ლიკა კვარაცხელია: „სასურველ წონას სწორი კვებითა და ვარჯიშით ვინარჩუნებ“

    ყოფილი მოდელი, ახლა უკვე წარმატებული ბიზნესლედი და სამი შვილის დედა, ლიკა კვარაცხელია  ყოველთვის მომხიბვლელად გამოიყურება და საქმესაც წარმატებით უძღვება. Beauty Magazine დაინტერესდა, თუ რა არის ლიკას სილამაზის საიდუმლო და როგორ ახერხებს მუდამ კარგ ფორმაში ყოფნას.

    როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობს ტერმინი „თავის მოვლა“ და რა არის საჭირო იმისათვის, რომ მოგვწონდეს და გვიყვარდეს საკუთარი თავი?

    “თავის მოვლა” შენი სხეულის მოსმენას და იმ რეჟიმის სწორად შერჩევას გულისხმობს, რომელიც გჭირდება – სახის მოვლიდან დაწყებული, ვარჯიშით დამთავრებული. თავდაჯერებული ხარ როდესაც გიყვარს და მოგწონს შენი თავი, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. პირადად მე, ვარჯიში მაძლევს ამ თავდაჯერებულობას.

    როგორია ლიკა კვარაცხელიას კანის მოვლის რუტინა?

    საკმაოდ რთული 🙂 იქიდან გამომდინარე რომ ცხიმიანი კანი მაქვს, ძალიან სათუთად ვარჩევ კანის მოვლის საშუალებებს. დღეში რამდენჯერმე ვისუფთავებ კანს, კვირაში ორჯერ სახლის პილინგს და სკრაბს ვიყენებ. ამას ემატება თიხის ნიღაბი.

    როგორ მაკიაჟს ანიჭებთ უპირატესობას?

    ყოველდღიურად ძალიან ბუნებრივ მაკიაჟს ვიკეთებ – ვისვამ მხოლოდ ტონალურს და ტუშს. თუმცა, ჩემი საღამოს მაკიაჟიც არ არის ხოლმე ძალიან მკვეთრი.

    ხართ თუ არა სოლარიუმის ხშირი სტუმარი და ზოგადად, რას ფიქრობთ რუჯზე?

    არასოდეს ვსტუმრობ სოლარიუმს. ზაფხულში, ზღვაზე ვირუჯები და ისიც ზომიერად. პრონციპში, სულ ქოლგის ქვეშ ვარ (რადგანაც არ მსიამოვნებს მზეზე წოლა) და ძალიან ბერს ვცურავ. სწორედ ამიტომ, ზაფხულობით საკმაოდ გარუჯული ვარ ხოლმე და საბოლოოდ, რუჯიც უფრო თანაბარია.

    გქონიათ თუ არა ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის პრობლემაროგორ ახერხებთრომ ყოველთვის იდეალურ ფორმაში ხართ

    ბოლო პერიოდში მუდმივად მქონდა ზედმეტი 3-4 კილოგრამი, რაც ძალიან მაწუხებდა. სასურველ წონას სწორი კვებითა და ვარჯიშით ვინარჩუნებ, პერიოდულად კი ვაკეთებ დეტოქს ( განტვირთვის) დღეებს.

    რა ინტენსვობით ვარჯიშობთ და როგორია თქვენი ყოველდღიური რაციონი?

    კვირაში 3-4 დღე ვვარჯიშობ, ამ ეტაპზე TRX ვარჯიშებს ვაკეთებ. თუმცა, ხშირად ვცვლი ვარჯიშებს: ხან იოგათი ვარ დაკავებული, ხან ტრენაჟორებით, ხან კი ვცურავ. ხშირად უბრალოდ სუფთა ჰაერზე დავდივარ ფეხით ან ველოსიპედით. კვებას რაც შეეხება, ყველაფერ ვიღებ, ოღონდ ზომიერად: ცილები, სასარგებლო ცხიმები, ნახშირწყლები, ხილი და დიდი რაოდენობით ბოსტნეული.

    რა დროს უთმობთ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვას და როგორ ანაწილებთ დროს?

    როცა ვვარჯიშობ და სწორად ვიკვებები, ბევრად უფრო ენერგიული ვარ. ჩემი დილა საკმაოდ ადრე იწყება, ამიტომ ყველაფერს ვასწრებ.

    რა აზრის ხართ ნუტრიკოსმეტიკაზე?

    ნუტრიკოსმეტიკის მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი. ვთვლი, რომ სილამაზის შესანარჩუნებლად მხოლოდ გარეგანი კრემების გამოყენება საკმარისი არ არის.

    რომელ კოსმეტიკურ ბრენდს ანიჭებთ უპირატესობას?

    ჩემი კოსმეტიკური საშუალებები ძირითადად მინერალური კოსმეტიკისგან შედგება. ასეთი ბრენდი რამდენიმეა. მათ შორისაა Bare Minerals და Micabella Cosmetics.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი