ეკა ჩხეიძე: “ზაფხულში საცხებს თითქმის არ ვხმარობ”

    ბოლო პერიოდის მთავარი ტრენდი ბუნებრივი სილამაზე გახდა. მსოფლიოს დერმატოლოგები, კოსმეტოლოგები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, რათა უახლესი მეთოდებით მაქსიმალურად შეინარჩუნონ ბუნებრივი სილამაზე. მსახიობი ეკა ჩხეიძეც მათ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც უპირატესობას ბუნებრიობას ანიჭებს. იგი თავის მოვლისა და სილამაზის საკუთარ მეთოდებზე გვესაუბრა:

    “ძალიან დიდ პატივს ვცემ ბუნებრიობას, როდესაც ადამიანს არ ეტყობა ზედმეტი ხელოვნურობა. ნებისმიერ ასაკს თავისი სილამაზე და ხიბლი აქვს. არ მომწონს როდესაც ოპერაციებით და ზედმეტი ჩარევით 50 წლის ქალი ცდილობს დაემსგავსოს 20 წლისას. ბუნებით რაც გაქვს იმას უნდა შეუწყო ხელი და შეინარჩუნო. თოჯინის გამომეტყველება და საკუთარი ინდივიდუალიზმის დაკარგვა არ არის კარგი. მით უმეტეს, დღეს არაერთი საშუალებაა იმასთვის, რომ ბუნებრივი სილამაზე შეინარჩუნო – შეგიძლია იკეთო გამაჯანსაღებელი პროცედურები, ბიორევიტალიზაცია, შეიყვანო ჰიალურონი, იხმარო კრემები, დალიო ვიტამინები, რომ ორგანიზმი არ გამოშრეს.

    რა ასაკიდან დაიწყეთ თავის მოვლა და როგორ უვლით თავს?

    დაახლოებით 7-8 წელია რაც კანის მოვლა დავიწყე. წელიწადში ორჯერ ვიკეთებ ბოტოქსს, ასევე ვიყენებ ჰიალურონს, რომ სახის კანის იყოს გამოკვებილი. ამ პროცედურებს უფრო სექტემბრისთვის ვიტარებ ხოლმე, რადგან რუჯის მერე კანი გამოფიტულია. ბიორევიტალიზაციას რაც შეეხება, უფრო ზაფხულის დასაწყისში ვიკეთებ რადგან ამ პოცედურის მერე ნაჩხვლეტები მეტყობა ხოლმე და წლის განმავლობაში კი სპექტაკლები მაქვს. ნიღბებს საერთოდ არ ვიკეთებ.

    როგორ ინარჩუნებთ სხეულის ფორმებს?

    გულწრფელად რომ გითხრათ, ეს მეტწილად გენეტიკის დამსახურებაა. არასოდეს მივარჯიშია, არ მიყვარს ტრენაჟორები. გასუქების პრობლემაც არასოდეს მქონია და ცხოვრებაში არ ვყოფილვარ დიეტაზე. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. ზაფხულში აუზზე კი დავდივარ, მაგრამ ძირითადად გასარუჯად. 3 თვეა რაც სიარული დავიწყე აქვა აერობიკაზე, მაგრამ არა გახდომის მიზნით. ქოლესტერინი მაქვს მაღალი და წამლის მიღებას ფიზიკური დატვირთვა ვამჯობინე. აქვა აერობიკა ძალიან კარგია სისხლის მიმოქცევისთვის და ხერხემლისთვის. მეგობრებთან ერთად დავდივარ, თან ვერთობით და თან ძალიან მსიამოვნებს წყალში ვარჯიში. ერთადერთი რაც არ მომწონს ის არის, რომ ამან კიდევ უფრო გამახდუნა. თან ზაფხულში ძირითადად ხილს და ბოსტნეულს ვჭამ და ალბათ ამიტომაც.

    წეღან თქვით, რომ აუზზე დადიხართ ხოლმე გასარუჯად. რუჯის მოყვარული ხართ როგორც მივხვდი.

    კი, ძალიან მიყვარს, მაგრამ არ მომწონს ზამთარ-ზაფხულ რომ ირუჯებიან. რუჯი რაღაც სიახლეა, რომელიც ზაფხულს ახლავს თან. სოლარიუმში არ დავდივარ. როგორც კი თბილი სეზონი იწყება და ღია ტანსაცმლის დრო დგება, მეც ვიწყებ გარუჯვას, აუზზე ან ზღვაზე. სხეულს ძალიან უხდება ნამზეური, მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს – კანს ჯანსაღი ფერი უნდა ჰქონდეს.

    კანის მოვლის რაიმე განსაკუთრებული ხომ არ გაქვთ?

    ხან რას ვცდი ხოლმე, ხან რას. მაკიაჟს ვიწმენდ მიცელარული წყლით. ზაფხულში თითქმის არ ვხმარობ სახის კრემებს, რომ ფორები კიდევ უფრო არ დაიხშოს და კანმა ისუნთქოს. დიდი ხნის განმავლობაში ვიყენებდი ზეთებსაც (აფთიაქში აუმრავი ზეთოვანი ვიტამინი იყიდება), მაგრამ ახლა არც ზეთებს და არც გამწმენდ რძეს ვხმარობ. მყავს კოსმეტოლოგი, რომელიც ამზადებს მცენარეულ საცხებს და ჩემი კანის საჭიროებიდან გამომდინარე ვისვამ ხოლმე ამ საცხებს (მაგალითად, ზაფხულში რუჯის მერე). ეს კრემები მორგებულია ჩემს კანზე. ასე რომ, კოსმეტიკის საყვარელი ბრენდი არ მაქვს. გარდა ამსია, რეგულარულად ვსვამ რკინის შემცველ ვიტამინებს, მაგნიუმს, კალცს. მაქვს „ვიადერმი,“ რომელიც ძალიან კარგად მოქმედებს კანზეც, თმაზეც და ფრჩხილებზეც.

    რა ინტენსივობით ხმარობთ მაკიაჟს?

    ზაფხულში მაქსიმუმ ტუში წავისვა. ზოგადად კი ბევრი მაკიაჟი არ მიყვარს. ძალიან მომწონს როდესაც თვალი არის გამოკვეთილი. ამ შემთხვევაში ტუჩზე ბუნებრივი ფერის ტუჩსაცხს ვისვამ. თუ ტუჩის გამოკვეთა მინდა, მაშინ თვალებზე აღარ ვაკეთებ აქცენტს.

    დეკორატიული კოსმეტიკის რომელ ბრენდებს ანიჭებთ უპირატესობას?

    ვხმარობ „კიკოს“ ტუჩსაცხს. ძალიან კარგია, დღის განმავლობაში არ გადადის და საღამოს ძლივს იშორებ. ჩემს შვილს ჩამოაქვს ხოლმე იტალიიდან. ასევე მომწონს „დიორის“ კოსმეტიკა და „მაკის“ ფანქრები.

    რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ბუნებრიობა და სილამაე?

    კარგ ხასიათზე უნდა იყო. მე მაგალითად, ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ. სულ ნეგატიური ინფორმაციაა, ნერვები მეშლება ხოლმე და ეს აისახება განწყობაზე. ცუდი განწყობა კი თვალებს აქრობს. როდესაც რაიმეზე ნერვიულობ, როგორი მაკიაჟიც არ უნდა გაიკეთო და რაც არ უნდა ჩაიცვა, მაინც გეტყობა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც აბსოლუტურად უმაკიაჟოდ გავსულვარ გარეთ და უთქვამთ რა მაგრად გამოიყურებიო. სტრესის დროს ნერვული უჯრედების აღდგენა აღარ ხდება, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ნერვებს და თუ შეგვიძლია, მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ თავიდან სანერვიულო. სტრესის მოსახსნელად ძალიან კარგია ბუნება. ძალიან მიყვარს ტყე, ბალახი, ზღვა, მთა… ძალიან მამშვიდებს.

    ხშირად იწყობთ ასეთ განტვირთვას?

    სულ ვციდობ, რომ 2-3 დღით მაინც მოვწყდე ხოლმე ასფალტს და ჩავისუნთქო სუფთა ჰაერი. 1 თვე რომ სახლში იყო და არაფერი აკეთო, ისე ვერ დაისვენებ როგორც ბუნებაში, თუნდაც 3 დღეში. პეიზაჟები, ნაწვიმარი ბალახის სუნი, ჰაერი, დადებით ენერგიას მაძლევს და მავსებს. ყველას უკვირს მაგრამ ზღვაზე მეტად მთა მიყვარს. ზღვა 1 კვირაშ მბეზრდება. ძალიან მიყვარს ყაზბეგის „რუმსში“ ყოფნა და იმ ხედის ყურება. მგონია ხოლმე, რომ სულიერი კავშირი მაქვს სამყაროსთან. ახლა სვანეთში ვაპირებ წასვლას. ბუნება რაც უფრო მოუვლელია მით უფრო საინტერესოა და მიზიდავს.

    როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

    მარჯანიშვილის თეატრში მალე რეპეტიციები დამეწყება. სპექტაკლს ჰქვია „ვარდის სვირინგი“ და მოგვითხობს ქალის ისტორიას, რომელსაც მე ვთამაშობ. ახალგაზრდა რეჟისორი დგამს და მასზე მუშაობა სექტემბრიდან დაიწყება. ჯერჯერობით დაზუსტებით მხოლოდ ეს ვიცი.’

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი