Dior Men შემოდგომა 2019 – ტრადიციებისა და ახლებური ხედვის ნაზავი

    Dior-ის მამაკაცის ხაზის კრეატიულმა ხელმძღვანელმა, კიმ ჯონსმა გასულ სეზონებზე წარდგენილი კოლექციების საშუალებით, იმაზე მეტი ემოციები გამოიწვია მოდის სახლში, ვიდრე Dior-ის ქალის ხაზის კრეატიულმა დირექტორმა, მარია გრაცია ქიურიმ ორი წლის განმავლობაში.

    კიმ ჯონსი ყოველი ახალი კოლექციით გვარწმუნებს, თუ რამდენად დიდი ნიჭისა და მოხერხებულობის პატრონია. საყურადღებოა, რომ დღეს იგი მამაკაცის სამოსის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან ძალას წარმოადგენს და შეგვიძლია ისეთი დიდი დიზაინერების გვერდით მივუჩინოთ ადგილი როგორებიც არიან ედი სილმანი და რაფ სიმონსი.

    რაც შეეხება 2019 წლის შემოდგომის ჩვენებას, იგი მამაკაცის ხაზის საგაზაფხულო კოლექციის მსგავსად ატარებს გარკვეულ კონცეფციურ ჩანაფიქრს, კერძოდ დიზაინერის შთაგონებას წარმოადგენენ ქანდაკებები, ფრანგული კულტურა და Dior-ის  არქვივები.

    კოლექცია ძირითადად სადა და ელეგანტურია, თუმცა ვაწყდებით საინტერესო და ფერად პრინტებსაც – იქნება ეს გადატვირთული თეთრი სვიტრი თუ სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშის პაროდიებით დაპრინტული პერანგები. საყურადღებოა ასევე აქსესუარების როლიც Dior-ის კულტურული მემკვიდრეობის პატივსაცემად – აბრეშუმით შექმნილი ყელსახვევები, შარვლები და კოსტუმების დამატებითი დეტალები გადამწყვეტ როლს თამაშობენ.

    დღეს უკვე ძნელია შექმნა კოსტიუმი, რომელიც გამოეხმაურება მოდის სახლის ტენდენციებს და ამავდოულად, დააინტრიგებს მომხმარებელთა სავსებით ახალ, მეტად პრეტენზიულ თაობას. კიმ ჯონსის ინოვაციურობა სწორედ ამ ორს შორის ოქროს შუალედის შექმნაში მდგომარეობს. ჯონსმა, საერთო ჯამში, წარმოადგინა 49 დიზაინი იმისა, რასაც შიძლება ვუწოდოთ „ახლებური კლასიკა“. მომხმარებელს იგი სთავაზობს დიორის საავტორო, ტრადიციულად ფემინურ სილუეტებსა და ნაჭერს თანამედროვე რაკურსით.

    ავტორი: გიორგი გუნჯუა

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი