CHUBIKA-ს შემოქმედება IERI-ს კონცეპტუალურ მაღაზიაში

    მიყვარს IERI-ს ღონისძიებები, იქ ყოველთვის ვიგებ რაღაც ახალს და ფასდაუდებელს. ფასდაუდებელს ჩემთვის და ალბათ, სხვებისთვისაც – ვინც ჩემს პოსტს წაიკითხავს და იპოვის რაიმე ახალს, პასუხს თუნდაც ერთ კითხვაზე.

    20.02.2020-ში, ყურებში L’Imperatrice-ს ერთ-ერთი კეთილი ტრეკით, ფეხით გავუყევი ჭავჭავაძეს და მივედი ღვინის ქარხანაში, სადაც IERI კიდევ ერთ არაჩვეულებრივ ღონისძიებას, ნინო ჩუბინიშვილის (ჩუბიკას) პრეზენტაციას პასპინძლობდა.

    მოსაწვევი რომ მომივიდა, იმ დღესვე ვიცოდი, რომ ჩემი პოსტი არ იქნებოდა ასეთი: “20 თებერვალს IERI-ში ნინო ჩუბინიშვილის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც გამოფენილი იყო ხელოვანის 2 ცნობილი კაბა, ჩანახატები, ცნობილი სკულპტურა “ელენა” და 8 ნამუშევარი მისი სამკაულების კოლექციიდან. მათი შეძენა 21 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი…”

    მოსაწვევი რომ მომივიდა, მაგ დროს ჩუბიკა შორიდან ვიცოდი, მაგრამ არ ვიცნობდი. საერთოდ, ინტერვიუზე რომ მივდივარ, ყოველთვის წინასწარ ვეძებ რესპოდენტზე ინფორმაციას (რაც შეიძლება ამომწურავს) და ამჯერადაც, რამდენიმე ვიდეოს გულდასმით მოვუსმინე. მივხვდი, რომ სტანდარტულ კითხვებზე დრო არ უნდა დამეხარჯა.

    გამოფენაზე მარტო მივედი (საერთოდ, მაგ დღეს მარტომ ბევრი ვიარე და კარგი იყო). შესასვლელთან IERI-ს კომუნიკაციების დირექტორი, ნათელა ფოცხვერია შემხვდა და შიგნით შემიპატიჟა. რომ შევედი, ნახევრად ჩაბნელებულ სივრცეში ამონათებული ის ცნობილი კაბები და სამკაულები დავინახე. ძალიან შთამბეჭდავი იყო. მუსიკაც ისეთი – მშვიდად რომ უნდა დაათვალიერო და არსად რომ უნდა გეჩქარებოდეს. მთავარი, რამაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, თავიდან ვერ დავინახე. დავდიოდი, ვათვალიერებდი ამ ულამაზეს სამკაულებს და ვიფქრობდი, ვისი შეიძლება ყოფილიყო ეს მისტიური სახე… ან რატომ სახე… ან რატომ ეს სახე… მერე ის საოცარი ესკიზებიც ვნახე, გეომეტრიული მოძრაობები.

    და მერე, ფილმებში როა – ხალხი გაიფანტა და გამოჩნდა თავდახრილი თეთრი არსება დარბაზის ცენტრში (მანამდე ასე, პირისპირ არ შემიხედავს არასდორს), იმ სივრცეში არსებულ ყველა სახეზე მეტად ცოცხალი, ემოციური და წმინდა… რავიცი, მე ასე მომეჩვენა. კარგა ხანს ვუყურე.

    მერე ნათელამ რამდენიმე კარგი შეკითხვა დაუსვა და ნინომ იმდენივე მაგარი პასუხი გასცა. მიკროფონი არ გამოუყენებიათ, ამიტომ სულგანაბული ვუსმენდი (ჩანაფიქრიც ეს იყო – იმას მოესმინა, ვისაც ძალიან უნდოდა რომ მოესმინა).

    რომ დაასრულეს, ყველა ჩუბიკას შეოეხვია. ნათელას ვთხოვე, მოკლე ინტერვიუ მინდა მეთქი და მიმიყვანა მასთან.

    გავიცანი და დავიწყეთ. ისეთი რამეები ვკითხე მე რომ მაინტერესებდა:

    “სახეები?

    თავიდან, იმაზე ფიქრი დავიწყე, თუ რა იყო პირველი სამოსი. დავხატე კაბა და  გავყევი სამოთხის ისტორიას – რა შეიძლებოდა მომხდარიყო (გახლეჩვის და გაორების ისტორიაა). ასე, თითქოს პრიმიტიულად, რაღაც მოვყევი… სახე გამოიხატა. რაღაც მოხდა, ეს იყო ამბავი, სტატიურად, მონოლითურად ქვაში გათლილი. მეორე, თეთრ კაბას რაც შეეხება, იქ უფრო ჰარმონიზირებულია ყველაფერი. ეს სახე ვინ არის თვითონ ვერ ვიგებ. უბრალოდ სახეა, არსება, რომელიც შეიძლება იყოს ევა, მარიამი… ის იმ ისტორიასთან არის დაკავშირებული და ჩემი ბრენდის ნიშნად იქცა.

    ყოველთვის გაქვთ იმის განწყობა, რომ რაღაც შექმნათ? თუ გაქვთ ხოლმე პერიოდები, როდესაც დიდხანს ეძებთ შთაგონებას.

    ჩემი ცხოვრება სხვადასხვანაირია – მყავს ორი შვილი, ქმარი, შვილიშვილი, დედა, მამა. მხოლოდ მხატვრობით არ ვცხოვრობ. თუმცა, იყო პერიოდი, როდესაც მხოლოდ ამით ვცხოვრობდი (24 საათი რაღაცას ვაკეთებდი). ბევრი სხვა საქმე მაქვს, სადაც ვიხარჯები და ვცდილობ, რომ ყურადღება გავანაწილო. მაქვს პერიოდები, როდესაც უნდა დავბრუნდე იმ კონკრეტულ მდგომარეობაში, რომ ორგანიზმმა გაიგოს რა უნდა რომ მითხრას. სანამ ამ მდგომარეობამდე მივაღწევ, ყოფითიდან გამოსვლის მომენტი საკმაოდ რთულია. ვერასოდეს ვირჩევ, რომ ერთ რამეს მოვაკლო ყურადღება და მეორეს დავუთმო. მდგომარეობიდან მდგომარეობაში უნდა გადავიდე და გავიბრძოლო, რომ აქ მოვკვდე და იქ დავიბადო. ნამუშევარიც ხან კარგი გამოდის, ხან ნორმალური, ხან ცუდი. მაგრამ ჩემთვის პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი. მაშინ გამოდის “ბომბი” როდესაც ჩემი ენერგია მთლიანად იდება ერთ რამეში. მთელი ცხოვრება დროის დამენეჯმენტებას ვსწავლობ, რადგან ძალიან ვნერვიულობ, როდესაც ერთი რამის გამო მეორეს ვაკლებ ყურადღებას. სამწუხაროდ, ისე არ გამოდის, რომ 2 საათი ერთი საქმე აკეთო, 3 საათი მეორე…

    როდის ხართ ყველაზე ბედნიერი?

    ბედნიერი ვარ როდესაც ვმუშაობ. ამ დროს არავინ მახსოვს, არც არავინ მიყვარს და მენატრება. ველოდები, რომ ცოტა დავბერდე, რადგან ჩემი თავისთვის, ხელოვნებისთვის მეტი დრო მექნება. თუ ჯანმრთელად ვიქნები, ძალიან ვისიამოვნებ ამით. ასე მინდა მოვიწყო ცხოვრება.

    რას თვლით ყველაზე დიდ ცხოვრებისეულ მიღწევად?

    იმას ვაკეთებ რაც მინდა. არ ვხალტურობ, ვცდილობ, მოვუსმინო საკუთარ თავს და მაქსიმალური შევძლო. ჩემი მიზანია, რომ გავზარდო შვილები, დავაყენო გზაზე და შემდეგ მთლიანად მივუძღვნა თავი ჩემს შემოქმედებას.

    როდის მოხდა ის გარდატეხა, როდესაც გაიაზრეთ რა გინდოდათ გეკეთებინათ?

    ბავშვობაში სულ ვხატავდი. 90-იან წლებში ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო საქართველოში და მივხვდი, რომ ვერ ვუძლებდი, დეპრესია მეწყებოდა. ამ დროს ღმერთმა საჩუქრად გამიხსნა რაღაც თვალი. ვგრძნობდი, რომ გაცილებით მეტის დანახვა დავიწყე, ვიდრე მანამდე. ამ დროს ზუსტად 28 წლის ვიყავი. სხვანაირად დავინახე რეალობა, სულ სხვანაირად, მჭახედ ვხედავდი ფერებს და ამან ძალიან შემაშინა. მეგონა, რომ ერთი მდგომარეობიდან უცებ მეორეში გადავედი და ამასთან ერთად ნერვიული სტრესივით მქონდა. მაგ დროს ძალიან მაგარი წიგნი დავხატე, რაღაცას გავყევი… და საოცრება გამოვიდა, რომელიც ჩემს პირველ შვილს, ელენეს მივუძღვენი.

    ძალიან გაგიმართლათ რომ საყვარელი საქმე იპოვეთ.

    სულ უნდა ეძებო საყვარელი საქმე. შეიძლება შვილის მოვლა აღმოჩნდეს, შეიძლება სახლის დალაგება. საყვარელი საქმე არის პროცესი, როდესაც ცოდნას იღებ, სამყარო გეხსნება. მთავარია შენს თავს მოუსმინო. შეიძლება შეგეშინდეს კიდეც, რადგან ისეთი რამ გინდოდეს, რაც ამ სოციუმში დაუშვებელია. შეიძლება ვერ გააკეთო, მაგრამ ისიც საქმეა, რომ გეცნოდინება რა გინდა.”

    საუბარი მალე დავასრულეთ. აღმოვაჩინეთ, რომ ორივე ქართლელები და ზედმეტად პირდაპირები ვართ. მასთან ლაპარაკისას ძალიან დავმშვიდდი და ეს მომეწონა. იქიდან რომ წამოვედი სახლში ვერ წავედი, ფეხით ვიარე ჩემი L’Imperatrice-ის კეთილი მუსიკით.

    ჯადოქარია! მე დავინახე ჩუბიკა – დედა, ჩუბიკა – შემოქმედი, ჩუბიკა – ადამიანი, რომელიც იმას ხედავს, რასაც ჩვენ ვერ… დარწმუნებული ვარ, კიდევ არის, რომელიც ჯერ ვერ აღმოვაჩინე და მორიგი შეხვედრისას აღმოვაჩენ. Can’t wait!

     

    გვანცა დელიბაშვილი,

    რედაქტორი

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი