მაკა კორინთელი ენდოკრინულ დაავადებებსა და მათ სიმპტომებზე

    ენდოკრინული სისტემის პრობლემებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული დაავადებების რიცხვი მსოფლიოში დღითი დღე იზრდება. გამონაკლისი არც საქართველოა. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სავალალო შედეგები, აუცილებელია მოვუსმინოთ ჩვენს ორგანიზმს და დროულად მივმართოთ ექიმს. ამ თმაზე სასაუბროდ ექიმ ენდოკრინოლოგს, მედიცინის დოქტორს, ქალბატონ მაკა კორინთელს მივმართეთ:

    “ენდოკრინული დაავადებები დაავადებათა ჯგუფია, რომელიც გამოწვეულია ერთი ან რამდენიმე ჯირკვლის ფუნქციიის დარღვევით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში მსოფლიოში ენდოკრინული დაავადებების (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების) ზრდის ტენდენცია აღინიშნება. სხვადასხვა ენდოკრინული პათოლოგიით დაავადებულია მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 7-8%. დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო წლებში საქართველოში ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევევით გამოწვეული დაავადებების რიცხვი იზრდება.

    ჩვენს ქვეყანაში ენდოკრინულ პათოლოგიებს შორის წამყვანია შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი, ოსტეოპოროზი, ოსტეოპენია, D ვიტამინის დეფიციტი, ერექციული დისფუნქცია და ა.შ.

    რა ასაკში ვლინდება ყველაზე ხშირად ენდოკრინული დაავადებები?

    ენდოკრინული დაავადებები ყველა ასაკობრივ ჯგუფში საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა ყველაზე ხშირია საშუალოდ 35-45 წლის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების რიცხვმა საგრძნობლად იმატა (ჰიპერ და ჰიპოთირეოზი), სიმსუქნე, ჭარბთმიანობა ბავშვებში, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.

    რა შეიძლება იყოს ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზი?

    დღესდღეობით 50-ზე მეტი ენდოკრინული დაავადება არსებობს. ნებისმიერი მათგანი არის შემდეგი მიზეზებით გამოწვეული (ერთით ან მეტით):

    • ორგანიზმში რომელიმე ჰორმონის დეფიციტი
    • ორგანიზმში რომელიმე ჰორმონის სიჭარბე
    • უჯრედის რეზისტენტობა ჰორმონების მიმართ
    • „დეფექტური“ ჰორმონების სინთეზი

    არის თუ არა შესაძლებელი ენდოკრინული სისტემის დაავადებების პრევენცია?

    არსებობს ენდოკრინული პათოლოგიები, რომელთა პრევენციაც არ ხერხდება (მაგალითად ჰიპოთალამო-ჰიპოფიზის სისტემის დაავადებები, თირკმელზედა ჯირკვლის, ეპიფიზის დაავადებები), თუმცა, ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი პათოლოგიის პრევენცია შეიძლება იოდის შემცველი პროდუქტებით ან იოდის პრეპარატების მიღების გზით, სიმსუქნისა კი რაციონში ჭარბი ნახშირწყლების და ცხიმების შეზღუდვით.

    რა სიმპტომებით უნდა მიხვდეს პაციენტი, რომ მას აქვს ენდოკრინული სისტემის პრობლემები და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია?

    ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ენდოკრინულ დარღვევას აქვს თავისი დამახასიათებელი ჩივილი, ამიტომ რთულია განსაზღვრო სიმპტომები, რომლებიც უნივერსალური იქნება ყველა ორგანოსთვის. თუმცა, ზოგადად შეგვიძლია გამოვყოთ: წონის მატება, ან პირიქით – ძლიერი კლება, არითმია, სხეულის ტემპერატურის ცვალებადობა, არტერიული წნევის მატება, მომატებული ოფლიანობა, კანის სიმშრალე, ნერვული აღგზნებადობა, ძლიერი საერთო სისუსტე, ძილიანობა, თმის ცვენა, მეხსიერების და კონცენტრაციის დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, პირის სიმშრალე, გახშირებული შარდვა და მრავალი სხვა.”

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი