ნინო ჩოგოვაძე: “გეგმაში მაქვს რომ არასოდეს დავბერდე”

    Beauty Magazine განაგრძობს წარმატებული ადამიანების შესახებ მოყოლას, მათი რჩევებისა და გამოცდილების მკითხველისთვის გაზიარებას. ამჯერად ჩვენი სტუმარი ქალბატონი ნინო ჩოგოვაძეა – პროფესიით გინეკოლოგი, ქირურგი და ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემის, “ექიმების” წამყვანი.

    ქალბატონო ნინო, როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს წარმატებას და თქვენ რა გზა გაიარეთ იმისათვის, რომ წარმატებული კარიერა აგეწყოთ?

    პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნდობისთვის ყველა ჩემს პაციენტს. ადამიანი ბავშვობიდან უნდა მუშაობდეს საკუთარ თავზე, იძენდეს ცოდნას, განათლებას. საკმაოდ დიდი გზა მაქვს გამოვლილი: კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, შემდგომ, სამედიცინო ინსტიტუტი – წითელ დიპლომზე. ორდინატურა და ასპირანტურა მოსკოვში გავიარე, საკმაოდ რთული გზა იყო. ახლაც, ყოველთვის ვცდილობ, რომ ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში ჩავერთო საზღვარგარეთ. გარდა ამისა, წარმატებისთვის გამართლებაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რათა საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდეთ. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფრიდონ თოდუას სახელობის კლინიკაში ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელი ვარ. აქ, ჩემს კოლეგებთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი სტიმული და სიხარულია.

    როგორ მოხვდით ტელევიზიაში, ვინ აღმოაჩინა თქვენი, როგორც წამყვანის შესაძლებლობები?

    მოგეხსენებათ, მე ქირურგი ვარ, ტელევიზია და ჩემი სპეციალობა კი აბსოლუტურად შეუთავსებელი იყო. თუმცა, ისევ ჩემმა სპეციალობამ განაპირობა ტელევიზიაში გამოჩენა. ჩემი პაციენტი და მისი მეგობარი გადაცემა „ექიმების“ პროდიუსერები იყვნენ და დაიბადა აზრი, რომ გავმხდარიყავი ამ გადაცემის წამყვანი. თავიდან, სიმართლე გითხრათ, ამ მიმართულებაზე სერიოზულად არ ვფიქრობდი და რამდენჯერმე უარიც კი ვთქვი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს იქნებოდა ახალი ეტაპი და გამოწვევა ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად, ძალიან მიყვარს სიახლეები და გამოწვევების მომხრე ვარ. როდესაც ქასთინგზე მივედი, ძალიან კარგი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი დამხვდა და მაშინვე მივხვდი, რომ საინტერესო გადაცემა გამოვიდოდა. მართლაც, ძალიან გაამართლა ამ გადაცემამ და შეიძლება ითქვას, რომ  ერთ-ერთი პირველი და წარმატებული სამედიცინო პროექტი აღმოჩნდა. ამის შემდგომ, პაციენტების მხრიდან კიდევ უფრო გაიზარდა ნდობა და კეთილგანწყობა (რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტელევიზიას), თუმცა, ამასთან ერთად გაიზარდა ჩემი პასუხისმგებლობაც, რადგან იყო ცნობადი სახე და შენი საქმის პროფესიონალი, ორმაგად საპასუხისმგებლოა.

    როგორ უთავსებთ ერთმანეთს პროფესიულ საქმიანობასა და წამყვანობას?

    ჩემი ძირითადი საქმიანობა, რა თქმა უნდა, გინეკოლოგიური ქირურგიაა. ტელევიზიას რაც შეეხება, თავიდან უფრო დიდ დროს მართმევდა, რადგან მაინც ახალი და უცხო იყო ჩვენთვის. ახლა კი ჩვენი გუნდი ძალიან მობილიზებულია. სცენარს წინასწარ გავდივართ და საჭიროების მიხედვით ვაკორექტირებთ, შესაბამისად, მომზადებულები მივდივართ გადაცემის ჩაწერაზე. ეს უკვე ერთგვარი განტვირთვაა ჩემთვის.

    რა გაძლევთ ამ ყველაფრის სტიმულს?

    სტიმულს მაძლევს ჩემი პროფესიის სიყვარული და საერთოდ, სიცოცხლის სიყვარული. ვთვლი, რომ ყველაზე დიდი ჯილდო, რაც ადამიანს ამ ქვეყანაზე აქვს, არის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. უნდა გავუფრთხილდეთ ამ ყველაფერს და დავეხმაროთ ადამიანებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. გარდა ამისა, დიდი სტიმულია ჩემი შვილი, რომელიც ასევე სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი და მომავალი ექიმია. ისიც დიდი სტიმულია, როდესაც გარშემომყოფები შენით ამაყობენ.

    მნიშვნელოვანია, რომ ეკრანზე კარგად გამოიყურებოდეთ და როგორ უვლით თავს? მისდევთ თუ არა სპორტს და ჯანსაღ ცხოვრებას?

    ვვარჯიშობ, ვცურავ, ვცდილობ ფეხით ვიარო. სამსახურშიც კი აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ და ვცდილობ, ლიფტის ნაცვლად კიბით ავიდე საოპერაციოში.  ამასთან ერთად, ვცდილობ ჯანსაღად ვიკვებო. მიყვარს წყალი, ტკბილეულს და ცომეულს კი ნაკლებად მივირთმევ.

    როგორ ფიქრობთ, რომელია ყველაზე აუცილებელი პროცედურა კანისთვის და თავად როგორ უვლით კანს?

    არ ვიყენებ ძალიან მაღალფასიან კოსმეტიკურ საშუალებებს, თუმცა, არჩევანს ვაკეთებ ბუნებრივი შემადგენლობის პროდუქტებზე. ასევე, პერიოდულად დავდივარ კოსმეტოლოგთან და ვიკეთებ ბიორევიტალიზაციას. რაც შეეხება ზოგად რეკომენდაციას, ვთვლი, რომ ეს ძალიან ინდივიდუალურია და უმჯობესია რჩევა მიიღონ სპეციალისტისგან.

    წესები, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას, იმისათვის რომ იყოს ჯანმრთელი და გამოიყურებოდეს კარგად.

    ჩვენ ვართ ის რასაც ვჭამთ. უნდა ვეცადოთ, რომ არ მივიღოთ საზიანო საკვები, სწრაფი კვება, ცომეული, ტკბილეული… მძიმე პროდუქტები ნაკლებად უნდა მივირთვათ, რადგან კუჭ-ნაწლავი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს კანსა და გარეგნობაზე. უნდა ვსვათ წყალი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა და ისეთი საკვები დანამატების მიღება, როგორიცაა „ვიადერმი,“ ამ დროს ორგანიზმი ივსება საჭირო ნივთიერებებით, რაც დადებითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე. ამ ყველაფერთან ერთად, უმნიშვნელოვანესია კარგი განწყობა და საკმარისი ძილი.

    როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

    ჩემს გეგმაში პირველ ადგილზეა შვებულება და დასვენება, რადგან სექტემბრიდან ახალი ძალებით შევუდგე ჩემს საქმიანობას. ასევე, ვგეგმავ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე წასვლას საზღვარგარეთ. ჩემს ხელმძღვანელობასთან ერთად ვაგრძელებ ახალი მეთოდების დანერგვაზე მუშაობას. კიდევ გეგმაში მაქვს, რომ არასოდეს დავბერდე 🙂

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი