რატომ და როგორ უნდა მოვუაროთ გამომშრალ ხელებს?

    ბევრმა ქალმა შევიყვარეთ სახის კანის მოვლა, შევიდგინეთ რამდენიმე ეტაპიანი რუტინა და ყოველდღიურობად გავიხადეთ ჩვენი სახის მოვლა, რაც ჯანსაღი და ახალგაზრდული იერის გარანტიაა. თუმცა, ადამიანების უმრავლესობა მნიშვნელოვნად მეტ დროს ვუთმობთ სახის მოვლას, ვიდრე სხეულის, განსაკუთრებით ხელების, რომელზეც ასაკი ყველაზე სწრაფად გვეტყობა. 

    ხელებზე არ გვაქვს ბევრი და აქტიური ცხიმოვანი ჯირკვალი, რაც მათ ადეკვატურ დატენიანებას განაპირობებდა, გარდა ამისა, წარმოიდგინეთ რამდენ ბაქტერიას, ქიმიკატს, უხეშ ზედაპირს, ჭუჭყს ეხება ჩვენი ხელები, დღის განმავლობაში რამდენჯერ გვიწევს მისი დაბანა და ბუნებრივი ტენიანობის მოშორება, როგორ მოქმედებს მასზე ტემპერატურის ცვლილება და მზის გამოსხივება. ამ მიზეზების გამო უმნიშვნელოვანესია სწორად შევარჩიოთ ხელის დამატენიანებელი კრემი და გამოვიყენოთ ის ყოველდღიურად, საჭიროებისამებრ რამდენჯერმეც კი.

    როგორ უნდა ვიზრუნოთ ხელებზე?

    1. ხელების დასაბანად გამოიყენეთ ნაზი საპონი ან გამწმენდი საშუალება. აირჩიეთ პროდუქტები დამატენიანებელი ინგრედიენტებით, როგორიცაა გლიცერინი, ჰიალურონის მჟავა ან ალოე ვერა.
    2. წაისვით დამატენიანებელი კრემი ხელების დაბანის შემდეგ და ძილის წინ. მოძებნეთ პროდუქტი ისეთი ინგრედიენტებით, როგორებიცაა:
    • შიის კარაქი: მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, ღრმად ატენიანებს, არბილებს და აღადგენს კანის ელასტიურობას.
    • მზენარეული ზეთები: ჟოჟობას, არგანის, ქოქოსის, ავოკადოს, ნუშის, მზესუმზირის ზეთები
    • ჰიალურონის მჟავა: ძლიერი დამატენიანებელი ინგრედიენტი, რომელიც იზიდავს და ინარჩუნებს ტენიანობას კანში
    • კერამიდები: ეხმარება კანის ბუნებრივი ბარიერის აღდგენას, ტენიანობის შეკავებას და გარემოს დაზიანებისგან დაცვას.
    • გლიცერინი, პანთენოლი, ცენტელა აზიატიკა, შარდოვანა, შვრიის ექსტრაქტი

    3. კვირაში ერთხელ გამოიყენეთ მსუბუქი ქიმიური ამქერცლავი საშუალება ან ნაზი სკრაბი, რომელიც მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს და გააუმჯობესებს ინგრედიენტების კანში შეწოვას.
    4. სახის რუტინის დასრულების შემდეგ აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი ხელებზეც, ის დაგეხმარებათ ნაადრევი ნაოჭების და პიგმენტური ლაქების პრევენციაში
    5. სახლის საქმეების შესრულების დროს ატარეთ ან სიცივეში გასვლისას ატარეთ ხელთათმანები
    6. ხელის კრემის წასმისას არ დაგავიწყდეთ ფრჩხილები და კუტიკულები, რადგან ისინი ასევე მიდრეკილნი არიან ინფექციებისა და დაზიანებისკენ. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალია კუტიკულების ზეთის გამოყენება.
    7. თუკი განსაკუთრებულად გამომშრალი და დაზიანებულია თქვენი კანი, ძილის წინ ხელის კრემის წასმის შემდეგ გადაისვით ვაზელინი და ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები, ეს უზრუნველყოფს კანის ძლიერ დატენიანებას, დარბილებას და ბარიერის აღდგენას.

    სტატიის ბოლოს, მინდა გაგიზიაროთ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ხელის კრემი, რომლის შემადგენლობა და ტექსტურა ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებულია. L’Occitane 20% Shea Butter Hand Cream არის ინტენსიური მკვებავი, რომელიც შექმნილია გამომშრალი და გაუხეშებული ხელებისთვის. შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, როგორებიცაა შიის კარაქი (20% კონცენტრაციით, რომელიც მდიდარია ომეგა ცხიმოვანი მჟავებით), ბეტა გლუკანი, გლიცერინი, არგანის, ქოქოსის და მზესუმზირის თესლის ზეთები, რაფსის თესლის ფიტოსტეროლები და ე ვიტამინი. აქვს მსუყე, მაგრამ უცხიმო და მარტივად შეწოვადი ფორმულა და არ არის წებოვანი. გამოირჩევა ლამაზი და კომფორტული შეფუთვით და შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა სურნელოვანი ვარიაციებით.

    ლოქსიტანის ხელის კრემები იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს დახვეწილ და ეფექტურ ფორმულებსა და პრემიუმ გამოცდილებას.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი