“ჟორდანიას კლინიკა“ – განახლებული ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო სტანდარტები რეპროდუქციის მიმართულებით

    ინვიტრო განაყოფიერებით პირველი ბავშვი 1975 წელს გაჩნდა. მას შემდეგ ამ დარგმა დიდი ცვლილებები განიცადა. თანამედროვე მიდგომებით, სტანდარტებით და მკურნალობის მეთოდებით ორსულობის რიცხვი გაიზარდა. ინვიტრო განაყოფიერება დღეს უკვე ყველაზე უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდია უშვილობის მკურნალობის მიმართულებით.

    საქართველოში რეპროდუქტოლოგიის განვითარების საქმეში გარკვეული წვლილი მიუძღვის განახლებულ „ჟორდანიას კლინიკას“ და მის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნანა ჯანელიძე-ყურაშვილს.  კლინიკა ამჟამად აღჭურვილია უახლესი აპარატურით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით. დღეისათვის „ჟორდანიას კლინიკა“ საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების სრული დაცვით ფუნქციობს და არაერთ წყვილს ანიჭებს ბედნიერებას. რაც მთავარია, აქ არსებული მომსახურებებით აქტიურად სარგებლობენ პაციენტები ევროპიდან და ამერიკიდან. 2 წლის წინ, კლინიკაში განხორციელებულ ცვლილებეზე და ინვიტრო განაყოფიერების სფეროში არსებულ სიახლეებზე მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი და „ჟორდანიას კლინიკის“ ხელმძღვანელი, ქალბატონი ნანა ჯანელიძე-ყურაშვილი გვესაუბრა: 

    „ინვიტრო განაყოფიერებასთან მიმართებაში არ გამოვიყენებ სიტყვას „ხელოვნური განაყოფიერება“, რადგან საქმე არ გვაქვს ხელოვნურ პროცესებთან. ეს არის იმის იდენტური პროცესი, რაც ფიზიოლოგიურად ხდება. უბრალოდ, არის ჩვენებები, როდესაც ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, რომ ეს პროცესი ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ მოხდეს: იქნება ეს მამაკაცის თუ ქალის ფაქტორით გამოწვეული უნაყოფობა, საკვერცხის დისფუნქცია, ქალის ასაკი, უნაყოფობის ხანგრძლივი პერიოდი, ე.წ. უცნობი ეტიოლოგიის უნაყოფობა, მილის ფაქტორები (გაუმტარი მილი) თუ სხვა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ინვიტრო განაყოფიერების გარდა უნაყოფობის მკურნალობა ჩვენთან სხვა მეთოდებითაც ხდება.

    მოგვიყევით „ჟორდანიას კლინიკისა“ და იმ სიახლეების შესახებ, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელდა.

    „ჟორდანიას კლინიკა“ ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული კუთხით პირველი იყო ამიერკავკასიაში. ჩვენმა კლინიკამ და ამ მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებმა დიდი როლი ითამაშეს დარგის განვითარებაში. 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ჟორდანიას კლინიკა“ განახლდა: რეპროდუქციის კუთხით დაინერგა საერთაშორისო სტანდარტები, მოხდა ექიმების გუნდის  და იმფრასტრუქტურის განახლება.

    რამდენად ხშირია წყვილების უნაყოფობა და როგორია სტატისტიკა?

    სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეხუთე წყვილი უნაყოფოა. ეს პრობლემა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დგას და  დღითი დღე იზრდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მამაკაცის უნაყოფობა; ასევე ქალის ასაკი და გადაწყვეტილება, რომ გვიან დაქორწინდეს ან გვიან გააჩინოს ბავშვი. ფიზიოლოგიურად, 35 წლის ზემოთ ქალის შვილოსნობის ფუნქცია თანდათან კლებულობს. როდესაც ქალს 39-40 წლის ასაკში (და ზემოთ) სურვილი უჩნდება, ჰყავდეს შვილი, გვიწევს მის ფიზიოლოგიასთან ჭიდილი, რადგან როგორც გითხარით, 35 წლის შემდეგ საკვერცხის რესურსი მცირდება.  ჩვენ ყველანაირად ვციდლობთ ხოლმე, რომ ის რესურსი, რომელიც ქალა იმ ასაკისთვის შეუნარჩუნდა, მაქსიმალურად სწორად გამოვიყენოთ და მივანიჭოთ ის სიხარული, რომელსაც დედობა ჰქვია.

    გარდა ამისა, კიდევ რა ფაქტორები უშლის ხელს შვილოსნობას?

    პრობლემად რჩება დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია რეპროდუქციულ ორგანოებთან. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრე  ონკოლოგიურ დაავადებებზეც – თუ რა გავლენას ახდენს ამ დაავადებებთან დაკავშირებული მკურნალობა შვილოსნობაზე. დღეს ეს თემაც ძალიან აქტუალურია. სასურველია, რომ ასეთი პაციენტებიც ინფორმირებულები იყვნენ ონკოლოგების მიერ. ამ მხრივ რეპროდუქტოლოგების ჩართულობაც აუცილებელია – საჭიროა შევთანხმდეთ, ე.წ. „ფანჯრის“ პერიოდში ჩავერთოთ რეპროდუქტოლოგები და ყველა მეთოდი დავგეგმოთ იმისათვის, რომ მათი რეპროდუქციული ფუნქცია შევინარჩუნოთ.

    რამდენად ხშირად მთავრდება მკურნალობა წარმატებით?

    ეს დამოკიდებულია ქალის ასაკზე და იმ პრობლემაზე, რის გამოც არის უნაყოფობა. თუ საერთო სტატისტიკას ავიღებთ და არ გამოვყობთ რომელიმე ასაკოპრივ ჯგუფს (ან არ დავყობთ პაციენტებს დაავადებების მიხედვით), კლინიკაში ორსულობის სიხშირე საშუალოდ 35-დან 80 %-მდე მერყეობს. ძირითადი ფაქტორი ქალის ასაკია, თუმცა, მამაკაცის უნაყოფობაც ხშირია. მამაკაცის მკურნალობისთვის ზოგჯერ დიდი დროა საჭირო და ამაშობაში ქალს ასაკი ემატება.

    რა მიმართულებებს და მომსახურებებს სთავაზობთ პაციენტებს?

    რაც შეეხება მიმართულებებს, გვაქვს გინეკოლოგია, ორსულობის დაგეგმვა, ორსულთა მეთვალყურეობა, ბავშვთა გინეკოლოგია, ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის შეფასება, გენეტიკა, დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები, ინვიტრო განაყოფიერება. ამ კუთხით თანამშრომლობა დავიწყეთ „ივისთან“ (IVI), რომელიც ვალენსიაში დაფუძნდა და  ემბრიოლოგიურ ნაწილში ერთ-ერთი წარმატებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტია ევროპაში. ინვიტრო განაყოფიერების ლაბორატორიის განახლება სწორედ მათი რეკომენდაციებით მოხდა. ლაბორატორია დაკომპლექტდა „ივის“ სტანდარტით სერთიფიცირებული ემბრიოლოგებით. ინვიტრო განაყოფიერების კუთხით დღეს ჩვენ გვყავს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები. წარმატებით დაინერგა ყველა ის მეთოდი, რაც მოიაზრება თანამედროვე ტექნოლოგიებში, ესენია: PGD და PGS კვლევები, ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი, რაც გულისხმობს საშვილოსნოს ღრუში გადატანამდე ემბრიონის შესწავლას ქრომოსომული აპარატით (ემბრიონში ქრომოსომების ნორმალური ნაკრები განაპირობებს მის სიცოცხლისუნარიანობას). ჩვენ გვაქვს ის ტექნოლოგია, გამოცდილება და კვალიფიკაცია, რომ წინასწარ  მოვახდინოთ ემბრიონის დიაგნოსტირება.

    რა დრო არის საჭირო ამ პროცედურებისთვის და რამდენ ხანში დგება ორსულობა?

    ინვიტრო განაყოფიერებისთვის მომზადების პროცესი 2-3 კვირა გრძელდება. ემბრიონების ანალიზს კი რამდენიმე დღე სჭირდება. მიღებული შედეგის შემდეგ იგეგმება გადატანა. თუ PGS დიაგნოსტირებასაც გამოვიყენებთ, საერთო ჯამში ამ ყველაფრისთვის ორი თვე იქნება საჭირო. PGS დიაგნოსტირების გარეშე კი 3 კვირაც საკმარისია.

    რას ნიშნავს გენეტიკური სკრინინგი?

    გენეტიკური სკრინინგი წყვილთან კონსულტირების შემდეგ იგეგმება. ემბრიონის ანალიზი კეთდება იმ კონკრეტულ გენურ მუტაციაზე, რომლითაც დატვირთულია პაციენტიების მემკვიდრეობა და სურთ, რომ თავიდან აიცილონ ესა თუ ის დაავადება (თუ წყვილს აქვს ინფორმაცია, რომ მათ გენეტიკურად რაიმე პრობლემა აქვთ). PGD კვლევა ემბრიონში ავლენს გენეტიკურ მუტაციებს. PGS სკრინინგს რაც შეეხება, ეს არის მეთოდი, რომელიც ემბრიონში ქრომოსომებს ამოწმებს და მისი საშუალებით შესაძლებელია დაუნის სინდრომის და სხვა ქრომოსომული დაავადებების გამორიცხვა. ეს კვლევა იძლევა ინფორმაციას იმაზე, თუ რამდენად უნარიანია ემბრიონი, რომ მოხდეს მისი იმპლანტაცია და შემდგომ დადგეს ორსულობა. თუ ქრომოსომების რაოდენობა და რიცხვობრიობა დარღვეულია, ის ემბრიონი სიცოცხლისუნარიანი არ არის. ამიტომ, ეს PGS კვლევა ძალიან კვეცავს დაორსულების პროცესის ხანგრძლივობას, საშვილოსნოს ღრუში კი გადაგვაქვს სრულფასოვანი ემბრიონი.

    რა შემთხვევაშია საჭირო PGS და PGD დიაგნოსტიკა?

    ზოგჯერ წყვილებს სურთ, რომ უფრო მოკლე დროში მიიღონ შედეგი და არჩეული, ჯანმრთელი ემბრიონი გადაიტანონ საშვილოსნოს ღრუში. ამ შემთხვევაში, ორსულობის შანსი გაცილებით მაღალია, ვიდრე რანდომულად გადატანილი ემბრიონის შემთხვევაში. PGS-ის ჩვენება გახლავთ ასევე რამდენიმე წარუმატებელი ინვიტრო, ქალის ასაკი, სპერმატოგენეზთან დაკავშირებული პრობლემები, ხშირი აბორტი, დაუნის სინდრომის პრევენცია და სხვა.  რაც შეეხება PGD-ს, ეს არის ემბრიონის კვლევა კონკრეტულ გენეტიკურ დაავადებაზე, მის მუტაციაზე. ამ შემთხვევაში, გენეტიკოსთან კონსულტაციის შემდეგ წყდება საკითხი – რომელი გენის მუტაციაზე ჩატარდეს კვლევა. უნდა ვიცოდეთ, რომელი დაავადების განვითარების რისკები შეიძლება არსებობდეს წყვილთან. ძალიან დიდი ფუფუნებაა პაციენტებისთვის, რომ ჟორდანიას კლინიკა ამჟამად აღჭურვილია ყველა ტექნოლოგიით და მზად არის, რომ ეს პროცესები სრულყოფილად აწარმოოს. ჩვენ ვართ საერთაშორისო კლინიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი პაციენტების გარდა გვყავს უამრავი პაციენტი ევროპიდან და ამერიკიდან. შესაბამისად, ეს მიუთითებს ჩვენი მუშაობის მაღალ ხარისხზე. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, მონაცემებისა და შედეგების მიხედვით, ჟორდანიას კლინიკა წარმატებული კლინიკების სიაშია. ჩვენთან ორსულობის სიხშირე კი 80 პროცენტია.

    თბილისის გარდა, საქართველოს რომელ ქალაქში გაქვთ ფილიალი?

    კონკრეტული ფილიალები არ გვაქვს, თუმცა რეგიონების ბევრ კლინიკასთან ვთანამშრომლობთ. ჩვენი მიზანია რეგიონებში არჩევანი გავაკეთოთ ისეთ ცენტრებზე, რომლებიც ორიენტირებულები არიან პაციენტის ჯანმრთელობაზე.

    როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

    ვცდილობთ, ჩვენი დარგი ყოველდღიურად განვავითაროთ. ამის საშუალებას გვაძლევს ჩვენი ტექნოლოგიური ბაზა და მოცემულობა. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ის ჰარმონია, რომელიც დღეს კლინიკაშია. გვაქვს ადგილობრივად დანერგილი სტანდარტები, ასევე საქართველოსთვის ადაპტირებული საერთაშორისო დონის პროტოკოლები და გაიდლაინები (ჩვენ მიერ შემუშავებული). სანამ საქართველოში მსგავსი გაიდლაინები ხელმისაწვდომი გახდება, ჩვენ ჩვენი გაიდლაინებით ვხელმძღვანელობთ.  ჩვენი მიზანია, რომ კოლაბორაციაში ვიყოთ უცხოელ პარტნიორებთან და პაციენტებთან. მათთან ხშირი კომუნიკაცია დიდ გამოცდილებას გვაძლევს. გვსურს, რომ ჩვენი კლინიკის ბაზაზე გადავამზადოთ კადრები, ხელი შევუწყოთ მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, გავწიოთ საგანმანათლებლო მუშაობა როგორც ექიმებთან, ისე პაციენტებთან.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი