გიორგი ხიდიროვი: “თმის მოვლა არის ყოველდღიური შრომა მთელი ცხოვრების განმავლობაში!”

    მოვლილი, მბზინვარე თმა იდეალური გარეგნობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. იგი ჯანმრთელად და ლამაზად გამოიყურება, თუ სისხლის მიმოქცევა აქტიურია და ორგანიზმი არ განიცდის საჭირო ნივთიერებების დეფიციტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თმა თხელდება, ზიანდება და ცვივა. გარდა ამისა, თმას უამრავი “დარტყმის” გადატანა უწევს – სალონში,  ცხელი ჰაერით დამუშავებიდან დაწყებული, მცხუნვარე მზითა და არასწორი მოვლით დამთავრებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართეთ “ნატალის” არტ დირექტორს, გიორგი ხიდიროვს, რომელმაც ჩვენი მკითხველისთვის სასარგებლო რჩევები არ დაიშურა:

    როგორ უნდა მოვუაროთ თმას, რომ ნებისმიერ დროს იდეალურად გამოიყურებოდეს? 

    თმის მოვლა არის ყოველდღიური შრომა, მთელი ცხოვრების განმავლობაში. შეუძლებელია თმას მოუარო 3 თვე, რამდენიმე კვირა და შემდეგ იმედი გქონდეს, რომ მუდამ მბზინვარე და ჯანმრთელი თმა გექნება. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ნუტრიკოსმეტიკა (“ვიადერმი კომპლიტი”), რომელიც ჩვენს ორგანიზმს შიგნიდან ამარაგებს საჭირო ნივთიერებებით, რაც აუმჯობესებს თმის სტრუქტურას.

    თმის მოვლაში უპირველესად მისი სწორად დაბანა იგულისხმება. წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი. თუ თავის კანი ცხიმიანია, იგი უნდა გასუფთავდეს (დავიბანოთ) ყოველდღე. სხვა შემთხვევაში,  2-3 დღეში ერთხელ დაბანა სავსებით საკმარისია. გარდა ამისა, თმას მბზინვარებას და ჯანსაღ იერს მატებს სწორად შერჩეული შამპუნი და კონდიციონერი.

    რეალურად, შველის თუ არა ნიღბები და შამპუნები გაყოფილ ბოლოებს და დაზიანებულ თმას?

    თმის სხვადასხვა ტიპი არსებობს. ზოგს მშრალი ან ცხიმიანი თმა აქვს, ზოგს კომბილირებული ან დაზიანებული. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა. თმის პროფესიონალური მოვლა ძალიან ეფექტიანია. დღეს მაღაზიებში უამრავი დასახელების თმის მოვლის საშუალება იყიდება, ამიტომ, მთავარია მათი სწორად შერჩევა. ყველას ვურჩევ, რომ მიმართონ სპეციალისტს და გაითვალისწინონ მისი რჩევები.

    რამდენად მნიშვნელოვანია სწორად დავარცხნა და რა ზიანი შეიძლება მივაყენოთ თმას?

    შეიძლება ბევრმა ვერც წარმოიდგინოს, თუ რამდენად დიდ ზიანს აყენებს თმას არასწორი დავარცხნა და არასწორად შერჩეული, არაჰიგიენური სავარცხელი. ჩემი რჩევა იქნება, რომ თმა ყოველდღე, რბილი სავარცხლით დავივარცხნოთ. ამის შემდეგ კი სავარცხელი გავასუფთავოთ (თუ თმა ცხიმიანია, სავარცხელი აუცილებლად უნდა გაირეცხოს). გრძელი ან ხვეული თმის შემთხვევაში დავარცხნა უნდა დავიწყოთ ბოლოებიდან და რაც შეიძლება ფრთხილად.

    როგორ უნდა მოვუაროთ თმას თუ იძულებულები ვართ, ყოველდღიურად გამოვიყენოთ ფენი? 

    თუ ფენის და სხვა თერმული საშუალებების გამოყენება ხშირად გიწევთ, სხვადასვხა ნიღბებით 15-20 წუთით თმის დატენიანება/დარბილება აუცილებელია. ასე თავიდან აიცილებთ თმის გამოშრობას და ბოლოჭამიებს.

    როგორია ვარცხნილობის ტრენდები 2018 წელს?

    2018 წლის ტრენდად რჩება საშუალო სიგრძის თმა. ამაში ადვილად დავრწმუნდებით ვარსკვლავების ფოტოებს თუ გადავავლებთ თვალს. ძირითადი აქცენტი საშუალო სიგრძესა და ფერების მრავალფეროვნებაზეა. ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ, გაბედეთ – შეიცვალეთ სტილი და თქვენი ცხოვრებაც შეიცვლება!

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი