დონატელა ვერსაჩე: “გევედრებით, იზრუნეთ ერთმანეთზე და დარჩით სახლში”

    მოდის დედოფალი, დონატელა ვერსაჩე მიმართვას ავრცელებს. თავის წერილში ის იმედის პირველ ნაპერწკალზე საუბრობს და მილანში არსებულ მდგომარეობას აღწერს.

    “მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ გზავნილის გამოქვეყნება გადავწყვიტე არის ის, რომ შეგახსენოთ, რომ ამ პრობლემასთან ბრძოლაში მარტო არ ხართ.

    მილანშიც იგივე ხდება რაც მთელს მსოფლიოში. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა. სახლიდან გამოსვლა მხოლოდ მედიკამენტებისთვის ან პროდუქტებისთვის შეგვიძლია. ეს რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

    მილანი მოჩვენებების ქალაქს დაემსგავსა. სამხედროები და პოლიცია აკონტროლებენ, რომ ყველა მოქალაქემ დაიცვას იზოლაციის წესები. ამის გამო მე ძალიან ვამაყობ იტალიის მთავრობით. არსებული სიტუაციის მიუხედავად, ახლა ისეთი შეკრულები ვართ როგორც არასდროს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თუ გუნდურად ვიმოქმედებთ (როგორც ჩემი საყვარელი გუნდი, Inter Milan), აუცილებლად გადავლახავთ ამ პრობლემას.

    ჩვენი ექთნები და ექიმები შეუჩერებლად მუშაობენ. ჩვენთვის ეს პანდემიის მესამე კვირაა და ვიცი, რომ ადვილი არ არის. ზოგჯერ ისინი გამოძინებასაც ვერ ახერხებენ.

    ვიცი, რომ ყველას მომავლის შიში გვაქვს და ვეძებთ პასუხებს კითხვებზე… მაგრამ გამოჩნდა იმედი: გუშინ, პანდემიის განმავლობაში პირველად, სიკვდილიანობისა და ახალი შემთხვევების კლება დაფიქსირდა. ჯერ ადრეა რაიმე დასკვნის გამოტანა, თუმცა ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, რომ მიღებულმა ზომებმა გაამართლა.

    ყველას გევედრებით, უსმინეთ რას გვეუბნება სახელმწიფო, იზრუნეთ ერთმანეთზე და დარჩით სახლში. გამოიყენეთ ტექნოლოგიები, რომლებიც ასე გვიყვარს და იყავით ერთმანეთთან მუდმივ კავშირზე. დარწმუნდით, რომ საყვარელი ადამიანები და ახლობლები სახლში არიან და არაფერი უჭირთ.

    ყველაზე კარგი ისაა, რომ შეგვიძლია ვიყოთ სახლში უსაფრთხოდ და ამავდროულად ვივარჯიშოთ, ვიმუშაოთ და ვეკონტაქტოთ ერთმანეთს.

    თუ ამ წესებს დავიცავთ, ძალიან მალე დავუბრუნდებით სამყაროს აღმშენებლობას… და სანამ ამ მდგომარეობაში ვართ, იქნებ ეს ჩვენი შანსია, რომ რაღაცები გამოვასწოროთ.

    ყველა მენატრებით,

    მილანიდან, დიდი სიყვარულით,

    Donatella x”

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი