ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები

    მსოფლიოში დაახლოებით 300 მილიონ ადამიანს აქვს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, მაგრამ ითვლება, რომ მათგან ნახევარზე მეტმა არ იცის ამის შესახებ. ფარისებრ ჯირკვალს პეპლის ფორმა აქვს და ტრაქეის წინ მდებარეობს. იგი ნივთიერებათა ცვლის მთავარი რეგულატორია. ფარისებრი ჯირკვალი მჭიდრო კავშირშია და აქტიურად მუშაობს თავის ტვინის 2 ნაწილთან. პრობლემები აღმოცენდება მაშინ, როდესაც ის ვერ უზრუნველყოფსსისხლში ჰორმონების აუცილებელი რაოდენობის მიწოდებას.

    ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი მაია ხუბუა გვესაუბრა:

    თუ ფარისებრი ჯირკვლის აქტიურობა დაქვეითებულია, ის მცირე რაოდენობით გამოიმუშავებს თირეოიდულ ჰორმონებს, რის შედეგადაც ვითარდება ჰიპოთირეოზი და ნელდება ნივთიერებათა ცვლა. თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია გაძლიერებულია, ის ჭარბი რაოდენობით გამოიმუშავებს ჰორმონებს, რაც იწვევს ჰიპერთირეოზისგანვითარებას. ამას თან ახლავს ნივთიერებათა ცვლის გაძლიერება. ჰიპოთირეოზი და ჰიპერთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ორი ფართოდ გავრცელებული პათოლოგიაა. ჰიპოთირეოზი ქალებში 8-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში.

    ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის გამოვლინებები ინდივიდუალურია და ზოგიერთ შემთხვევაში არ ახლავს სიმპტომები. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

    ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა (ჰიპოთირეოზი და ჰიპერთირეოზი) ორგანიზმის განსხვავებული მდგომარეობებია, მაგრამ ორივე შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ფარისებრი ჯირკვლის მოცულობის გადიდება (ჩიყვი). ამასთან, ის ხდება შესამჩნევი და ისინჯება კისრის წინა ზედაპირზე, კანის ქვეშ. მისი ძირითადი მიზეზია იოდის დეფიციტი. ჰიპოთირეოზის სიმპტომები და გამოვლინებები ძალიან ჰგავს სხვა გავრცელებული დაავადებების სიმპტომებს, ამიტომ ხშირად რჩება არადიაგნოსტირებული. ძირითადი ცვლილებები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, არის:

    • დაღლილობა, ძილიანობა და/ან სისუსტე
    • სიცივის აუტანლობა
    • მეხსიერების გაუარესება
    • წონაში მატება ან წონაში კლების გაძნელება (მიუხედავად დიეტის დაცვისა და ფიზიკური დატვირთვისა)
    • დეპრესია
    • ყაბზობა
    • არარეგულარული მენსტრუაცია და/ან უშვილობა
    • კუნთების ან სახსრების ტკივილი
    • თხელი და მტვრევადი თმა და/ან მშრალი, აქერცვლადი კანი

    ჰიპერთირეოზი გვხვდება უფრო იშვიათად, ვიდრე ჰიპოთირეოზი. მისი ძირითადი სიმპტომებია:

    • წონის კლება (ჩვეული კვების რეჟიმის დროსაც)
    • შფოთვა და გაღიზიანებადობა
    • გახშირებული გულისცემა (ხშირად 100-ზე მეტი დარტყმა წუთში)
    • ფართოდ გახელილი, ,,წინ წამოსული” თვალები (დამახასიათებელი გრეივსის დაავადებისთვის)
    • ხელების კანკალი
    • ძლიერი სისუსტის შეგრძნება
    • თმის ცვენა
    • გახშირებული კუჭის მოქმედება
    • ფრჩხილების სწრაფი ზრდა
    • თხელი და ძალიან გლუვი კანი
    • ოფლის გაძლიერებული გამოყოფა
    • მენსტრუალური ციკლის დარღვევა

    ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის სიმპტომები უსიამოვნოა და შეიძლება ნეგატიურად აისახოს თვითშეფასებაზე, ურთიერთობებზე (სახლში და სამსახურში). თუმცა, ექიმებს ყველაზე მეტად ის ფაქტი აღელვებთ, რომ მკურნალობის გარეშე, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი, სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.

    რამდენად არის ასაკზე ან სქესზე დამოკიდებული ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია? 

    ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება ავადობა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ხანდაზმულ პაციენტებში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები ხშირად რჩება არადიაგნოსტირებული, ვინაიდან, ამ დროს სიმპტომები ნაკლებად გამოხატულია. აგრეთვე, სიმპტომები შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ,,დაბერების პროცესის” გამოვლინება, რის შედეგადაც იზრდება რისკი იმისა, რომ ადამიანებმა ვერ მიიღონ შესაბამისი მკურნალობა.

    კანის, თმისა და ფრჩხილების რა პრობლემებს იწვევს ჰიპოთირეოზი და ჰიპერთირეოზი?

    ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ხანგრძლივი დარღვევა ნეგატიურად აისახება თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე. დასუსტებული და მტვრევადი თმა ადვილად ცვივა (შესაძლებელია თმის ბუდობრივი (ლოკალური) და ზოგადი ცვენა). ამ პრობლემის იგნორირებამ შეიძლება გამოიწვიოს თმის მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირება თავზე, წარბებზე, იღლიის ფოსოებში, ბოქვენის არეში. ასევე ფრჩხილები ხდება მტვრევადი, მათზე ჩნდება ჩაღრმავებები, ხაზები, თეთრი ლაქები. ჰიპოთირეოზის დროს დარღვეულია ღვიძლის მიერ A ვიტამინის გამომუშავება, შესაბამისად, აღინიშნება კანის სიფერმკრთალე და მოყვითალო ელფერი, ირღვევა ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების მუშაობა, მათი არასაკმარისი სეკრეცია კი იწვევს კანის სიმშრალეს და აქერცვლას. ჰიპერთირეოზის დროს კანის საფარი, პირიქით, გლუვია და ხავერდოვანი. ამის მიზეზია სსისხლის მიმოქცევის და დატენიანების გაძლიერება. თმის ღერი შესამჩნევად წვრილდება და ხდება რბილი.

    თუ კანის, თმისა და ფრჩხილების პრობლემა ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით არის გამოწვეული, რეკომენდებულია თუ არა მედიკამენტებთან ერთად სხვა გარეგანი და შინაგანი საშუალებების გამოყენება?

    ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა აისახება გარეგნობაზე და ძალიან ხშირად, სწორედ ეს უფრო აწუხებთ ქალბატონებს, ვიდრე ზოგადი მდგომარეობის გაუარესება. მისი სიმპტომებია: მშრალი, უსიცოცხლო კანი, არაჯანსაღი ელფერი, თვალების ირგვლივ შეშუპება, თმის მოცულობის შემცირება და მბზინვარების დაკარგვა, ფრჩხილების აშრევება და ა.შ.  შესაბამისად, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დარღვევების სწრაფი აღდგენა, რისთვისაც რეკომენდებულია მედიკამენტებთან ერთად სხვა გარეგანი და შინაგანი საშუალებების გამოყენება.

    რამდენად ხშირად მიმართავთ ნუტრიკოსმეტიკურ საშუალებებს, მაშინ როდესაც თქვენი პაციენტები უჩივიან კანთან, თმასთან და ფრჩხილთან დაკავშირებულ პრობლემებს ?

    უნდა აღინიშნოს, რომ ნუტრიკოსმეტიკური საშუალებებს აქვთ გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური ეფექტი. ნუტრიკოსმეტიკა ორგანიზმს აწვდის საჭირო მიკროელემენტებს – ფლავონოიდებს, ამინომჟავებს, ფიტოესტროგენებს, წყლის ბალანსის და კანის ელასტიურობის შენარჩუნებისთვის აუცილებელ კოლაგენისა და ელასტანის წარმოქმნის მასტიმულირებელ ნივთიერებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სილამაზის შენარჩუნებისთვის. ნუტრიკოსმეტიკური პრეპარატები გვეხმარება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული კანის, თმის და ფრჩხილების პრობლემების შედარებით სწრაფ და ეფექტიან მოგვარებაში. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს კი სპეციალური მკურნალობა ესაჭიროება.

    შესამჩნევია თუ არა მკურნალობის შემდეგ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების შემსუბუქება?

    ექიმთან დროული მიმართვის, დიაგნოზის დასმის და  მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში ამ გამოვლინებების უმრავლესობა იკურნება. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების მოგვარება ხელს უწყობს კანის ფერის და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, თმის ცვენის შემცირებას, ფრჩხილების გამაგრებას.

    რამდენ ხანში ერთხელ უნდა მივმართოთ ექიმს და როგორ უნდა ვაკონტროლოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია?

    ხშირად, დიაგნოზის დასმის შედეგად, ზოგი დეპრესიაში ვარდება, ასევე არის შემთხვევები, რომ არ ჰყოფნით ნებისყოფა და უნარი, გაიარონ შესაბამისი მკურნალობა. მთავარია იმის გაცნობიერება, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები კარგად ემორჩილება მკურნალობას. ზოგჯერ, პაციენტს არ აქვს არანაირი ჩივილი და ვერ აცნობიერებს, რატომ უნდა იმკურნალოს. ზოგ შემთხვევაში, პრეპარატის მიღების შეწყვეტისას პირვანდელი სიმპტომები კვლავ იჩენს თავს. მდგომარეობის გაუმჯობესება საგრძნობი ხდება გარკვეული პერიოდის შემდეგ. ძალიან ხშირად დროა საჭირო იმისთვის, რომ სწორად შეირჩეს მკურნალობის სქემა და პრეპარატების მიღების რეჟიმი, მაგრამ როგორც კი ოპტიმალური მკურნალობის მეთოდი დაინიშნება, დადებითი შედეგი მალე დგება. რაც შეეხება ექიმთან ვიზიტის სიხშირეს, ეს დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე, პაციენტის ინდივიდულურ თავისებურებებზე (ფიზიკური და ფსიქოლოგიური), მკურნალობის სქემის ადეკვატურობასა და ეფექტურობაზე.

    წინ ზაფხულის ცხელი დღეებია, რა რეკომენდაციებს მისცემდით ჩვენს მკითხველს, თუ მათ აღენიშნებათ ენდოკრინული სისტემის პრობლემა?

    ზაფხულის დადგომა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის მქონე ბევრ პაციენტს აღელვებს. “ზაფხულის რეჟიმზე” გადასვლისას ჩვენი ნივთიერებათა ცვლა და ჰორმონების დონე ადაპტაციას განიცდის მომატებულ ტემპერატურასთან, მზის აქტივობის ზრდასთან, კვების რაციონის ცვლილებასთან. ამ გადაწყობის პერიოდში, ორგანიზმში ჰორმონების და ფერმენტების თანაფარდობა დარღვეულია, ამიტომ ფარისებრ ჯირკვალს მუშაობა უწევს ექსტრემალურ პირობებში. იმუნური სისტემის სეზონური დასუსტება ამწვავებს ნეირო-ვეგეტატიური სისტემის რეაგირების პროცესებს, აღრმავებს კანის დაავადებების გამოვლინებებს. ამ სიტუაციაში ორგანიზმისთვის გარკვეული დახმარების გაწევა ნუტრიკოსმეტიკურ საშუალებებსაც შეუძლია. პაციენტები, რომლებსაც აქვთ ჰიპერთირეოზი და ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნები, უნდა მოერიდონ მზეზე დიდხანს ყოფნას. იმავეს ვურჩევ იმ ადამიანებსაც, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები არ აწუხებთ, რადგან ჭარბი ინსოლაცია შეიძლება აუტოიმუნური პროცესის მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს. მაგრამ, აქვე აღვნიშნავ, რომ მზის აბაზანების ზომიერი და სწორი მიღება ვიტამინ D-ს მარაგის შესავსები ბუნებრივი საშუალებაა და საჭიროა ამ შესაძლებლობის “ჭკვიანურად” გამოყენება.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი