LIVEმედი – ოქროს წესები ჯანსაღი კვების რეჟიმის დასაცავად

    ფარმაცევტული კომპანია “არტფარმას” ახალი კამპანიის “Liveმედის” ფარგლებში, კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, საქართველოს წამყვანი ექიმები facebook მომხმარებლების კითხვებს სამედიცინო Live ჩართვებში უპასუხებენ.

    “Liveმედის” პირველი ჩართვის სტუმარია ლაშა უჩავა, ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი. ბატონმა ლაშამ ისეთ საინტერესო და აქტუალურ თემაზე ისაუბრა, როგორიც არის ჯანმრთელობა და სწორი კვება კარანტინის პირობებში.

    ლაშა უჩავა: “ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, განსაკუთრებით თვითიზოლაციის პირობებში, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, რაც მოიცავს სამ მნიშვნელოვან ფაქტორს: ჯანსაღ კვებას, ფიზიკურ აქტივობას და გამართულ ძილს (რაც მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლისა და მეტაბოლიზმისთვის). აღნიშნული კრიტერიუმების დაცვა თავიდან აგვაცილებს წონის მატებას; აპათიას, მოდუნებას, ძილიანობას, განწყობის დაქვეითებას და სხვა მნიშვნელოვან გართულებებს, მათ შორის ყურადსაღები გახლავთ იმუნური სისტემის დაქვეითება. დღეს კი, არსებული პანდემიის პირობებში, იმუნიტეტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსებისა და ბაქტერიებისგან თავის დაცვის თვალსაზრისით. მხედველობაში მაქვს ნებისმიერი ინფექცია და არა მხოლოდ COVID-19.

    მინდა შევეხო დაავადებების კონტროლის ცენტრის მიერ  გამოქვეყნებულ იმ პაციენტთა ჯგუფებს, რომლებიც იმყოფებიან კორონა ვირუსით ინფიცირების მაღალი  რისკის ქვეშ.  ამ ჩამონათვალს ძირითადად მიეკუთვნება ისეთი ნოზოლოგიები, როგორიცაა: ქრონიკული დაავადებები; ჭარბი წონა; დიაბეტი; ოსტეოპოროზი/ოსტეოპენია და სხვა.

    თითქმის ყველა ქრონიკული დაავადების მიმდინარეობა, პრევენცია და მართვა დაკავშირებულია ენდოკრინულ სისტემასთან და შესაბამისად ენდოკრინოლოგიასთან, სწორედ ამიტომ შევეცდები მარტივი განმარტებები გავცე აღნიშნულ დაავადებებთან მიმართებაში.

    სიმსუქნე და დიაბეტი მიეკუთვნება სფეროს, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია. სტატისტიკის მიხედვით, არსებული პანდემიის პირობებში  80% იმ ადამიანებისა, ვისაც ვირუსის დროს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანა დასჭირდა, სხვა პრობლემებთან ერთად სიმსუქნეც აწუხებდათ. იტალიის მონაცემებით, დაღუპულების 95 % აღენიშნებოდა სხვადასხვა ქრონიკული დაავადება.

    ოსტეოპოროზი ან ოსტეოპენია, გახლავთ ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება. ეს არის დეფიციტი იმ ნუტრიენტებისა რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის: კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი და D ვიტამინი. აღნიშნული კომპონენტები, არა მხოლოდ ძვლოვანი სისტემის, არამედ ზოგადად, ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციობისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელნი არიან.

    სწორედ ამიტომ, მეტად მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ჩვენი ცხოვრების წესზე, ჯანსაღ, ბალანსირებულ კვებაზე და ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების ბალანსზე.

    დღეს უამრავი ადამიანი მიმართავს სხვადასხვა ტიპის დიეტებს და თვითნებურად იწესებს კვებით შეზღუდვებს. შარშან, მსოფლიო ენდოკრინოლოგთა კომფერენციაზე განიხილებოდა სიმსუქნის მკურნალობა. მოცემული იყო ტოპ 5 დიეტა: 18 საათიანი შიმშილი, დუკანის დიეტა, კეტო დიეტა, ხმელთაშუა ზღვის პროდუქტების დიეტა და ჯანსაღი, რაციონალური კვება. ყველა მათგანი განხილული იყო სხვადასხვა დაავადებებთან მიმართებაში. მხოლოდ ჯანსაღი კვება ცნეს ნებისმიერი დაავადების არსებობის შემთხვევაში წონის დაკლების იდეალურ მეთოდად.

    რას მოიცავს ჯანსაღი, სწორი კვება? პირველ რიგში, სწორი კვება მოიცავს  ჯერად კვებას  ანუ  4-5 კვება დღეში. კვებებს შორის  შუალედი უნდა იყოს მინიმუმ ორ საათ-ნახევარი და მაქსიმუმ ოთხი საათი. დღის განმავლობაში უნდა გვქონდეს სამი ძირითადი კვება: საუზმე, სადილი და ვახშამი. ასევე, ორი დამატებითი კვება – ხილით, რძის პროდუქტებით ან ბოსტნეულის სალათით. აუცილებელია ასევე ცხოველური ცილების მიღება, განსაკუთრებით 50 წლამდე პერიოდში, როდესაც ჰორმონალური აქტივობა მაღალია. ამ დროს ყველა ჰორმონს წარმოქნისთვის სჭირდება ცილოვანი ნივთიერებები. ცხოველური ცილის სრულად გამორიცხვას ვერაფრით ჩაანაცვლებს B12 ტიპის ვიტამინი. არსებობს 9 ამინომჟავა, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის და რომლებიც მხოლოდ ცხოველურ ცილაში არის.  რკინაც და თუთიაც, რომელიც ასევე ძალიან აუცილებელი ნივთიერებებია და მხოლოდ ხორცში მოიპოვება. მარხვის პერიოდში მნიშვნელოვანია რაციონში შევიყვანოთ ლობიო, ბარდა, სოკო – ანუ ის საკვები პროდუქტები, რომლებიც მდიდარია მცენარეული ცილები. ცხიმებს რაც შეეხება, შეგვიძლია მივირთვათ ავოკადო, სიმინდი…

    ხილი და ბოსტნეული უნდა მივიღოთ დოზირებულად. დღის განმავლობაში შეგვიძლია 500-700 გრ ხილი მივიღოთ, ხოლო ბოსტნეული – 800-1000 გრ. დოზირებები დამოკიდებულია ჩვენს სიმაღლესა და წონაზე. დღის მეორე ნახევარში არ უნდა მივიღოთ მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე ხილი, მაგალითად ბანანი.

    რაც შეეხება პურ-ფუნთუშეულს, ყოველდღიურად 100 გრ უსაფუარო პურის მიღება აბსოლუტურად საკმარისია ორგანიზმისთვის.

    ჩვენი ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკვები ხშირად არ შეიცავს ორგანიზმისათვის აუცილებელი მიკრო და მაკრონუტრიენტების იმ რაოდენობას, რომელიც წარმოადგენს სადღეღამისო, რეკომენდებულ დოზებს, ამიტომ გვიწევს საკვები დანამატების მიღება. განსაკუთრებით ყურადსაღებია კალციუმი, თუთია, მაგნიუმი, ფოსფორი, B ჯგუფის ვიტამინები და რა თქმა უნდა D ვიტამინი.

    დღეს, მსოფლიო მასშტაბით აქტიურად განიხილება D ვიტამინი. გარდა იმისა, რომ D ვიტამინი განაპირობებს ძვლის, ფრჩხილის და თმის სტრუქტურულ სიჯანსაღეს,  ის მნიშვნელოვანია ზოგადად ორგანიზმის გამართული ფუნქციობისათვის. მისი დეფიციტი უარყოფითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინულ, რეპროდუქციულ, ნერვ-კუნთოვან და იმუნურ სისტემაზე.  უამრავი კვლევა მიმდინარეობს D ვიტამინისა და იმუნური სისტემის ჯანსაღი ფუნქციობის შესახებ. დამტკიცებულია, რომ მისი როლი ძალიან დიდია ამ მხრივ. D ვიტამინის დეფიციტის სიმპტომებია: გუნება-განწყობის ცვლილება, მოდუნება, სისუსტე კუნთებში, თმის, კანის და ფრჩხილის სტრუქტურის ცლილება; შესაძლოა იყოს ოფლიანობა, ემოციური ლაბილობა. სიმტომების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს, ამიტომ ერთხელ მაინც უნდა გადაამოწმოთ და გაიგოთ, გაქვთ თუ არა ნაკლებობა. ამისათვის ასაკობრივი ზღვარი არ არ არის საჭირო. ნებისმიერ ასაკში აუცილებელია მისი ნორმალური რაოდენობა ორგანიზმისთვის. რაც შეეხება მის დღიურ რეკომენდებულ დოზებს, მერყეობს 400 სე-დან 4000 სე-მდე. ზუსტი დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე, თუ როგორია ორგანიზმში D ვიტამინის მაჩვენებელი.

    კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ძილი ჯანმრთელი ცოხვრების მნიშვნელოვანი გარანტია.

    გთხოვთ, ყველამ დავიცვათ დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები და ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე.”

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი