ქეთევან ხიშტოვანი: “მითია, რომ ატოპიური დერმატიტის დროს ხშირი დაბანა არ შეიძლება”

    ატოპიური დერმატიტი ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მას ხშირად ეგზემის ან დიათეზის სახელით იცნობენ. მშრალი, აქერცლილი კანი, სიწითლე, შესიება, ქავილი – ეს იმ სიპტომების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ატოპიურ დერმატიტს ახასიათებს. იმისათვის, რომ გაგვერკვია, თუ როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას, პედიატრ-დერმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს, ქალბატონ ქეთევან ხიშტოვანს მივაკითხეთ.

    ქალბატონო ქეთევან, როგორ ხდება ატოპიური დერმატიტის დიაგნოსტირება?

    ეს არის ქრონიკული ანთებითი მდგომარეობა ზედმეტად აქტიური იმუნური პასუხის გამო, შიდა და გარე გამღიზიანებლის მიმართ. ჩვენი მოსახლეობა ამ დაავადებას სხვადასხვა სახელით იცნობს, რაც ხშირად დისკომფორტს ქმნის. ბევრი ევროპული სკოლა, თავისი კონსერვატიული მიდგომებიდან გამომდინარე, მას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებს, ესენია: ეგზემა, ნეიროდერმიტი და დიათეზი. თანამედროვე კლასიფიკაციით კი საქმე ატოპიურ დერმატიტთან გვაქვს. დიაგნოზი ეფუძნება ანამნეზს, ფიზიკურ გამოკვლევებსა და ლაბორატორიულ ანალიზებს.

    რა სიმპტომებით არის გამოხატული ატოპიური დერმატიტი?

    ჩვილებსა და პატარა ბავშვებში ატოპიური დერმატიტი გვხვდება სახეზე, იდაყვებსა და მუხლებზე. დიდ ბავშვებსა და მოზრდილებში ხელებზე, ფეხებზე, მხრებსა და მუხლების უკანა ზედაპირზე. დაავადების ძირითადი სიმპტომებია მშრალი, აქერცლილი კანი, გამოხატული სიწითლე, კანის გასქელება, შესიება, ზოგჯერ კანის ზედაპირზე ამოწეული სივრცე, რომელიც მოკაწვრის ან ფხანის შემთხვევაში სველი ხდება. გარდა ამისა, ატოპიური დერმატიტის გართულებას ემოციური ნერვული სისტემის გაღიზიანებაც იწვევს. სწორედ ამიტომ, ჩვენი, დერმატოლოგების როლი მიმართულია იმისკენ, რომ დაავადების გამწვავების სიხშირე შევამციროთ.

    როგორ ვმკურნალობთ ატოპიურ დერმატიტს?

    ზოგადად, ატოპიური დერმატიტი არის დაავადება, რომელიც ერთი მკურნალობით სრულდება და
    აღარ მეორდება. განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში. ეს დაავადება, ძირითადად, ერთ წლამდე
    ასაკის ბავშვებში ვლინდება. გასათვალისწინებელია დაავადების მიმდინარეობა, თავისებურებები, შესაძლო მიზეზები და სწორი დამოკიდებულება დაავადების მართვის თვალსაზრისით. თუ პაციენტს აქვს ქავილი, ვიყენებთ ქავილის საწინააღმდეგო პირველი ეტაპის ანტიალერგიულ საშუალებებს, რომელთაც აქვთ ქავილის დათრგუნვის ეფექტი. მკურნალობის პრინციპი  დაფუძნებულია კანის სწორ მოვლაზე, ხშირ დატენიანებაზე, პრეპარატის სწორად შერჩევაზე. ასევე მითია ის, რომ ხშირი დაბანა არ შეიძლება. თანამედროვე კვლევების თანახმად, ატოპიური დერმატიტის დროს ყოველდღიური ჰიგიენის ნორმების დაცვა აუცილებელია. ბანაობა ხდება ადექვატური ტემპერატურით, არაუმეტეს 15 წუთისა. ხანგრძლივი ბანაობა კანს კიდევ უფრო მეტად აშრობს. ამიტომაც არის რეკომენდებული დროის დაცვა, მკურნალობის პერიოდი კი
    ინდივიდუალურია.

    რა ზიანი მოაქვს თვითმკურნალობას? რას ურჩევთ პატარა პაციენტების მშობლებს

    თვითმკურნალობა ზოგადად, არასოდეს არის სასარგებლო და ხშირად მდგომარეობის გაუარესებასაც იწვევს. თუ თქვენს პატარას კანის სიწითლე, სიმშრალე, ქავილი აღენიშნება, აუცილებლად მოგვმართეთ ჩვენ, სპეციალისტებს. მინდა აღვნიშნო, რომ მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში უკვე დერმატოლოგიური დეპარტამენტი ფუნქციობს, რომელიც პატარა პაციენტებს დერმატოლოგიური პრობლემების სწორ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მართვას სთავაზობს. ასე რომ, მოგვმართეთ და ჩვენ თქვენს პრობლემებს აუცილებლად მოვაგვარებთ.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი