Erborian–ის ბესთსელერი BB და CC კრემები რომ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოს ბაზარზე, ამას როგორც პროდუქტის გაყიდვები, ამავდროულად უამრავი კმაყოფილი მომხმარებლის განხილვა და უკუკავშირი მოწმობს. ამიტომ გადავწყვიტე ამ სტატიაში გაგიზიაროთ კიდევ ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტის Milk & Peel Mask-ის განხილვა.
ეს ნიღაბი შექმნილია მათთვის, ვისაც ერთი პროდუქტის გამოყენებით სურს შეამციროს სებაციური ფილამენტების ვიზუალი და ნაზად მოაშოროს მკვდარი უჯრედები ისე, რომ კანი დატოვოს რბილი და გლუვი.
შემადგენლობაში პროდუქტს მეორე ინგრედიენტად აქვს კაოლინი, რომელიც ბუნებრივი თიხის მინერალია, ამცირებს კანზე ცხიმიანობას და სებაციურ ფილამენტებს (რომელიც ხშირად შავ წერტილებში გვერევა). ფილამენტები არის ნაცრისფერი ან ყავისფერი შეფერილობის წვრილი ძაფები, რომლებიც ძირითადად ცხვირსა და ნიკაპზე ჩნდება, ბუნებრივია და კანს ცხიმის გადატანასა და დატენიანებაში ეხმარება. მათი მოშორება შეუძლებელია, თუმცა ვიზუალის შემცირებაში ერთ-ერთი საუკეთესო ინგრედიენტია კაოლინის თიხა.
ნიღაბი ასევე შეიცავს სეზამის თესლის ზეთს, რომელიც ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავების ბუნებრივი წყაროა, ხელს უწყობს კანის ჯანსაღი ბარიერის შენარჩუნებას და მისი ანტიოქსიდანტური მოქმედების გამო აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.

ამ ორ სუპერ ინგრედიენტთან ერთად, Milk & Peel Mask დამატებით შეიცავს ისეთ ანტიოქსიდანტ და კანის დამამშვიდებელ ექსტრაქტებს, როგორებიცაა მწვანე ჩაის, ცენტელა აზიატიკას, ძირტკბილას ფესვის, სეზამის, გვირილის, როზმარინის ფოთლისა და Polygonum Cuspidatum ფესვის ექსტრაქტები. მათი ერთობლიობა აუმჯობესებს კანის ტექსტურას, ხდის მას უფრო გლუვს და ბზინვარეს.
შეგიძლიათ, გამოიყენოთ კვირაში მაქს. 2-ჯერ, როგორც დილის, ასევე საღამოს რუტინაში. წაისვით თხელი ფენა სუფთა და მშრალ კანზე, აუცილებლად მოარიდეთ თვალებსა და ტუჩებს და გაიჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ წრიული მოძრაობით, თბილი წყლით და შემდეგ დაიტანეთ შრატი და დამატენიანებელი (დღის განმავლობაში არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი).
მოუხდება ყველა ტიპის კანს, განსაკუთრებით კომბინირებულს ან ცხიმიანობისკენ მიდრეკილს. მშრალი კანის შემთხვევაში გირჩევთ გაეცნოთ ერბორიანის სხვა ნიღბებსაც, რადგან არჩევანი საკმაოდ დიდია.











