ლალი გუშიკაშვილი: “სილამაზე მხოლოდ კარგი გარეგნობა არ არის”

    მაია ტოჩილაშვილის ფოტო

    ლალი გუშიკაშვილი ყველასათვის სილამაზზესთან, ჯანსაღ ცხოვრებასთან და თავის მოვლასთან ასოცირდება. რჩევებსაც უხვად გასცემს და ყოველთვის მზადაა სხვებს დაეხმაროს. მოდელობა საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო და მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია. თუმცა, შემდეგ ამ სფეროს დროებით ჩამოშორდა და იდეალური ფორმების მიუხედავად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში უარს ამბობდა გადაღებებში მონაწილეობაზე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის კვლავ ჩაერთო გადაღებებში, გახდა რამდენიმე კომპანიის სახე და ცნობილი ინფლუენსერი. Beauty Magazine-ს ის თავის მოვლისა და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

    ლალი, როგორ დაიწყეთ მოდელობა?

    მაღალი და ძალიან გამხდარი ვიყავი. ამან ძალიან დამაკომპლექსა და სულ ვიხრებოდი. მიუხედავად იმისა, რომ „მის სკოლა“ გავხდი, მაინც დაბალი თვითშეფასება მქონდა და ძალიან მორცხვი ვიყავი. მოდელობაზე არ მიფიქრია, ამისთვის არ მეცალა – კარგად ვსწავლობდი და სამხატვროსთვის ვემზადებოდი. დედამ სამოდელო სააგენტოში იმიტომ მიმიყვანა, რომ აღარ მოვხრილიყავი. ძალიან კარგი მონაცემები მქონდა და მისვლიდან ერთ კვირაში ძალიან სერიოზულ ჩვენებაზე გამომიყვანეს. გავხდი ერთ-ერთი წამყვანი მოდელი, ვმონაწილეობდი ყველა კარგ ჩვენებაში. შემდეგ ჩავაბარე აკადემიაში (გობელენისა და მხატვრული ქსოვილის მიმართულებით). ძალიან კარგად ვსწავლობდი, მაგისტრატურაც დავამთავრე, წითელი დიპლომიც ავიღე. შემდეგ კი გავთხოვდი, ჩემი მეუღლე ფეხბურთელი იყო და ქვეყნიდან წავლა მოგვიწია. დაახლოებით 14 წელი არსად ვჩანდი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს სახლში, ბავშვებს ვზრდიდი (ძიძა არ ამიყვანია) და არაფერი მაწუხებდა. კარგ ფორმაში ვიყავი, მაგრამ გადაღებებზე ყოველთვის უარს ვამბობდი.

    როდის დაუბრუნდით აქტიურ ცხოვრებას?

    2 წლის წინ, დეილ კარნეგის ცენტრის ხელმძღვანელმა დამპატიჟა ძალიან საინტერესო ლექციაზე. ლექციას ერქვა “დატოვე კომფორტის ზონა, ადექი და განვითარდი.” იქ მიღებულმა ინფორმაციამ მომცა მოტივაცია და დამეხმარა კომფორტის ზონიდან გამოსვლაში, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ლელა წითლანაძეს. ახლა უკვე “წარმატებულ ქალთა კლუბის” წევრი ვარ, რომელიც ამავე ცენტრმა ჩამოაყალიბა. ამ შეხვედრის შემდეგ დავურეკე ჩემს მეგობარს, ლაშა შალამბერიძეს და გავაკეთეთ ფოტოსესია. უკვე წელიწადნახევარია კვირაში ორჯერ გადაღება მაქვს, გავხდი მაღალანაზღაურებადი ინფუენსერი, ვარ რამდენიმე კომპანიის სახე (მათ შორის „კობის“). თავიდან მოდის სფეროთი დავიწყე, ახლა უკვე თავის მოვლისა და ჯანსაღი ცხოვრების სფეროში ვარ. პატარ-პატარა ფრაზებს ვდებ ხოლმე ინსტაგრამზე. ეს ბევრს ეხმარება და ამხნევებს. ძალიან ბევრი ქალი მწერს და მეუბნება, რომ ამა თუ იმ ფრაზამ მისი ცხოვრება ეცვალა. ჩემი თავი ვიპოვე და ძალიან ბედნიერი ვარ.

    როგორ ინარჩუნებთ იდეალურ ფორმებს?

    2 ბავშვი გავაჩინე, მაგრამ არასოდეს მქონია წონის პრობლემა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას და ცხოვრების სტილს. 5 წლის წინ, ერთ-ერთ უცხოურ გადაცემაში მოვისმინე, რომ დილით ნახევარი ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ და 45 წუთის შემდეგ მივირთვათ საჭმელი. ეს გვეხმარება ცელულიტის მოშორებაში. გადავწყვიტე მეცადა და საკმაოდ გაოცებული დავრჩი –  ცელულიტი გამიქრა. 5 წელია ამას ვაკეთებ და ყველას ვასწავლი. ზოგადად, მომწონს ჩემს გამოცდილებას სხვებს რომ ვუზიარებ.

    ჩვენც გაგვიზიარეთ, როგორ უვლით თავს და როგორია თქვენი კვების რაციონი?

    ძალიან გამიმართლა, რადგან რასაც მინდა, როცა მინდა და რამდენსაც მინდა იმდენს მივირთმევ. ტკბილეულიც ძალიან მიყვარს, მაგრამ არ ვსუქდები. მთავარი მინდა ვუთხრა ყველას – არა სიგარეტს! მოწვეა არ არის მოდური და მინდა რომ საქართველოშიც წამოივდეს ეს ტენდენცია. სიგარეტი ყველაზე მეტად აჭკნობს, აბერებს და აზიანებს ორგანიზმს. არასოდეს გამისინჯავს. არც ალკოჰოლი მიყვარს. სწორედ ეს მეხმარება ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.

    როგორ იწყება თქვენი დილა?

    ძალიან ადრე, ექვსზე ან შვიდის ნახევარზე ვიღვიძებ. კვრიაში სამჯერ, მწვრთნელთან ერთად „სენპში“ პილატესს ვვარჯიშობ. დანარჩენი დღეები ფეხით დავდივარ კუსტმაზე. მინიმუმ 10 კილომეტრს გავდივარ ფეხით. ჩემი რეკორდი იყო 20 კილომეტრი. დიდი ხანი არაა რაც ასე ვცხოვრობ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელს, ნატალიას, რომელმაც შემაყვარა ვარჯიში. მან ძალიან სწორად ამიხსნა რატომ უნდა ვივარჯიშოთ ქალებმა. სახეს ვუვლით, ვიკეთებთ ინექციებს, სხვადასხვა პროცედურებს… და თუ არ ვივარჯიშებთ სახე გვექნება მოვლილი და სხეული მოუვლელი. ვარჯიში აუცილებელია სახსრებისთვის, მენჯებისთვის, ძვლებისთვის და ზოგადად, ჯანმრთელობისთვის. ბებიაჩემი 82 წლის გარდაიცვალა. იყო ულამაზესი, გამხდარი და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. თუმცა, გარდაცვალებსი მიზეზი გახდა მენჯის მოტეხილობა. მე არ ვიცოდი, რომ ქალების სუსტი ადგილი სწორედ მენჯებია. ჩემმა ტრენერმა ამიხსნა, რომ თუ მენჯი არის ჯანმრთელი, ქალიც ჯანმრთელია. თვენახევარია ვვარჯიშობ და შედეგს ვხედავ. რაც მთავარია, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მშვიდი, ლამაზი და ჯანმრთელი სიბერე მქონდეს.

    რას ნიშნავს თქვენთვის სილამაზე?

    ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ კარგი გარეგნობა. აუცილებელია შინაგანი სიმშვიდე, განათლება, გემოვნება, კეთილგანწყობა ადამიანების მიმართ – ეს ყველაფერი ერთად ქმნის სილამაზეს. გარეგნობას 3 წუთიანი ეფექტი აქვს და თუ დანარჩენი თვისებები არ აქვს ადამიანს, მალევე ხვდები, რომ ის არც ისე მომხიბვლელია როგორც გეგონა.

    რამდენად დიდ დროს უთმობთ მომზადებას სახლიდან გასვლისას?

    დაახლოებით 1 საათი ან 45 წუთი მჭირდება – შხაპით დაწყებული, მაკიაჟით დამთავრებული. ვცდილობ ყოველდღიურად მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთო. მხოლოდ ვარჯიშზე ვარ უმაკიაჟოდ.

    თუ საიდუმლო არ არის, რომელი ბრენდის დეკორატიულ კოსმეტიას ანიჭებთ უპირატესობას?

    ადრე, პატარა და მეტიჩარა რომ ვიყავი, მარტო ლუქს ბრენდებს ვხმარობდი: შანელს, გერლენს… ახლა კი მაქვს ჩემი მიქსი – შევქმენი ჩემი კოსმეტიკური ნაკრები, რაც ყველაზე მეტად მიხდება: ჩემი საყვარელი ტონალურია „ესტე ლაუდერი,“ ტუჩსაცხები და ტუჩის ფანქრები მიყვარს „მაკის“ ფირმის,  ვხმარობ „ინგლოთის“ თვალის ჩრდილებს, „დიორის“ ტუშს, ასევე „დიორის“ და „ბეკას“ ჰაილაითერს. მოკლედ, ვიპოვე ჩემი პროდუქტები. ეს მოაქვს ასაკს, გამოცდილებას და გემოვნებას.

    როგორ უვლით კანს?

    გამიმაართლა და 6 წლის წინ ძალიან კარგ ექიმ კოსმეტოლოგთან  მოვხვდი. ეს არის ალბინა ქაჯაია – მსოფლიო დონის ექიმი, ტოტალ შარმის კოსმეტოლოგი, რომელიც დღეს უკვე ჩემი უახლოესი მეგობარია, ვარ მისი შვილის ნათლია. მაშინ ჩვეულებრივი პაციენტი ვიყავი, არაფერი მქონდა გაკეთებული და მივედი. 33 წლის ვიყავი და ასაკთან დაკავშირებული პროცესები უკვე დაწყებული იყო. მითხრა რა მჭირდებოდა და მას შემდეგ აბსოლუტურად ყველაფერს ვუჯერებ. ეტაპობრივად, სწორად ვუვლი სახეს. ყოფილა შემთხვევები, როცა ჩემი ინიციატივით მომდომებია რაიმეს გაკეთება, მაგრამ თუ ნამდვილად არ მჭირდება, არ მიკეთებს. მინდა აღვნიშნო კარბონის პროცედურა, ბოლო დროს პილინგები შემიყვარდა ძალიან. ყველაფერს ალბინა ქაჯაიას რჩევით ვაკეთებ. ნუტრიკოსმეტიკა ვიადერმის მიღებაც მასთან შეთანხმებით დავიწყე. 2 წელია პერიოდულად ვიტარებ „ვიადერმის“ კურსს და ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით. განსაკუთრებით გამიმარგრდა და გამიჯანსაღდა ფრჩხილები.

    რაც შეეხება კრემებს… როგორც გითხარით, ადრე ვხმარობდი „შანელს“ და „გერლენს.“ ახლა კი მივაგენი „ობაჯის“ ბრენდს, რომელიც პირდაპირ ჰოლივუდიდან მოდის და მისი შეძენა შესაძლებელია „ტოტალ შარმში.“ რაც მთავარია, ძვირადღირებულ კოსმეტიკასთან შედარებით ძალიან იაფია (მესამედი ფასი ღირს) და ნამდვილი საოცრებაა. პრობლემური კანი მაქვს, ხშირად მაყრის და ამიტომ, ამ ფირმის მთელი კომპექტი შევიძინე – დასაბანი გელი, დამატენიანებელი, ნიღბები, სქრაბები… დილაობით ჩემს პროცედურებს ვიტარებ, რომელიც ალბინამ შემიდგინა. წელიწადი და 2 თვეა რაც ვხმარობ „ობაჯის“ ბრენდს და საოცარი შედეგი მაქვს.

    როგორ ფიქრობთ, რომელია ყველაზე აუცილებელი პროცედურა კანისთვის?

    ვთვლი, რომ 30 წლის შემდეგ ყველამ უნდა გაიკეთოს ბიორევიტალიზაცია „იუვიდერმით.“ მე ამ პროცედურის ფანი ვარ. წელიწადში ერთხელ კეთდება და გასაოცარი შედეგი აქვს, მინუს 10 წელი!

    ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სახეზე არასოდეს ვირუჯები ს და ყველას იმავეს ვურჩევ. პლიაჟზე 50% დამცავით გავდივარ და სახეზე სულ რაღაც მაქვს აფაარებული. მზე ძალიან აჭკნობს კანს.

    თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი, თავის მოვლა თუ ტანსაცმელი?

    რა თქმა უნდა, თუ საშუალება გვაქვს, ორივე მნიშვნელოვანია. თუმცა, პირადად მე, მირჩევნია ფული თავის მოვლაში დავხარჯო, ვიდრე ტანსაცმელში.

    ტანსაცმლის რომელი ბრენდი მოგწონთ ყველაზე მეტად?

    ვყიდულობ ყველანაირ ბრენდს და საერთოდ არ მაქვს კომპლექსი, რომ აუცილებლად ძვირიანი ბრენდი უნდა იყოს. ასევე, ძალიან მიყვარს ქართველი დიზაინერები. სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, ბევრ მათგანს ვიცნობ და ხშირად მაცვია მათი ტანსაცმელი. ერთხელ, მოდის კვირეულზე 15 ლარიანი ზედა მეცვა და ELLE-მ დაბეჭდა ჩემი ფოტო. ამ ზედით VOGUE-შიც მოვხვდი. მთავარია ქალმა თავისი სტილი იპოვოს და მოიხდინოს. არ უნდა უყურო სხვას რა აცვია. ძალიან მაგარი დიზაინერები გვყავს და საქართველოში აქსესუარებისა და ტანსაცმლის ძალიან დიდი არჩევანია. ერთი ცნობილი ყაზახი ბაიერი ქალბატონია, ლილია რახი. ყოველ წელს ჩამოდის მოდის კვირეულზე. 2 წლის წინ მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ქართველებს ძალიან კარგი გემოვნება გვაქვს და შგვიძლია გვეცვას იაფიანი ტანსაცმელი და გამოვიყურებოდეთ ძალიან მდიდრულად. ეს დიდი კომპლიმენტი იყო.

    როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

    ვერაფრით მოვირგე საქმიანი სტილი. საქმიან შეხვედრზებზე მაინც ჩემებურად მაცვია. მთავარი ჩემთვის არის ჯინსის შარვალი და ყველაფერს ჯინსს ვუხამებ. შეიძლება ძალიან კლასიკური ფეხსაცმელი ვიყიდო, მაგრამ მოვახერხებ და ჯინსზე ჩავიცვამ აუცილებლად. კაბები არ მიყვარს. ჯინსი და მაისური იდეალური ლუქია ჩემთვის.

    როგორი რეჟიმი გაქვთ?

    ჩემი დილა საკმაოდ ადრე იწყება და ძალიან დატვირთული დღე მაქვს. ყველაზე მთავარი არის ის, რომ 2 შვილი მყავს, დედა ვარ. უკვე დიდი გოგოები არიან, მაგრამ სწორედ ახლა სჭირდებათ ყურადღება. სახლის საქმეებს რაც შეეხება, ყველაფერს თვითონ ვაკეთებ. ჩემი ჰობია სამზარეულო და ძალიან კარგად გამომდის საჭმელების კეთება. გარდა ამისა, ვარ „წარმატებულ ქალთა კლუბის“ წევრი, სადაც ძალიან ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ (ვეხმარებით საქველმოქმედო ფონდებს); კიდევ 2 კომპანიაში ვმუშაობ პიარის განხრით, ვარ რამდენიმე კომპანიის სახე და სისტემატურად მაქვს გადაღებები; გარდა ამისა, ჩემმა მეგობარმა, თათამ, ლოს ანჯელესში გააკეთა პიარ სააგენტო, რომელიც ქართველ დიზაინერებს მსოფლიო ბაზარზე გასვლაში ეხმარება და აცმევს მსოფლიო ვარსკვლავებს. მე ვარ თათას თანაშემწე საქართველოში და ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობ.

    სიმართლე გითხრათ, მირჩევნია გადარბენა მქონდეს, რადგან ვერ ვიტან როცა საქმე არ მაქვს. ზოდიაქოთი ვერძი ვარ და ერთ ადგილას გაჩერება არ შემიძლია. სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს და საქმიანობას უფრო ბიზნესის კუთხით გავაგრძელებ.

    და ბოლოს…

    ყველამ ჩვენი ადგილი უნდა ვიპოვოთ და ვიყოთ დაკავებულები. მე ვიჯექი სახლში და ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. ახლა ვხვდები რომ ბევრი კარგი საქმე შეიძლებოდა გამეკეთებინა, თუნდაც ქველმოქმედების მიმართულებით. უნდა ვეცადოთ, რომ ურთულეს სიტუაციებშიც კი რაღაც კარგი დავინახოთ. თვითონ უნდა გავაბედნიეროთ ჩვენი თავი, სხვა ჩვენზე არ იზრუნებს. როცა აკეთებ რაღაც კარგს, ხარ ბედნიერი, კარგი დედაც ხარ და კარგი მეუღლეც. ბედნიერება არის შინაგანი განწყობა.

    მაია ტოჩილაშვილის ფოტო
    მაია ტოჩილაშვილის ფოტო
    მაია ტოჩილაშვილის ფოტო
    მაია ტოჩილაშვილის ფოტო
    მაია ტოჩილაშვილის ფოტო
    მაია ტოჩილაშვილის ფოტო
    მაია ტოჩილაშვილის ფოტო
    მაია ტოჩილაშვილის ფოტო
    მაია ტოჩილაშვილის ფოტო
    მაია ტოჩილაშვილის ფოტო

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი