კანი მოვლის რუტინა და რჩევები სალომე ბაკურაძისგან

    Beauty Magazine აგრძელებს მკითხველისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით. ჩვენი სტუმარი უნიჭიერესი მომღერალი, სალომე ბაკურაძეა. იგი ამჟამად აჭარაშია, თუმცა პარალელურად, საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს. სწორედ ამიტომ, სულ ფორმაშია და გადაწყვიტა საკუთარი გამოცდილება და რჩევები ჩვენც გაგვიზიაროს.

    სალომე, როგორ იწყებთ დილას და ზოგადად, როგორ უვლით კანს?

    დილა იწყება სახის გაწმენდით და პირადი ჰიგიენით. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ხალხურ ნიღბებსა და მეთოდებს არ მივმართავ, თუმცა მივესალმები. ძირითადად სხვადასხვა ფირმის პროდუქციას – შრატებს, ნიღბებს და საცხებს ვიყენებ.

    კოსმეტოლოგიური და ესთეტიკური პროცედურებისთვის თუ მიგიმართავთ?

    ერთხელ გავიკეთე ბოტოქსი მიმიკური ნაოჭის ადგილას და ვაპირებ, რომ პერიოდულად ჩავიტარო ეს პროცედურა. ჯერ სხვა არაფერი გამიკეთებია, მათ შორის არც სახის ღრმა წმენდა. ჯერჯერობით კანს საცხებით და შრატებით ვუვლი. ძალიან უსიცოცხლო მეჩვენებოდა ტუჩი და სულ მიწევდა მკვეთრი ფერის ტუჩსაცხის გამოყენება. ამიტომაც გავიკეთე ტუჩის პერმანენტული დაფერვა. ახლა ყოველდღიურად მხოლოდ გამჭვირვალე ტუჩსაცხს ვხმარობ. იგივე პროცედურა გავიკეთე თვალზეც, წამწამების ქვეშ. არაჩვეულებრივ სპეციალისტს მივაგენი, ეს არის ედიტა SAKHE Permanent Make Up-ში. მისი დამსახურებით ზაფხულში ნაკლებ მაკიაჟს ვხმარობ.

    ხშირად ირუჯებით? რაიმე განსაკუთრებული მეთოდი ხომ არ გაქვთ, რაც იდეალური რუჯის შენარჩუნებაში გეხმარებათ?

    რუჯი ძალიან მიყვარს და ზოგადად, ვგიჟდები გარუჯულ კანზე (სოლარიუმსაც ვეპარები ხოლმე). იმისათვის, რომ კანი არ გამოშრეს და არ დაკარგოს ელასტიურობა, ყოველთვის ვიყენებ დამცავს და სბოლოოდ, ძალიან კარგ რუჯს ვიღებ. ტყუილად ჰგონია ხალხს, რომ დამცავი გარუჯვას ხელს უშლის. რაც მთავარია, წყლის გადავლებისას, ყოველ ჯერზე კარგად ვიხეხავ კანს. ზოგი ძალიან უფრთხილდება და ფიქრობს, რომ თუ ხელს არ ახლებს ფერი გვიან გადაუვა. მე კი მგონია, რომ საჭიროა მკვდარი უჯრედების ყოველდღიურად მოცილება! ამ მეთოდით რუჯს უფრო დიდხანს ვინარჩუნებ და გაცილებით ჯანსაღი ფერის არის ხოლმე.

    რა ინტენსივობით იკეთებთ მაკიაჟს?

    მაკიაჟს აქტიურად არ ვიკეთებ, მით უმეტეს ზაფხულში, როდესაც რუჯი მაქვს. მაქსიმუმ ტუში, რუჟი და ტუჩსაცხი წავისვა. სრულყოფილ მაკიაჟს მაშინ ვიკეთებ როცა მჭირდება (მაგალითად გადაღება მაქვს ან რომელიმე საღამოზე მივდივარ). ასევე გააჩნია იმასაც თუ რა მაცვია – ზოგ ჩაცმულობას მძიმე მაკიაჟი უხდება, ზოგს კი მსუბუქი. მყავს ჩემი საყვარელი მეიქ აფ არტისტები – დათო ფუტკარაძე და მარიამ ხუციშვილი, ვისაც თამამად ვანდობ ხოლმე თავს, სადაც არ უნდა მივდიოდე. როდესაც მაკიაჟს მიკეთებენ, სულ ვაკვირდები რა პროდუქციას იყენებენ, შემდეგ გავრბივარ და მეც ვყიდულობ. ბუნებრივია, ისე კარგად არ გამომდის, როგორც მეიქ აფ არტისტები აკეთებენ. ვგიჟდები მაკიაჟზე და კოსმეტიკაზე და ძალიან ბევრი რამ მაქვს. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ყველაფერს ვერ ვიყენებ. ამიტომ, ხშირად ვჩუქნი ხოლმე ჩემს ახლობლებს და მეგობრებს სხვადასხვა სახის კოსმეტიკას.

    რომელ ბრენდებს ანიჭებთ უპირატესობას?

    ჩემი აღნოჩენა არ არის და ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ მსოფლიო შერყეულია ესტე ლაუდერის შრატზე და მეც სულ ვიყენებ. გამოსვლისთანავე ავიჩემე და მას მერე, დღეც და ღამეც, ეს შრატი ჩემი განუყრელი მეგობარია. კრემებიც ჟივანშის, ესტე ლაუდერის ან გერლენის მაქვს. როგორც გითხარით, განსაკუთრებულ ჩარევებს არ მივმართავ, ამიტომ ვცდილობ, შევიძინო კარგი საცხები კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებელად (ასაკობრივი ნაოჭის თუ თვალის ირგვლივ წასასმელი).

    დეკორატიულ კოსმეტიკას რაც შეეხება, მგონი ბრენდი არაა დარჩენილი რომელიც არ მაქვს ან არ გამომიცდია. ძირითადად მაინც ლუქს ბრენდებს ვხმარობ.

    თმას როგორ უვლით?

    ჩემი თმა ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტია, რადგან თმის მოსაწესრიგებლად არ მჭირდება ხშირად სირბილი სალონში. ვხმარობ კარგი ხარისხის შამპუნს (სპეციალურად ხვეული თმისთვის), ვიყენებ სპეციალურ გამაჯანსაღებელ ნიღბებს და ასევე დეკორატიულ საშუალებებს მბზინვარებისთვის.

    სახლიდან გასვლისას, რა დრო გჭირდებათ მოსამზადებლად?

    ყოველთვის იმ დროში ვეტევი რა დროც მაქვს. შეიძლება 5 წუთში მოვახერხო გამზადება. ზოგადად, მაკიაჟის კეთებისა და მომზადების პროცესი იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რომ თუ დრო მაქვს, შემიძლია სიამოვნებით, აუჩქარებლად ვიკეთო მაკიაჟი, პარალელურად ვუყურო ტელევიზორს, მოვიმზადო ყავა და მაქსიმალურად დავტკე ამ ყველაფრით.

    სალომე, როგორ ფიქრობთ, რა გვჭირდება იმისათვის, რომ ყოველთვის კარგად გამოვიყურებოდეთ?

    იმისათვის რომ კარგად გამოვიყურებოდეთ, პირველ რიგში, უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი. ძვირადღირებული კოსმეტიკა და პროცედურები კარგია, მაგრამ მხოლოდ ამაში არაა საქმე – სასურველ შედეგს ხელმისაწვდომი პროდუქციითა და სხვადასხვა მეთოდებითაც შეგვიძლია მივაღწიოთ. მგონია, რომ მთავარი სურვილი, ინტერესი და საჭირო ინფორმაციის მოძიებაა.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი