გზა “ვერსაჩეს” სახლის VIP მენეჯერობიდან მოდის ექსპერტობამდე

    გემოვნება ნიჭია, რომელიც ყველას არ აქვს… ამისათვის არსებობენ მოდის ექსპერტები – ისინი გვირჩევენ რა ჩავიცვათ, როგორ შევახამოთ ტანსაცმელი და როგორ ვიპოვოთ ჩვენი სტილი. Beauty Magazine ქალბატონ დალი ჩიტალაძეს ესაუბრა, რომელიც გარდა იმისა, რომ მოდის ექსპერტია, პერსონალური სტილისტიც გახლავთ. როგორც თავად ამბობს, ყველაფერი ნიუ-იორკიდან დაიწყო, წინსვლისა და განვითარების პროცესი კი დღემდე გრძელდება:

    რატომ გაყევით მოდის სფეროს? რამ იმოქმედა თქვენს არჩევანზე?

    ეს არის რაღაცის შექმნის, მოგონების, აწყობის სურვილი, რომელიც ყოველთვის მქონდა. დიზაინერობას სხვანაირი შემართება უნდა, ამ ასაკში უკვე აღარ მაქვს ამის დრო. მყავს არაჩვეულებრივი მეგობრები, ახალგაზრდა დიზაინერები. ჩვენ სულ ვურთიერთობთ, ვსაუბრობთ, იბადება ახალი იდეები და გამუდმებით ვსწავლობთ ერთმანეთისგან.

    როგორც ვიცით ნიუ-იორკში, „ვერსაჩეს“ მაღაზიაში მუშაობდით, რა გამოცდილება მოგცათ ამან და ვინ იყვნენ ცნობილი სახეები, რომლებიც თქვენგან რჩევებს იღებდნენ?

    იქიდან დავიწყებ, რომ ცნება „დედამიწა“ ჩემთვის შეიცვალა, როდესაც ნიუ-იორკში გადავედი საცხოვრებლად. ზოგადად, ეს დიდი გამოცდილებაა ყველასათვის – იზრდები სულიერად და ინტელექტუალურად. ვთვლი, რომ ადამიანები აუცილებლად უნდა გადიოდნენ საზღვრებს გარეთ. სხვა კულტურის მქონე ხალხთან ურთიერთობა ცვლის პიროვნებას; ცხოვრობ სხვა გარემოში, ეცნობი მათ კულტურას, სწავლობ ურთიერთობას, იცვლი ცხოვრების სტილს… ჩემი აზრით, ადამიანი უნდა იყოს კოსმოპოლიტენი, საზღვრები არ უნდა არსებობდეს, რადგან ეს პროგრესის განუყოფელი ნაწილია. ასე რომ, იქ ცხოვრებამ დიდი გამოცდილება მომცა. დღემდე სწავლისა და განვითარების პროცესში ვარ.

    საერთოდ, ძალიან ცოტა თუ ითვალისწინებს სხვის რჩევას. ყველას ჰგონია, რომ თვითონ უკეთ იცის ყველაფერი.  „ვერსაჩეს“ სახლში მუშაობისას, ყოველთვის მოსწონდათ ჩემი რჩევები, მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ რა როგორ შეეხამებინათ. ჩემი კლიენტები იყვნენ Harper’s Bazaar -ის რედაქტორი ჰელენ მიურე, ვიტნი ჰიუსტონის პირადი სტილისტი, შერონ სტოუნი, შეხება მქონდა ჯენიფერ ლოპესთანაც. „ვერსაჩეს“ სახლში ცალკე სართული იყო განსაკუთრებული კლიენტებისთვის და მე გახლდით VIP მენეჯერი. ძალიან ემოციური იყო მომღერალ პრინცის სტუმრობა, როდესაც მთელი თავისი ჯგუფით შემოვიდა და ყველა წევრი თავიდან ბოლომდე „ააწყო“.

    ზოგადად, წარმატება გადამდებია. როდესაც ცნობილ, წარმატებულ ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა, შენც გიჩნდება სურვილი, რომ მთები გადალახო, მიაღწიო მიზნებს. თუ გაქვს მონაცემები, ნიჭი და ავითარებ შენს შესაძლებლობებს, ეს პროცესი კიდევ უფრო საინტერესო ხდება. ღმერთმა მუსიკის ნიჭიც მომცა და გემოვნებაც; მომწონს ლუქის შექმნა, თითოეული მატერიის, დეტალის აწყობა სიამოვნებას მანიჭებს.

    როგორ შეაფასებთ ქართულ მოდას და გყავთ თუ არა ფავორიტი დიზაინერი?

    დღეს ქართულმა მოდამ დიდი სიტყვა თქვა მოდის ინდუსტრიაში. წლების წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი (დაახლოებით 1999 წელს), მაკა ასათიანის კოლექცია ძალიან მომეწონა. მის ტანსაცმელს ამერიკაში ამაყად ვატარებდი. ყველა მეკითხებოდა სად შევიძინე და ვინ იყო დიზაინერი. ვთვლი, რომ დღეს საქართველოში ნიჭიერი დიზაინერების დიდი რესურსია, ისინი გამოირჩევიან სხვა ქვეყნის დიზაინერებისგან, განსაკუთრებულად დახვეწილი გემოვნება და სტილი აქვთ.

    რას ფიქრობთ Street style –ზე საქართველოში, რამდენად გემოვნებიანად აცვიათ ქუჩაში?

    ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, უმეტესობა ვერ იცვამს კარგად. საშუალო კლასი ჯერ კიდევ ვითარდება. ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო ბევრი კარგად ჩაცმული ადამიანი ივლის თბილისში.

    მოითხოვს თუ არა კარგად ჩაცმა დიდ ფინანსებს?

    ბევრი ფულის ქონა კარგ გემოვნებასთან  არ არის კავშირში. ფინანსურად ძლიერი ფენის წარმომადგენლებიდანაც კი, ერთეულები იცვამენ კარგად. პირადად მე, ძალიან მიყვარს ვინტაჟური სტილი. ნიუ-იორკში უნიკალურ რაღაცეებს ვპოულობდი. ახლაც სულ ძიების პროცესში ვარ; ორიგინალურ სამოსს ვეძებ ტენდენციების გათვალისწინებით. შეიძლება გქონდეს ბევრი ტანსაცმელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სწორად ააწყობ.

    როგორ უნდა ჩამოგვიყალიბდეს გემოვნება და როგორ ვიპოვოთ ჩვენი სტილი?

    ამისთვის არსებობენ ჩემნაირი ადამიანები. პერსონალური სტილისტი გიყალიბებს გემოვნებას, გასწავლის. ამიტომაც, Personal Styling -ს ვაყალიბებ როგორც პროფესიას. მყავს კლიენტი, რომელიც არ არის ფინანსურად კარგად უზრუნველყოფილი, თუმცა ერთად მივდივართ საყიდლებზე და მისი ბიუჯეტიდან გამომდინარე მისთვის იდეალურ ტანსაცმელს ვარჩევთ. ჩემი კლიენტები არიან ცნობილი სახეებიც, თუმცა კონფიდენციალურობა ჩემთან ყოველთვის დაცულია.

    რამდენად ძვირი ჯდება თქვენგან რჩევების მიღება?

    ეს პროცესი ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა, ამიტომ ჩემი ჰონორარი კლიენტის ბიუჯეტის შესაბამისია. ჩემი უდიდესი სურვილია, რომ ყველა ლამაზი იყოს და კარგად ეცვას.

    რომელია თქვენი საყვარელი მოდის ბლოგერი/გამოცემა, სადაც ეცნობით უახლეს ტენდენციებს?

    ძალიან მიყვარს რეიჩელ ზოი, რომელიც მუშაობს ვარსკვლავებზე, აქვს ბლოგი, გადაცემები და ლაივ შოუები; ასევე მინდა გამოვყო Project RUNWAY (კონკურსი); თავისი კონცეფციით და მიდგომით ძალიან მომწონს ნინო ელიავა; ასევე გიგა უჩუვატოვი (ჩემი თანაშემწე).

    რა რჩევას მისცემთ მათ, ვისაც სურთ გამოიყურებოდნენ მოდურად, ნაკლები დანახარჯით?

    ფული არ უნდა დაგენანოს ფეხსაცმელში და ჩანთაში. ისინი ცვლიან მთლიან გარეგნობას. ამერიკაში სტატუსი განისაზღვრება საათით, ჩანთით და ფეხსაცმლით. ეს სამი რამ მეტყველებს იმაზე, რომ ხარ წარმატებული. გაყალბებული ჩანთის ყიდვას, ჯობს სხვა ტენდენციური ჩანთა ატარო. შეიძლება არ იყოს შანელი, მაგრამ იყოს ძალიან მოდური და ჩემი აზრით, ეს უფრო კარგი ტონია, ვიდრე ე.წ. „ფეიკების“ ტარება.

    რას გვეტყვით თქვენს ფეისბუქ გვერდზე Shopping with Dali და რატომ გადაწყვიტეთ მისი შექმნა?

    სოციალური ქსელების მიმართ არ ვიყავი კარგად განწყობილი, თუმცა ჩემმა მეგობარმა, ია ფარულავამ დამაძალა ამ გვერდის გაკეთება. ია ძალიან კარგი ორგანიზატორი და პროდიუსერია. ყოველთვის ყველაფერი გაწერილი და დაზუსტებული აქვს, იმიტომაც არის მისი ბიზნესი წარმატებული. ია რომ არა, ალბათ კიდევ დიდხანს არ შევქმნიდი ამ გვერდს. დღეს Shopping with Dali უკვე ჩემი შემოსავლის წყაროა.

    როგორ ემზადებით ახალი წლის საღამოსთვის?

    ახალ წელს, რა თქმა უნდა, წინ უძღვის შოპინგი, რადგან ყოველთვის ახალი ტანსაცმლით ვხვდები ახალ წელს. მიყვარს როდესაც რაღაც ბრჭყვიალებს, ამიტომ, ვცდილობ სადღესასწაულოდ გამოვიყურებოდე. არასოდეს ვიცვამ შავს. ზოგადად კი, კარგი ძილი, ჯანსაღი ცხოვრება, კარგი კრემები – ეს არის ჩემთვის გარეგნობაზე ზრუნვა და ამას მთელი წლის განმავლობაში ვაკეთებ. თუ თავს არ მოუარე და ჯანმრთელობას არ მიხედე ადრეული ასაკიდან, არაფერი გამოვა. ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია.

    რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სილამაზისთვის, რას ურჩევთ ჩვენი ბლოგის მკითხველს?

    თავის მოვლა – ჯანსაღი კვება და ვარჯიში უნდა აქციოთ ჩვევად. სახის დაბანა, ლოსიონი და შემდეგ საცხი  – ამ პროცედურებით ვიღვიძებ და ვიძინებ. რაც შეეხება სხვა პროცედურებს, წელიწადში ორჯერ მეზოთერაპიას და ბიორევიტალიზაციას ვიკეთებ, წელიწადში ერთხელ კი, ბოტოქსს. ძალიან მიყვარს ვარჯიში და მასაჟები. თუ საკმარისი ფული არ გვაქვს, მასაჟი შეგვიძლია თვითონაც გავიკეთოთ -კარგი კრემით და წრიული მოძრაობებით. მე ყოველდღე ვაკეთებ ამას. სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და ორგანიზმი უკეთ გამოიყურება. დამიჯერეთ, ძალიან ბევრ კომპლიმეტს მიიღებთ.

    ძირითადად, ჩვენი რაციონი იმდენად არასრულფასოვანია, რომ ნუტრიკოსმეტიკით უნდა დავეხმაროთ ორგანიზმს, მიიღოს საჭირო ნივთიერებების დღიური ნორმა. მოუცლელობით გამოწვეული დანაკლისი აუცილებლად უნდა შევივსოთ. მე ძირითადად “ვიადერმი კომპლიტს” ვსვამ. მაწუხებდა სტრესთან დაკავშირებული თმის ცვენა და ეს პრობლემა “ვიადერმმა” მომიგვარა. ქალბატონებმაც და მამაკაცებმაც, აუცილებლად უნდა მიხედონ ჯანმრთელობას, რადგან სწორედ ამის შემდეგ გვაქვს ყველაფრის ხალისი.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი