დალი ანდღულაძე:”რუჯისთვის კანის მომზადება გაზაფხულიდან უნდა დავიწყოთ”

    სახის კანი მუდმივად განიცდის გარემოს ზემოქმედებას. განსაკუთრებულ ზიანს იგი ზამთრისა და ზაფხულის კურორტებზე იღებს. ზაფხულში გადაჭარბებული მზის სხივებისგან ზიანდება, ხოლო ზამთარში სიცივეც და მზის სხივებიც ერთად ატყდება თავს.
    მოკლედ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ თუ რაიმესთვის არ უნდა დაგვენანოს დრო, ენერგია და ფინანსები, ეს კანის მოვლაა. ამ თემის გარშემო კითხვები ამოუწურავია. თქვენთვის საინტერესო კითხვებზე კომპეტენტური პასუხებისათვის კლინიკა “სოლო პერ ტეს” დერმატო-ვენეროლოგს, ქალბატონ დალი ანდღულაძეს მივაკითხეთ.

    დალი ანდღულაძე: კანი სხეულის გარეგანი საფარველია. იგი შინაგან ორგანოებსა და ქსოვილებს მექანიკური დაზიანებისაგან იცავს. აქვს თბორეგულატორული ფუნქცია, რაც ნიშნავს იმას, რომ  მონაწილეობას იღებს ტემპერატურის შენარჩუნებაში და უზრუნველყოფს სითბოს წარმოქმნისა და გადაცემის პროცესების წონასწორობას. კანში მოთავსებული რეცეპტორები აღიქვამენ სითბოს, სიცივეს, ტკივილს. კანს აქვს გამომყოფი ფუნქციაც, კერძოდ, საოფლე ჯირყვლების დახმარებით ორგანიზმიდან გამოიყოფა წყალი, მარილები და ტოქსინები. კანში წარმოიქმნება D ვიტამინი, ასევე გამომუშავდება მუქი პიგმენტი, რომელიც ულტრაიისფერი სხივებისაგან იცავს ორგანიზმს.

    როგორ მოვუაროთ კანს ზამთარში?

    ზამთარში კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. სიცივე და სუსხი აუწყლოვანებს კანს. ცივი ჰაერის ზემოქმედების გამო ცხიმის უჯრედები პასიურდება და შესაბამისად, კანი კარგავს სიმკვრივეს. ამ სეზონზე კანს ყველაზე მეტად უჭირს. აუცილებელია ინტენსიური მკვებავი კრემების რეგულარული გამოყენება, რომელთა შემადგენლობაშიც შედის E ვიტამინი, გლიცერინი, ქოქოსისა და ნუშის ზეთი, ცხიმოვანი მჟავები და ა.შ.

    ზამთარში ხშირია კანის ისეთი დაავადებების გამწვავება როგორიც არის ატოპიური დერმატიტი, სებორია, ფსორიაზი, ეგზემა. და მათი მიზეზი სწორედ კანის გამოშრობაა.

    კანზე უარყოფითად მოქმედებს როგორც სიცივე, ისე მზის ზედმეტი სხივები. როგორ მოვიქცეთ ზამთრის კურორტებზე ყოფნისას, რომ კანი არ გამოგვიშრეს და თავიდან ავიცილოთ მზისგან დამწვრობა? 

    სამთო–სათხილამურო კურორტებზე აუცილებელია დამატენიანებელი კრემთან ერთად გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემი SPF ფილტრით. თუმცა, სანამ კურორტზე წავალთ, შეგვიძლია მანამდე დავიწყოთ კანზე ზრუნვა. ღრმა დატენიანების საუკეთესო საშუალებაა მეზოთერაპიული დატენიანება (ბიორევიტალიზაცია), რომელიც აღადგენს მის ნორმალურ ფუნქციობას და ხელს უშლის კანის გამოშრობას.

    როგორ უნდა მოვამზადოთ კანი ზაფხულისთვის, რომ იდეალური რუჯი მივიღოთ? 

    ზაფხულისთვის კანის მომზადება უნდა დავიწყოთ გაზაფხულიდან – მზის სხივებს მომზადებული უნდა შევხვდეთ. ულტრაიისფერი სხივები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჩვენს გარეგნობაზე. კანი უნდა იყოს დატენიანებული და გაჯერებული  ვიტამინებით და ჰიალურონის მჟავით. რუჯის მიღებამდე სასურველია კანის გაწმენდა ულტრაბგერით, რაც გულისხმობს კანის ეპიდერმიული შრის დელიკატურ მოცილებას იმისათვის, რომ კანი ვასუნთქოთ.

    მზის სხივებს აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი ეფექტი. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით აქტიურდება ვიტამინი D–ს წარმოქმნა. თავის მხრივ, ეს უზრუნველყოფს კუნთების, ძვლების გამაგრებას და ჭრილობების სწრაფ შეხორცებას. ულტრაიისფერი სხივები გამოიყენება კანის ისეთი დაავადებების მკურნალობისას როგორიცაა ფსორიაზი, ეგზემა, ჩირქოვანი გამონაყარი და ა.შ. ულტრაიისფერი სხივები ასევე დადებითად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე და გვეხმარება სტრესთან ბრძოლაში.

    თუმცა, მზის აბაზანების მიღების დროს აუცილებელია ზომიერების დაცვა. ინტენსიური და ხანგრძლივი ინსოლაცია(მზის ზემოქმედება) ავითარებს კანის ანთებას, რასაც ფოტოდერმატიტი (მზის ალერგია) ეწოდება.

    რა სახის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს მზის ზედმეტმა დასხივებამ?

    მზის ზედმეტმა დასხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ისეთი პრობლემები, როგორიცაა:

    1. ნაოჭები

    2. კანის ტონუსის დაქვეითება

    3. ფორების გაფართოება

    4. პიგმენტური ლაქების გაჩენა

    5. კაპილარების გაჩენა

    6. სახის სიმშრალე

    7. კანის ფოტოდაბერება

    8. კანის ავთვისებიანი სიმსივნე–მელანომა

    რუჯის მიღებისას აუცილებელია კოსმეტიკური კრემების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ მზისგან დამცავ ფაქტორებს, SPF უნდა იყოს 30 %–ზე მეტი რომ კრემმა კანი მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან დაიცვას.

    კრემების ინდექსაციისას გასათვალისწინებელია კანის ტიპის განსაზღვრა. მათთვის, ვინც ძნელად ღებულობს რუჯს (I-II ტიპი) ინდექსი მაღალია. ხოლო მათთვის, ვინც ადვილად ირუჯება (III-IVტიპი)  SPF-ინდექსი შეიძლება დაბალი იყოს.

    შეცდომები, რომლებიც არ უნდა დავუშვათ…

    რეკომენდებული არ არის სხეულის საპნით დაბანა მზეზე გასვლამდე და ასევე, ლოსიონით ან ოდეკოლონით კანის გაწმენდა, რადგან ეს კანის გაუცხიმოვანებას იწვევს, კანი უფრო მგრძნობიარე ხდება და ადვილად ზიანდება.

    როგორ მოვუაროთ კანს მზის აბაზანების შემდეგ, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ რუჯი?

    გარუჯვის შემდეგ კანი მშრალია და ადვილად იქერცლება, ამიტომ მას განსაკუთრებული კვება და დატენიანება სჭირდება. გარუჯვის შემდეგ სასურველია ზეთების და სპეციალური კრემ–ბალზამების გამოყენება, მათ შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს E და A ვიტამინი, ჰიალურონის მჟავა და შარდოვანაც. დამატენიანებელი კრემი არ უნდა შეიცავდეს რძეს, ლიმონს გვირილას და კიტრს (ეს კომპონენტები ხელს უწყობს გათეთრებას).

    და მაინც, როგორც არ უნდა ვიზრუნოთ კანზე გარუჯვამდე თუ გარუჯვის შემდეგ, გარკვეულწილად ის მაინც ზიანდება. როგორ ვებრძოლოთ პრობლემებს იდეალური კანის შესანარცუნებლად?

    რუჯით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში და დაბერების პროცესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ ნუტრიკოსმეტიკური საშუალება „ვიადერმი კანის სილამაზე“. სასურველია პერორალური თერაპიით დავატენიანოთ კანი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ზემოთ აღნიშნული ფურუსულას ზეთი და ჰიალურონის მჟავა. ეს არის სრულყოფილი ფორმულა, რომელსაც გააჩნია თვალსაჩინო ეფექტი, დაუბრუნოს კანს ელასტიურობა და ბზინვარება; აქვს დამატენიანებელი ეფექტი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და გამოირჩევა დაბერების საწინააღმდეგო უნარით.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი