ნინი ბადურაშვილი: “…ამას არ ვმალავ და ვფიქრობ, რამე თუ არ მოგწონს უნდა შეცვალო”

    ნინი ბადურაშვილი უკვე წლებია პოპულარობას არ კარგავს. საზოგადოება მუდამ დაინტერესებულია მისი პირადი ცხოვრებით, საქმიანობით, გარეგნობით… გასაკვირი არც არის – ნიჭიერი, აქტიური და მომხიბვლელია. 33 წლის მომღერალი არაჩვეულებრივ ფორმაშია. სწორედ ამიტომ, Beauty Magazine დაინტერესდა, თუ როგორ ზრუნავს ნინი საკუთარ გარეგნობაზე და რა სიახლეებია მის ცხოვრებაში. 

    რა არის ის აუცილებელი რუტინა, რასაც ყოველ დილას და საღამოს მიმართავთ?

    არ ვიძინებ ის,ე რომ არ ჩამოვიბანო სახე და კრემი არ წავისვა. ამას ყოველთვის ვაკეთებ. ვფიქრობ ეს ყველა ქალმა უნდა გააკეთოს, რადგან არ შეიძლება მაკიაჟით დაძინება. რაც შეეხება დილას, დილითაც სახეს ვიბან და ვისვამ სახისა და თვალის კრემებს. კომბინირებული სახის კანი მაქვს.

    რამდენად ხშირად სტუმრობთ კოსმეტოლოგებს და თუ ითვალისწინებთ მათ რჩევებს?

    ხშირად ვსტუმრობ და მიყვარს ახალ-ახალი პრეპარატების მოსინჯვა. განებივრებული ვარ ნამდვილად და მიხარია, რომ ბევრი კლინიკა მეპატიჟება პროცედურების გასაკეთებლად. მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება, ოღონდ არა იმ კუთხით, რომ რამე გავიდიდო. ფილერს არ ვიყენებ, მაგრამ ბოტოქსი გამიკეთებია. ისიც, მხოლოდ, შუბლზე და დაბალ პროცენტიანი, რადგანაც არ მიყვარს გაშეშებული მიმიკა. რაც შეეხება სახის წმენდას, ამ ბოლო დროს ხშირად აღარ ვიწმენდ. მიხარია, რომ ამას მივაღწიე. ვფიქრობ, ფორების ხშირი გახსნა-დაკეტვა უფრო აღიზიანებს კანს.

    გაგიკეთებიათ თუ არა პლასტიკური ოპერაცია?

    მკერდის ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ამას არ ვმალავ და ვფიქრობ, რამე თუ არ მოგწონს უნდა შეცვალო. სახეს რაც შეეხება, ვფიქრობ, ასაკში კარგ სპეციალისტთან კანის გადაჭიმვის პროცედურას გავიკეთებ. მაგრამ, ახლა, უკვე იმდენი თავის მოვლის იმდენი საშუალება არსებობს, რომ ოპერაცია შეიძლება სულაც არ დაჭირდეს ადამიანს. თუ სწორად უვლი კანს, შესაძლოა, ძალიან გვიან ასაკში დაგჭირდეს ეს. თუ ადამიანს დეფექტი აქვს და ძალიან აწუხებს, მაშინ უნდა მიმართოს პლასტიკურ ქირურგს. უბრალოდ, ეს არ უნდა იყოს ძალიან არაბუნებრივი. ყველა რომ ერთმანეთს ჰგავს, არ მომწონს. ბევრი გოგო ერთმანეთში მეშლება – ერთნაირი ტუჩი, თვალი, ცხვირი, ინდივიდუალურობა აღარ აქვთ. ზოგს ის პატარა კეხი უხდება და მინახავს გოგოები, რომლებსაც გაუკეთებიათ ცხვირის ოპერაცია და დაუკარგავთ ის თავისი დამახასიათებელი ელფერი, რაც ალამაზებდათ. ქალმა უნდა მოუაროს საკუთარ თავს, შეიყვაროს თავისი თავი და თუ რაღაც ძალიან არ აწუხებს, უნდა დარჩეს ბუნებრივი. შეიძლება თხელი ტუჩი უფრო გიხდებოდეს, ვიდრე ძალიან დიდი.

    ყოველდღიურად თუ ატარებთ მაკიაჟს და თვლით თუ არა, რომ კოსმეტიკაში ფული არ უნდა დაგვენანოს?

    თავის მოვლის საშუალებებში თანხას არ ვიშურებ. ვფიქრობ, უნდა გაიმეტო ფინანსები, რომ სახის კანი მწყობრში გქონდეს. ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს, ტელევიზიასა თუ კონცერტებზე, მთელი დღის მანძილზე კოსმეტიკის ტარება გვიწევს. როგორი კარგი კოსმეტიკაც არ უნდა ვიხმაროთ, მაინც უარყოფითად მოქმედებს სახეზე, შეიძლება გამონაყარიც გაჩნდეს. ამიტომაც, დიდ ყურადღებას ვაქცევ იმას, თუ რას ვისვამ. რაც შეეხება ყოველდღიურ კოსმეტიკურ საშუალებებს, მხოლოდ ტუშს, ტუჩსაცხსა და ცოტა რუმიანას ვატარებ.

    ყოველთვის კარგ ფორმაშიხართ, სხეულის მოვლაზეც გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.

    ეს შრომის შედეგია! უნდა ივარჯიშო, სწორად იკვებო, სვა ბევრი წყალი, დიდი ინტენსივობით არ უნდა იწვე მზეზე, იარო სუფთა ჰაერზე. ეს ცხოვრების რეჟიმია. როგორც ცხოვრობ, ისე გამოიყურები. დღეს რთული ცხოვრებაა, მესმის. დაჩქარდა ტემპი, დღის მანძილზე დრო არ გვრჩება ბევრი რამისთვის, მაგრამ კვირაში ორჯერ მაინც უნდა დაუთმოს ყველა ადამიანმა საკუთარ თავს დრო, იმისათვის რომ ივარჯიშოს ან უბრალოდ, სუფთა ჰაერზე მაინც ისეირნოს. მერე ბევრად უკეთ გამოიყურები. კვებაც ძალიან მნიშვნელოვანია. რომ მეუბნებიან, როგორ გამოიყურები ასე კარგადო, ვპასუხობ, რომ უბრალოდ არ ვჭამ ბევრ საჭმელს. მეც მიყვარს ხინკალი, ტორტი, ქაბაბი და ზოგადად, გემრიელი საჭმელი, მაგრამ დიდი ხანია არ მიჭამია, მაგალითად, ჰამბურგერი. ძალიან მინდა, მაგრამ არ ვჭამ. ჯანსაღად მივირთმევ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ძილი – დროულად დაძინება და დროულად გაღვიძება. განსაკუთრებით კი ქალის ცხოვრებაში. ქალს ბევრად უფრო ეტყობა უძილობა, ეს აისახება მის გარეგნობაზე.

    მზე და რუჯი ახსენეთ, თავად თუ ხართ რუჯის მოყვარული?

    სხვათა შორის არა. ზაფხულში ბუნებრივ რუჯს ვანიჭებ უპირატესობას. სოლარიუმი მიყვარს, მაგრამ იმდენად მეშინია, რომ არ დავდივარ ხშირად. ძალიან იშვიათად შეიძლება შევიდე, ზამთარში ან გაზაფხულზე, სანამ ფერს მიიღებ. სოლარიუმიდან გამოსვლის შემდეგ, არ ვგრძნობ ხოლმე თავს კარგად. ისედაც, არ არის კარგი რუჯი კანისთვის. ადრე არ იყო ასეთი აქცენტი თავის მოვლაზე და ბოლო წლებია, რაც აქტუალური გახდა. ჩვენ იცით როგორი თაობა ვართ, ბევრ სისულელეს რომ ვაკეთებდით. ჯონსონის ზეთში იოდს ვასხამდით და ისე ვირუჯებოდით, რაც არ შეიძლება. მაგრამ, ახლა უკვე დამცავი საშუალების გარეშე არ ვწვები მზეზე. არც შუადღის მზეს ვეფიცხები. სახესა და ტანზე აუცილებლად დამცავ საშუალებას ვიყენებ. სახეზე 25-30 პროცენტიან დამცავ საცხებს, ტანზე ცოტა დაბალი SPF შემცველობით.

    საქმიანობასაც რომ შევეხოთ – ტელეწამყვანობის გარდა რითი ხართ ამჟამად დაკავებული? რა გეგმები გაქვთ მომავალში?

    ამჟამად სიმღერებს ვწერ და კლიპის გადაღებასაც ვაპირებ. გეგმაში მაქვს სოლო კონცერტის ჩატარებაც. ეტაპობრივად დავიწყებ ამაზე მუშაობას. მალე, მამაჩემის ფილმიც გამოვა, რომელზე მუშაობაც ერეკლემ ვერ დაასრულა, მაგრამ მის გარეშე დავამთავრეთ. ვფიქრობ, კარგი ფილმი გამოვა. “ხიდი” ჰქვია და მისი პრემიერა, ალბათ, შემოდგომაზე ან მაქსიმუმ ზამთარში იქნება.

    და ბოლოს, პირად ცხოვრებასაც შევეხოთ. ზაფხულში აქტიურად განიხილავდნენ თქვენს კანში მოგზაურობას. გავრცელდა ჭორები, რომ შეყვარებული გყავთ.

    „სთორიში“ თუ ვინმე გამოვაჩინე, ყველა ჩემი შეყვარებული გახადეს. ყველა ჩემი ქმარი როგორ არის, ვერ გავიგე. გიორგი ჩიკვაიძე ჩემი ბავშვობის მეგობარია და ეს მხოლოდ ჭორი იყო.

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი