (და არა მხოლოდ ქალის) ცხოვრებისა და სტილის უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია. ნივთები, რომლებსაც ჩანთით ვატარებთ ჩვენს ინტერესებსა და ხასიათზეც მეტყველებენ… კომფორტული წელის ჩანთა იქნება ეს თუ ქლატჩი, მათთვის ყოველთვის მოიძებნება ადგილი ჩვენს ჩანთაში. მაშ ასე, Beauty Magazine წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას “რა მიყრია ჩანთაში” და მის პირველ სტუმარს, მოდელსა და ტელეწამყვანს, ულამაზეს ანუკი ქორქიას:

    რა დატვირთვა აქვს თქვენთვის ჩანთას და როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

    ვფიქრობ, ჩანთა ქალისათვის მნიშვნელოვანი აქსესუარია და რამდენადაც მასიური და ტევადია ის , იმდენად პრაქტიკულია. განსაკუთრებით საქმიანი ქალბატონებისათვის. თუ მინდა შთამბეჭდავად გამოვიყურებოდე, მაღალ ქუსლებთან და ეფექტურ მაკიაჟთან ერთად ყოველთვის თან მაქვს პატარა, ქლატჩის ტიპის ჩანთა.  ჩვეულებრივ, დღის მანძილზე საშუალო ზომის ტევად ჩანთას ვანიჭებ უპირატესობას. თუ სპორტულად მაცვია და ფეხით ვარ სასეირნოდ გამოსული მხოლოდ წელის ჩანთას ვატარებ.

    ნივთები, რომლებსაც ყოველთვის ატარებთ ჩანთით…

    ყოველთვის თან მაქვს ტელეფონი, საფულე, გასაღებები, ტუჩსაცხი, კორექტორი, ხელის კრემი და სუნამო.

    ყველაზე უცნაური, რას ჩანთაში გდებიათ…

    არის შემთხვევები, როდესაც ჩანთაში შეიძლება ორთქლის უთო, ფეხსაცმელები და კოსმეტიკის მთელი არსენალიც  აღმომიჩინოთ, მაგალითად, რომელიმე გადაღების წინ. თუმცა, ძირითადად მწირი რაოდენობის და უფრო საჭირო ნივთებით შემოვიფარგლები.

    როგორ საფულეს ხმარობთ და უხამებთ თუ არა მას ჩანთას?

    მოგატყუებთ რომ გითხრათ საფულეს ჩანთას ვუხამებთქო. ერთი მაქვს რომლითაც ვსარგებლობ და ძალიან მომწონს. მოგეხსენებათ, კოსმეტიკის მაღაზიებიდან დაწყებული, აფთიაქეით და საბავშვო მაღაზიებით დამთავრებული, ყველაფერს თავისი პლასტიკური ბარათი აქვს, ამიტომ, საფულე ყოველთვის ტევადი მაქვს, რადგან იქ უამრავ ბარათს ვინახავ.

    თქვენ თქვით, რომ ჩანთით მუდამ ატარებთ ტუჩსაცხს, რომელ ფერსა და ბრენდს ანიჭებთ უპირატესობას?

    ინტენსიურად ვიყენებ ღია კარამელისფერ ტუჩსაცხს. უპირატესობას Sisley-ს ვანიჭებ, თუმცა მაქვს თითქმის ყველა ფერის და ფირმის ტუჩსაცხი, მათ შორის ლურჯი, შავი, იასამნისფერი… მიყვარს ექსპერიმენტები. ასევე, მიყვარს მათი გაჩუქება (იმის მიხედვით თუ ვის რა ფერი უხდება), რადგან თავადაც ძალიან მიხარია როდესაც მჩუქნიან.

    გარდა ამისა, ჩემს ჩანთაში ყოველთვის არის ხელის კრემი. კარგია, როდესაც ფრჩხილები მოწესრიგებული და ხელის კანი დატენიანებულია. ამ შემთხვევაში უპირატესობას L’occitane- ის ფირმის კრემს ვანიჭებ.

    ძალიან მიყვარს სათვალეები. ჩემთვის უნივერსალურია  სადა, შავი სათვალე. აი აქ კი ნამდვილად მნიშვნელოვანია მისი სამოსთან შეხამება.

    რას გვეტყვით ყოველდღიურ მაკიაჟზე და თქვენს კოსმეტიკის ჩანთაზე?

    მაკიაჟს არ ვიკეთებ ინტენსიურად. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ამის გაკეთება ისეთი ინტენსივობით მიწევდა, რომ აღარც სურვილი მაქვს და რა თქმა უნდა, სახესაც დასვენება სჭირდება. ყოველდღიურად მხოლოდ სახის კანის, თვალის, სხეულის და  ტუჩის დამატენიანებელს ვიყენებ. აი წამწამების ატუშვაზე კი ვერასდროს ვამბობ უარს. რაც შეეხება ინტენსიურ, სატელევიზიო თუ მსუბუქ მაკიაჟს, უმეტესად თვითონ ვიკეთებ. ხატვა კარგად მეხერხება და საკუთარ თავზე არაერთი წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ როგორც იქნა დავხვეწე ხელობა. მივაგენი საკუთარ სტილს და დღეს მხოლოდ ერთი ვიზაჟისტია რომელსაც საკუთარ სახეს ვანდობ. სხვა შემთხვევებში, თავად ვუვლი თავს, მომარაგებული მაქვს ყველა საჭირო კოსმეტიკური საშუალება, იქნება ეს პროფესიონალური თუ ყოველდღიური მაკიაჟისთვის.”

    ანუკი ქორქიას ფავორიტი კოსმეტიკური საშუალებებისა და ბრენდების ჩამონათვალი კი ასეთია: პუდრი – MAC, რუჟი – Guerlain Terracotta, კორექტორი -MAC, ტუში – Collistar, ჩრდილები – Dior, ჩრდილები სველი ეფექტით – Mac, ფუნჯი – Mac, ტუჩის კონტური – Bourjois და Mac, თვალის ლაინერი – Chanel, წარბის ჩრდილი  – Anastasia Beverly Hills, ტუჩსაცხი – Sisley და Guerlain kisskiss, არადეკორატიული კოსმეტიკა – Sisley.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი