ჯანსაღი კვების რეცეპტები – სამარხვო საუზმე

    მეგობრებო, უმეტესობა ალბათ მოდუნებულები და უენერგიოები იღვიძებთ. მაშინ ვისაუბროთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რამეზე, რამაც ამ მდგომარეობიდან შეგვიძლია გამოგვიყვანოს.

    ესა არის საუზმე!

    ნოყიერი საუზმე დილიდან სწორად წარმართავს ნაწლავური და ჰორმონალური სისტემის მუშაობას. იმ ადამიანებს, ვინც რეგულარულად სწორად საუზმობს, ტვინის მუშაობის, ენერგიის ნაკლებობის და მადის ზედმეტი მომატების პრობლემა არ აქვთ. ეს განპირობებულია მათ სისხლში ინსულინის და გლუკოზის დონის სტაბილურობით.

    საუზმის იდეალური ვარიანტია ბურღულეული (ანუ ფაფეული). ეს სასარგებლო, ნელი ნახშირწყლები დიდი ხნით გვაძლევს ენერგიას და აღადგენს ნაწლავების პერისტალტიკას. ასეთი საუზმე განსაკუთრებით კარგია იმათთვის, ვინც გონებრივი შრომითაა დაკავებული.

    • ბურღულეულთან შეგვიძლია მივირთვათ რძემჟავა პროდუქტები (მაწონი, კეფირი, იოგურტი), როგორც მსუბუქად მისაღები ფერმენტირებული ცილა.
    • ასევე, შეგვიძლია ჩავამატოთ თაფლი – ვიტამინებისა და მინერალების უდიდესი წყარო. ის ამასთანავე ზრდის სტრესმედეგობას. ვისაც ინსულინის პრობლემა აქვს, გამოიყენეთ მცირე რაოდენობით.
    • თუ გაქვთ ყაბზობა, ბურღულეულს ზემოდან მოაყარეთ ქატო. შეიძლება სეზამის მარცვლებიც – როგორც კალციუმის წყარო.

    დღეს გთავაზობთ ფეტვის ფაფის რეცეპტს:

    ფეტვის მომზადება (წიწიბურა ვიცით, ამას კი ხშირად მეკითხებიან):
    1 ჭიქა ფეტვი გავრეცხოთ, დავასხათ 3 ჭიქა წყალი და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 30–45 წუთი (გააჩნია რაოდენობას). თუ ამოშრა, დავამატოთ ცოტა წყალი. რომ მოიხარშება, ჩავაყაროთ ცოტა მარილი და 1 ს.კ. ზეთი. დავტოვოთ თავდახურული კიდევ 1–2 წუთი და გამოვრთოთ.

    ფეტვის საუზმე შეუცვლელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის და თირკმლის დაავადებების დროს. მასში ბევრია კალიუმის და მაგნიუმის მარილები, რომელიც განსაზღვრავს მის მაღალ საკვებ ღირებულებას.

    იყავით ჯანმრთელები და ლამაზები!

    თქვენი მარი მილორავა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი