დემნა გვასალია VETEMENTS-ს ტოვებს!

    გამოცემა WWD (Woman’s Wear Daily) ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს – დემნა გვასალია ტოვებს ბრენდს, რომელიც 2014 წელს თავად დააფუძნა.

    38 წლის დიზაინერი ამ ნაბიჯს ასე ხსნის: ,,Vetements იმისთვის შევქმენი, რომ ის რაც მოდის ინდუსტრიაში ხდებოდა საშინლად მოსაწყენად მეჩვენებოდა. ჩემმა ბრენდმა სამუდამოდ შეცვალა მოდა და მოდის სამყაროში ბევრს კარიც გაუხსნა. მე, როგორც კონცეფციის შემქმნელმა, ჩემი მისია შევასრულე. ახლა ბრენდს თავად შეუძლია განვითარდეს.’’

    აღსანიშნავია, რომ დემნა გვასალია სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ცნობილი მოდის სახლების კლიენტებს უკვე მობეზრებული ჰქონდათ ერთმანეთის მსგავსი და მოსაწყენი კოლექციები. გვასალიამ მათ შესაძლებლობა მისცა ,,ეთამაშათ’’ მოდასთან – შემოიღო oversize-ისა და ირონიის კულტი.

    თავად Vetements-ის დახურვაზე ინფორმაცია არ გაჟღერებულა. სავარაუდოდ, დემნას ადგილს მალე სხვა დაიკავებს. რაც შეეხება Balenciaga-ს, მისი კრეატიულ დირექტორად კვლავ ქართველი დიზაინერი დარჩება. მოდის სახლი 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას პარიზის მოდის კვირეულზე 29 სექტემბერს წარადგენს.

    ავტორი: ნათია აბრამიშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი