ერთ სივრცეში გაერთიანებული ტრადიციები, კულტურა და თანამედროვე საქართველო

    ნინო ჩუბინიშვილის გამოფენაზე რომ ვნახე ნათელა ფოცხვერია წინა პოსტში გითხარით, მაგრამ ის აღარ მითქვამს, რომ მერე საკმაო ხანს ვილაპარაკეთ და ბევრი ახალი, საინტერესო რამე გავიგე – IERI-ს შექმნის ისტორია მომიყვა და მანახა ანბანი, საიდანაც დაიწყო ყველაფერი.

    ნათელა ფოცხვერია:

    “IERI-ს ისტორია “იერის” ისტორია ანბანით დაიწყო, რომელიც ჩვენი მფლობელის მამამ გააკეთა. მასში ყოველი სიტყვა, ასო, ორნამენტი ხელით არის დახატული. ამ წიგნის 150 ეგზემპლარი არსებობს და სპეციალური პრინტით არის დაბეჭდილი, რაც შეხებისას კარგად იგრძნობა. არსებობს ასეთი კომპანია Heritage და სწორედ მისი ერთ-ერთი პროექტია IERI.”

    უნიკალური ანბანიდან უნიკალურ კონცეპტუალურ მაღაზიამდე

    “ეს ანბანი ორი ძალიან ცნობილი მხატვრის, მამუკა შენგელიას და გოჩა კაკაბაძის შემოქმედებაა (მათ ძალიან ბევრი ხატი დაწერეს და ბევრი ეკლესია მოხატეს). ჩვენი ბაზრის განვითარების პარალელურად ოჯახს სურვილი გაუჩნდა, რომ გაეკეთებინა სივრცე, რომელიც ქართული კულტურისადმი იქნებოდა მიძღვნილი. მოვლენები ისე განვითარდა, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი კონცეპტუალურ მაღაზიაში გადაიზარდა. როგორც აღმოჩნდა, ქართული მოდა ახლა ყველაზე დიდი განვითარების ეტაპზეა და აქამდე არ იყო ისეთი სივრცე, სადაც ყველა წამყვანი ქართველი დიზაინერი იქნებოდა წარმოდგენილი. ჩვენთან დღეს უკვე 25 ქართველი დიზაინერია წარმოდგენილი.”

    ექსკლუზიური ბრენდები

    “გარდა იმისა, რომ IERI-ში საქართველოში მოღვაწე დიზაინერების ნამუშევრებია წარმოდგენილი, ჩამოვიტანეთ TATA NAKA-ს და DAVID KOMA, იგივე დავით კომახიძის ნამუშევრებიც (ექსკლუზიურად, მხოლოდ ჩვენთან). შემდეგი სეზონიდან თანამშრომლობას ვიწყებთ მაკა კვიციანთან (ბრენდი DALOOD), ასევე ANOUKI-სთან. თბილისში, მის მაღაზიაში ძირითადად MISS AMOUKI-ს ხაზი იყიდება. პირველი ხაზი ANOUKI საქართველოში არ არის და მალე მხოლოდ ჩვენთან იქნება წარმოდგენილი.”

    ქართული იერი

    “გვინდოდა, ამ სივრცეში გაგვეერთიანებინა ტრადიციები, კულტურა და თანამედროვე საქართველო. ჩვენი მარგალიტი არის “სამოსელი პირველი.” ზოგადად, უცხოელები საქართველოს ძალიან სტერეოტიპულად აღიქვამენ და ჩვენი მიზანია ეს შევცვალოთ, დავანახოთ, რომ საქართველო მხოლოდ მთა, ღვინო, ხინკალი და ხაჭაპური არ არის; რომ ეს არის ძალიან ღრმა კულტურისა და ტრაგიკული ისტორიის მქონე ქვეყანა. IERI არის ზუსტად ის უნიკალური სივრცე, რომლის ისტორიაც ანბანით, სიტყვით, ასოთი დაიწყო, განვითარდა და იქცა ასეთ ქართულ პროექტად, ქართული იერით. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ და გავავითაროთ ქართული იერი.”

    P.S. ნათელას ულამაზესი თვალები აქვს.

     

    გვანცა დელიბაშვილი

    რედაქტორი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი