გიგა უჩუვატოვი: „ყველას, ვისაც სურვილი აქვს, დიზაინერი ვერ ერქმევა“

    საქართველოში მოდის სფეროს განვითარების ლოგიკური და სასიამოვნო ეტაპი ქართველი მოდის ბლოგერების გამოჩენა იყო. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, ნიჭიერი, მიზანდასახული და წარმატებული გიგა უჩუვატოვია. 20 წლის ასაკში აქვს საკუთარი ბლოგი Bigsie Magazine, არის სტილის პედაგოგი, აკეთებს ბრენდინგს და არის პოპულარული ინფლუენსერი… ეს ყველაფერი ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებებით დაიწყო. მოდის სიყვარულმა, შრომისმოყვარეობამ და რაც მთავარია, ნიჭმა ძალიან მალე მოუტანა პოპულარობა. დღეს უკვე მისი შეფასებები ყველასთვის მნიშვნელოვანია და ხშირად ეკითხებიან აზრს. წარმოგიდგენთ გიგა უჩუვატოვის წარმატების ისტორიას:

    „მოდის სფერომ ადრეული ასაკიდან დამაინტერესა, როდესაც დამოუკიდებლად დავიწყე სხვადასხვა ლუქების გამიქსვა. ბავშვობიდან ძალიან აქტიური ვიყავი, ყოველთვის ვცდილობდი გამორჩეული ვყოფილიყავი. კვირაში ერთხელ მაინც ვშოპინგობდი. მოდით დაინტერესება მხოლოდ ჩაცმით შემოიფარგლებოდა. ამ სფეროს შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მქონდა, არ ვიცოდი ვინ ვინ იყო. საერთოდ ამბობენ, რომ მოდის თვალით იბადები და თუ ამბიციურობად არ ჩამითვლით ვიტყვი, რომ მეც ალბათ ასეთი დავიბადე. მგონი ცხოვრებაში არაფერი ხდება უმიზეზოდ. ნელ-ნელა დავინტერესდი სხვადასხვა წიგნებით. ძალიან ბევრს ვკითხულობდი ბავშვობიდან. ზოგადად, ძალიან ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავი.

    გაიხსენე შენი პირველი შეხება მოდი სფეროსთან, ვინ ან რამ იქონია გავლენა?

    10 წლის ვიყავი, ბათუმში ვისვენებდი როდესაც ჩემ წინ, მოედანზე პოდიუმი მოაწყვეს (ოღონდ მაშინ არ ვიცოდი რომ ეს პოდიუმი იყო), გადაკეტეს გზა, შეიკრიბა ხალხი… ვიდექი და 3-4 საათის განმავლობაში გაოცებული ვუყურებდი ყველაფერს, არ მოვშორებივარ. მოდელები რომ გამოვიდნენ მეგონა აქცენტი მათზე იყო და არა ტანსაცმელზე. დღემდე მახსოვს ის მელოდია, რომელიც ფრანგმა დიჯეიმ შექმნა. მახსოვს მოდელებიც, ყველა დეტალი. ბარიერს უკან ვიდექი და ვუყურებდი ამ ყველაფერს. მაშინ ვიფიქრე – მინდა წინ დავჯდეთქო. ახლახან გავიგე, რომ ეს იყო ირაკლი ნასიძის ჩვენება. ყველაფერი სწორედ ამ დღიდან დაიწყო: ვუყურე ფილმს „ეშმაკს აცვია პრადა,“ წავიკითხე კოკო შანელის ბიოგრაფიული წიგნი. შემდეგ სხვა დიზაინერების ბიოგრაფიებსაც გავეცანი. მალევე მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა ჩვენებებს დავსწრებოდი. შემთხვევით გავიგე, რომ პრესას შეეძლო დასწრება. თუმცა, არც ერთი პრესის წარმომადგენელი ვიყავი. ამიტომ, ავდექი და იუთუბზე მოვძებნე როგორ კეთდება ბლოგი. მაშინ 15 წლის ვიყავი. გავაკეთე ეს ბლოგი, დავდე რამდენიმე სტატია და გავუშვი. „თბილისის მოდის კვირეულიდან“ მალევე მომივიდა თანხმობა. ავარჩიე ლუქი და წავედი.

    თავიდან დაბნეული ვიყავი და არ ვიცოდი რა ხდებოდა, ტელევიზორიდან ორგანიზატორებს და ზოგიერთ დიზაინერს კი ვცნობდი, მაგრამ ყველას არა. პირველი სტატია ეხებოდა პრესკონფერენციას – მეგონა ეს იყო მოდის კვირეული. ძალიან გამოუცდელი ვიყავი. ნელ-ნელა გავერკვიე ყველაფერში – ვინ ვინ იყო, ვინ რას აკეთებდა… ვაკვირდებოდი ძალიან ბევრს. ხშირად მარტოც დავდიოდი. მერე უკვე შემოვიკრიბე კონტაქტები (მათ შორის ბლოგერები, ფოტოგრაფები) და მოგვიანებით, ფოტოაპარატიც შევიძინე – არასოდეს მყვარებია მასალის მოპარვა.

    როგორც ვიცი, ფოტოგრაფიით დაიწყე.

    კი, როგორც ყველა ბლოგერმა, მეც ფოტოგრაფიით დავიწყე. პირველი სტატია იყო სუფთად ჟურნალისტური, გიგა უჩუვატოვი იქ არ ჩანდა. ბლოგერის პლატფორმა გავაკეთე, მაგრამ სტატიების ფორმა ჰქონდა ჩემს ნაწერს. მერე აპარატი გვერდით გადავდე. არ მსიამოვნებდა და არც გამომდიოდა ეს გადაღება (რაც არ გამოგდის თავს ვერ დააძალებ). მოკლედ, ჩავერთე წერაში, მუდმივად ვწერდი. მალევე წამოვიდა დაინტერესება ჟურნალებიდან, რამდენიმე ჟურნალში გამოვაქვეყნე ჩემი ნაწერები, გავიცანი ხალხი. 2019 წლამდე სულ მოდაზე ვწერდი. პარალელურად დავიწყე ინფლუენსერობაზე ფიქრი (იმაზე ადრე, ვიდრე ჩვენთან ეს ტერმინი გაჟღერდებოდა) და ინსტაგრამზე კონტენტის შექმნა (ფოტომასალა, ბრენდები). ვთანამშრომლობდი სხვადასხვა ბრენდებთან. საერთოდ, ფრილანსერობა მირჩევნია, მუდმივად ვიცვლი ადგილს, მიყვარს მრავალფეროვნება და ბევრი რაღაცის გაგება. 2-3 თვე მიმუშავია სხვადასხვა ბრენდთან, ბრენდინგი გამიკეთებია.

    განათლება მოდის მიმართულებით მიიღე თუ ეს ის ნიჭია, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ?

    ეს ყველაფერი არ მისწავლია, თავისთავად გამომივიდა (ისე ქართულ ფილოლოგიას ვსწავლობ, მაგრამ ვაპირებ სხვაგან გადავიდე). ბევრს უთქვამს, შენ ხომ მოდის კრიტიკოსი ხარო. არასოდეს არაფერი გამიკრიტიკებია. არასოდეს დავირქმევ მოდის კრიტიკოსს, რადგან შესაბამისი განათლება არ მაქვს. არასწორი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ შემიძლია რამის გაკრიტიკება. მე ვარ ბლოგერი, რომელსაც აქვს თავისი ხედვა.

    რა გზა გაიარეთ შენ და Bigsie Magazine-მა სანამ აქამდე მოხვიდოდით?

    ჩემს ბლოგს თავიდან ერქვა Who is Giga – ვინ არის გიგა. რამდენიმე ბლოგერული პოსტი მქონდა საკუთარ თავზე. შემდეგ იყო We eat diamonds – ჩვენ მივირთმევთ ბრილიანტებს. სილამაზეზე ვიყავი ორიენტირებული, მაგრამ ამან დიდად არ გაამართლა. შემდეგ იყო გიგა უჩუვატოვი და დავიწყე საკუთარი თავის, როგორც პროდუქტის და ინფლუენსერის შეფუთვა/გაყიდვა. საბოლოოდ, 2019 წელს ჩამოვაყალიბე ბლოგი Bigsie Magazine, რომელსაც ვაკეთებ ჩემს გუნდთან ერთად. ამჟამად, მოდისა და სტილის გარდა გვაქვს სპორტის რუბრიკაც; „ლუქ მოდელს მენეჯმენტის“ ოფიციალური მხარდამჭერები ვართ და გვაქვს საერთო რუბრიკა „პორტფოლიო,“ სადაც ქართველ მოდელებს ვაცნობთ საზოგადოებას; გვაქვს კულინარიული რუბრიკა, სადაც ახალგაზრდა ქართველ შეფებზე ვწერთ; ბიზნეს რუბრიკა, სადაც ვწერთ როგორც სტარტაპერებზე, ისე ჩამოყალიბებულ ბიზნესმენებზე; რაც მთავარია, Bigsie Magazine დიდ დროს უთმობს დამწყებ დიზაინერებს, რადგან მათ უფრო ჭირდებათ ხელის წაკვრა. ამის გარდა, შევითავსე სტილისტის პროფესია, ლუქების ასაწყობად მეძახიან გადაღებებზე. კონკრეტული ბრენდებისთვის გადაღებებს თვითონაც ვგეგმავ. ასევე ვარ სტილის პედაგოგი „ლუქ მოდელს მენეჯმენტში.“

    რომელია შენი ფავორიტი დიზაინერი და რამდენად შეიცვალა შენი გემოვნება ამ წლების განმავლობაში?

    თავიდან გაცნობის პროცესში ვიყავი, ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. ყოველთვის ვცდილობ ყველა საკითხში ობიექტური ვიყო  და არასდროს არავის ვაკრიტიკებ. ახლა უკვე მყავს ჩემი ფავორიტები და იმის უფლებასაც ვაძლევ ხოლმე თავს, რომ ვიღაცაზე ვთქვა, რომ არ მომწონს. ბაზარიც ძალიან გაიზარდა და უკვე გვაძლევს ამის საშუალებას. თუ წლების წინ, ლამაზი მანდილოსნისთვის, რომელსაც პროფესია არ ჰქონდა, სასურველი საქმიანობა იყო მომღერლობა და ყველა მღეროდა, ახლა დიზაინერობაა ასე. ჩემი დაკვირვებით, მომდევნო წლებში დიდი რაოდენობით დიზაინერების ჩამოყალიბებამ საქართველოში შეიძლება პროდუქტი გააუფასუროს კიდეც. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, დიზაინერი ვერ ერქმევა. მე თუ ჩანთებს ვპრინტავ, ეს არ ნიშნავს, რომ მე დიზაინერი ვარ, ან ბრენდი.

    რაც შეეხება ფავორიტებს. ძალიან მომწონს თამუნა ინგოროყვა, რომელსაც მუდამ ძალიან დახვეწილი კონსტრუქციით აქვს შექმნილი კოლექციები. ასევე მომწონს ჯაბა დიასამიძე, რადგან ესთეტიურად ძალიანახლოს არის ჩემთან. მინდა გითხრათ, რომ ვეწინააღმდეგები თრეშ ტენდენციას – არ მომწონს, ვერ მივიღე, ვერ გავიგე. დემნა გვასალიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ბალენსიაგას და ვეტმენტს ვერ ჩავიცვამ. პატივს ვცემ კლასიკას, ის იქნება მუდმივად და ვერაფერი შეცვლის. ჯაბა სწორედ ის კლასიკოსია, რომელიც თავისი ნიშით შემორჩა. ძალიან კარგი შოუმენია და არაჩვეულებრივ პერფორმანსებსაც აკეთებს. წლების წინ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენება, რადგან კოლექციები ჩვენებებით იყიდებოდა – ეწყობოდა ოტ კუტიური, სალონური მიღებები, ჰქონდა ცოტა შოუს სახე, შეფუთვა. დღეს კი კოლექცია შეიძლება კამპანიით, ინფლუენსერის რჩევით გაიყიდოს.ბოლო წლებში ეს დაიკარგა, პოდიუმი დაემსგავსა საჯირითო მოედანს, სადაც მოდელებს ერთი სული აქვთ, მეორე ჩვენება როდის დაიწყება. ყველაფერი დაჩქარებულია და კოლექციის აღქმა ძალიან რთულია. ქალაქში უკვე ორი კვირეული არსებობს, ორმოცამდე მონაწილე დიზაინერით. ამიტომ, ძალიან რთულია გამოარჩიო ფავორიტი ან ვინმე დაიწუნო. შეფასებაც გიჭირს. ჯაბა ის დიზაინერია, ვისთვისაც უნდა მოემზადო, მიხვიდე და ისიამოვნო კონცეფციით, კოლექციით, შოუთი. ასევე ძალიან მომწონს ანუკი – მას თავისი ნიშა აქვს;  დათუნა სულიკაშვილი, მის ბოლო ჩვენებასაც გამოვარჩევდი; ბესარიონი, რომელსაც წელს 10 წლის იუბილე ჰქონდა. მომწონს გიორგი ქებურიაც. არ მინდა ვინმე გამომრჩეს.

    ახალბედა დიზაინერებზე რას იტყვი?

    დამწყებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია „მერსედეს ბენცის მოდის კვირეული,“ რადგან დიზაინერებს საშუალებას აძლევს გააკეთონ შოურუმი. „ბინექსთი“ ძალიან კარგი პლატფორმაა იმისათვის, რომ განვითარდნენ და ჩამოყალიბდნენ. ძალიან ხშირად, „ბინექსთის“ მონაწილეები „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ სრულფასოვანი მონაწილეები ხდებიან. აქედან გამოვარჩევდი აკა პროდიაშვილს. ის ძალიან მალე, ორ გამოსვლაში გაიზარდა და დეიზდის ასეულში შევიდა, როგორც ყველაზე გამბედავი დიზაინერი. ლედი გაგასაც ეცვა მისი სამოსი სულ ცოტა ხნის წინ. დიდი ხანი არ არის რაც მოღვაწეობს, მაგრამ მისი პოტენციალი თავიდანვე დავინახე. მის ორივე ჩვენებაზე შევედი ბექსთეიჯში. ეს არის ადამიანი, ვინც ყველაზე კრიტიკულია თავისი თავის მიმართ. არასოდეს არის კმაყოფილი. მიუხედავად ამისა, ძალიან თავდაჯერებულია. ეს არის ის თვისებები, რაც ადამიანს ბოლომდე განავითარებს.

    როგორი სტილი მოგწონს და რას არ ჩაიცვამ?

    იმდენად ხშირად ვუსვამ ჩემს რესპოდენტებს ამ კითხვას, რომ თავად არც დავფიქრებულვარ. ვერ ვიტყვი რომ ერთი სახასიათო სტილი მაქვს. ჩემი სტილი ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია. ინსტაგრამსაც რომ გადახედოთ ნახავთ, რომ სულ სხვადასხვა რაღაც მაცვია. თუმცა, ბოლო დროს ჩემი სტილი უფრო მონოქრომული გახდა – უფრო კომფორტული და სამუშაო. მომწონს ფართო მაისურები, კლასიკური შარვალი (ზოგადად, კლასიკის დიდი თაყვანისმცემელი ვარ). რასაც არ ჩავიცვამ არის ჯინსები. ცოტა ხნის წინ გარდერობში ბევრი ჯინსის შარვალი აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ვერასოდეს ჩავიცვამ. ჯინსის მიმართ გამიუბრალოვდა დამოკიდებულება. პოსტიც დავდე ამაზე და ბევრი გამომეხმაურა. წელს მოდაში შემოვიდა ორეულები. ქართველი დიზაინერები ძალიან ხშირად მიკერავენ და მადლობა მინდა ვუთხრა მათ. ზოგადად, კლასიკურ შარვალს იმდენად მივეჩვიე, რომ სპორტულ ლუქზეც შემიძლია მეცვას კლასიკური შარვალი.

    საქართველოში ქალებისთვის უფრო მეტი ტანსაცმელი იქმნება. როგორ ფიქრობ, მამაკაცები დაჩაგრულები არიან ამ მხრივ?

    დაჩაგრულები არიან და სულ ამას ვამბობ. ის ქართული ბრენდები, რომლებსაც ვიცვამ, ძირითადად ქალებისთვისაა. თუმცა, ჩემთვის გამონაკლისს უშვებენ ხოლმე და კერავენ მამაკაცის მოდელს. მყავს ფავორიტი დიზაინერები, რომლებიც მხოლოდ კაცზე მუშაობენ. მაგრამ მამაკაცები მაინც დაჩაგრულები არიან. პრინციპში, მოთხოვნაც არ არის.

    რატომ?

    მამაკაცებს რატომღაც ურჩევნიათ, რომ „ზარაში“ ან „მასიმო დუტიში“ წავიდნენ. ქართველ მამაკაცებს შორის მოდა და დიზაინერები მაინც ნაკლებად პოპულარულია. ქალი სხვანაირი ნატურაა და უფრო აინტერესებს რა იქმნება ახალი. როდესაც მსოფლიო ვარსკვლავები იცვამენ ქართველ დიზაინერებს, ტიპური ქართველი გოგონაც ჩაიცვამს ქართველ დიზაინერს. კაცისთვის (თუმცა არა ყველასთვის), მთავარია კარგად გამოიყურებოდეს და სულ არ აინტერესებს „ავთანდილი“ ეცმევა თუ „მასიმო დუტი.“ თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ მამაკაცებისთვის იქმენბა შესანიშნავი საფულეები, ფეხსაცმელები, საათები, სამაჯურები, სხვადასხვა ტიპის ქამრები. სამხატვრო აკადემიაში ტყავზე მუშაობა ძალიან აქტიურად ისწავლება. სწორედ ეს უწყობს ხელს მამაკაცის აქსესუარების შექმნას. პირადად მე კაპო შუზის მომხმარებელი ვარ. გვანცა დარასელიას და დიმას, იგივე კაპოს ბრენდია. ბევრი წყვილი მაქვს, ძალიან კომფორტულია და მიხარია, რომ მამაკაცის ფეხსაცმელებსაც ქმნიან. რაც შეეხება ქალბატონების ფეხსაცმელებს, თავისი ორიგინალური იდეებით ძალიან მომწონს ნინა ზარქუა. მომწონს „ქროსთიც,“ თავისი იდეით და კონცეფციით. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელი არ ვარ, ძალიან დიდი კომპლიმენტი ჩემგან ამ გუნდს, იციან როგორ გაყიდონ. მგონია, რომ „ქროსთი“ ძალიან მალე გახდება მსოფლიო ბრენდი.

    ცოტა თავის მოვლაზეც ვისაუბროთ და მოგვიყევი თავს როგორ უვლი.

    ჯერ არაფერი ისეთი არ მჭირდება, ვინაიდან 20 წლის ვარ. 18 წლამდე არ მქონია არც გამწმენდი, არც რაიმე კრემი (გარდა საპარსისა და სუნამოებისა, რომლის დიდი მოყვარული ვარ). ბოლო დროს, დაბინძურებული გარემოდან და ალბათ, კვებიდან გამომდინარე დამჭირდა კოსმეტოლოგიური ჩარევები. ახლა უკვე მაქვს ცალკე კუთხე თავის მოვლის საშუალებებით. კვირაში ერთხელ ვიკეთებ სკრაბს. „ნუქსის“ დიდი მოყვარული ვარ და მაქვს მთლიანი კომპლექტი, სახის მოვლის საშუალებები, მზისგან დამცავები, გამწმენდები, დამატენიანებლები. ამ ბრენდ აქვს ჭკვიანი კრემი, რომელიც თვითონ ხვდება სად ჭირდება სახეს დატენიანება. ასევე ძალიან მომწონს ნიშური ბრენდები სხვადასხვა არომატებით. ძირითადად, სახის გასაწმენდად ვიყენებ რძეს და აქტიურად ვხმარობ კანის დამატენიანებელს. ერთ რამეს გასწავლით, ჩემმა კოსმეტოლოგმა მირჩია: ეს არის სანჯღრი, რომელიც აფთიაქში მზადდება სხვადასხვა წამლებისა და სპირტისაგან. ძილის წინ სახიდან მთელ ჭუჭყს ამით ვიშორებ. ვხმარობ ხელის და ტერფის კრემს. თმასაც აქტიურად ვუვლი – ამისთვის ფიტოს პროდუქციას ვიყენებ.

    როგორც ვიცი, ოჯახისწევრებს ძალიან მოსწონთ შენი საქმიანობა და მხარს გიჭერენ.

    ყოველთვის დამოუკიდებელი ბავშვი ვიყავი. ვაკეთებდი იმას რაც მინდოდა და მათგან მხარდაჭერა ყოველთვის მქონდა. ზოგჯერ ვერ იგებდნენ რას ვაკეთებდი მაგრამ მხარს ყოველთვის მიჭერდნენ (ზოგადად, იმდენ რამეს ვაკეთებ, რომ ყველასთვის რთულია გაგება). დედა იმდენად დაინტერესდა მოდით, რომ გავაკეთეთ კოლაბორაციული ბრენდი „უჩუვატოვ ბეგს“ რომელიც დედაჩემის იდეა იყო. ის ქმნის ჩანთებს, მე ვუკეთებ პიარს, ბრენდინგს, მენეჯმენტს. ეს არის ნაქსოვი ჩანთები სხვადასხვა გაფორმებებით. მშობლებიც უკვე მადევნებენ თვალს ინსტაგრამზე, ნახულობენ ჩემს სთორებს, იციან სად ვარ, ვინ ვინ არის და ნელ-ნელა გაერკვნენ კიდეც ამ სფეროში.

    რა არის შენი ყველაზე მთავარი მიზანი და როგორია სამომავლო გეგმები?

    როგორც კი გავიგე რა არის „ვოგი,“ მაშინვე დავისახე მიზანი, რომ უნდა გავხდე „ვოგის“ რედაქტორი, მნიშვნელობა არ აქვს რომელ ქვეყანაში. საქართველოში ჯერ კაი ხანს ვერ შემოვა, რადგან ძალიან რთული პროცესია. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ჩემს საქმიან პარტნიორთნ და თანადამფუძნებელთან ერთად ვგეგმავ ძალიან ძალიან მასშტაბური პროექტს, რომლის ანალოგიც ამიერკავკასიაში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. ეს იქნება ონლაინ გამოცემა ორ ენაზე. ახლახან დავიწყეთ ამაზე მუშაობა და მალე ყველაფერს მოგიყვებით.“

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი