ნელი ქეშელაშვილი ჰიპერპიგმენტაციისა და მისი მკურნალობის შესახებ

    ბოლო დროს, კანის პიგმენტაციის დარღვევები სულ უფრო მეტ ადამიანს აწუხებს. ყველაზე ხშირად გვხვდება ჰიპერპიგმენტაციის სამი ფორმა: მელაზმა, ლენტიგო და ანთების შემდგომი ჰიპერპიგმენტაცია. პიგმენტაციის დარღვევამ შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი ფსიქოლოგიური შედეგები გამოიწვიოს. არსებობს მკურნალობის რამდენიმე გზა, თუმცა მკურნალობა ხშირად რთულია და ხანგრძლივ დროს მოითხოვს. ამ პრობლემაზე სასაუბროდ “დეამედის” დერმატო-ვენეროლოგს, ნელი ქეშელაშვილს მივმართეთ.

    ქალბატონო ნელი, რომელია ის ძირითადი მიზეზები, რაც პიგმენტური ლაქების გაჩენას იწვევს?

    ჰიპერპიგმენტაციის მიზეზი დამოკიდებულია მის ტიპზე. ჰიპერპიგმენტაციის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

    მზეკანი და კერძოდ მელანოციტები აძლიერებს მელანინის გამომუშავებას, ორგანიზმი ამით იცავს კანს მზის ხანგრძლივი ზემოქმედებისაგან. მელანინის ჭარბმა სეკრეციამ, განსაკუთრებით ღია ფერის კანის მქონე ადამიანებში, შეიძლება გამოიწვიოს პიგმენტური ლაქების წარმოქმნა, რომელსაც ზოგჯერ მოსახლეობაში მზის ლაქებს ან ასაკობრივ პიგმენტურ ლაქებასაც უწოდებენ.

    კანის ანთება – კანის სხვადასხვა ანთებითი დაავადებების შემეგ შესაძლოა გაჩნდეს პიგმენტური ლაქები. ამ პრობლემას უფრო ხშირად მუქი კანის ფერის მქონე ადამიანები უჩივიან.

    ჰორმონალური დისბალანსი – შესაძლოა შეგვხვდეს ორსულობის დროს, ასევე სხვადასხვა ენდოკრინული დარღვევების და კონტრაცეპტივების მიღების პერიოდში.

    როგორ ვებრძოლოთ ზაფხულში უკვე არსებულ პიგმენტურ ლაქებს?

    ზაფხული არის პერიოდი, როდესაც პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ სრულ არსენალს ვერ ვიყენებთ, თუმცა შესაძლებელია ავირიდოთ მისი გაღრმავება. გარეთ გასვლისას სასურველია გამოიყენოთ მზისგან დამცავი კრემები მაღალი SPF-ით (მზისგან დამცავი ფაქტორით). არსებობს გარკვეული დეპიგმენტური სამკურნალო კოსმეტიკური საშუალებები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ზაფხულში; ასევე მჟავების შემცველი პრეპარატები, რომელთა მოხმარებაც შეგიძლიათ ზაფხულში. თუმცა, ექიმთან კონსულტაციის გარეშე მის გამოყენებას არ გირჩევთ.

    რა საპრევენციო საშუალებები არსებობს პიგმენტური ლაქებისთვის?

    როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მზისგან დამცავი კრემის გარეშე არ არის სასურველი სახლიდან გასვლა არც ერთ სეზონზე. განსაკუთრებით მათთვის, რომელთა კანიც მიდრეკილია პიგმენტური ლაქების გაჩენისკენ და ასევე აქვთ რაიმე ანთებითი დაავადება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ისიც, რომ კრემის დატანა უნდა მოხდეს მზეზე გასვლამდე ნახევარი საათით ადრე. არსებობს კრემები, რომელთა დატანა ყოველ 2 საათშია აუცილებელი. გამოიყენეთ დასაბანი საშუალებები და დამატენიანებელი კრემები რომლებიც თქვენი კანის ტიპისთვისაა განკუთვნიული. ზაფხულის თვეებში არ მიმართოთ ქიმიურ პილინგს და მოერიდეთ სხვადასხვა ამქერცლავი საშუალებების გამოყენებას, განსაკუთრებით თუ მზეზე გარუჯვას აპირებთ.

    რამდენად დამოკიდებულია ეს პრობლემა კვებაზე და რა რეკომენდაციას მისცემთ ჩვენს მკითხველს?

    რაიმე მეცნიერული დადასტურება რომ ეს პრობლემა დაკავშირებულია კვებასთან არ არსებობს. თუმცა, ბოლო დროს რამდენიმე სტატია გამოიცა ოქსიდაციური სტრესის და მზისგან გამოწვეული ჰიპერპიგმენტაციებს შორის კავშირის შესახებ. ოქსიდაციური სტრესის შემცირება კი შესაძლებელია ანტიოქსიდანტური საშუალებებით.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი