ნინო ლორთქიფანიძე: “შუბლის წილში თმის შეთხელების მიზეზი შეიძლება იყოს მუდმივად გადაქაჩული თმა ან არასწორი მოვლა”

    ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და აქტუალური პრობლემა თმის ცვენაა. ეს ქალბატონებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, თუმცა გათხელებულ თმას ან სიმელოტეს უკვე მამაკაცებიც ვეღარ ეგუებიან. ასე რომ, ამ ინტერვიუში შევეხებით საკითხს, რომელიც ერთნაირად მნიშვნელოვანია ორივე სქესის წარმომადგენლებისათვის.Beauty Magazine დერმატოლოგს და ”საქართველოს თმის კვლევის საზოგადოების” პრეზიდენტს, ქალბატონ ნინო ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა:

    „თანამედროვე დერმატოლოგიაში, თმის ცვენის პრობლემებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამის მიზეზად ზოგიერთი მკვლევარი დაბინძურებულ ეკოლოგიურ გარემოს მიიჩნევს, ზოგი ცხოვრების არასწორ რეჟიმსა და კვებას (შესაბამისად, ანემიების მატებას, რკინის და ფერიტინის ნაკლებობას), ხოლო  ზოგიერთის აზრით, ამის მიზეზი ენდოკრინული პათოლოგიების მატება და ამასთანავე, სტრეული სიტუაციების ზრდა (რაც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ რისკ ფაქტორად რჩება).

    დერმატოლოგიურ და სამკურნალო-ესთეტიკურ დაწესებულებებში პაციენტების 8% თმის ცვენის პათოლოგიაზე მოდის. მათი რიცხვი საგრძნობლად მეტია. თუმცა, ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ თმის ცვენა ნორმალური მოვლენაა და ამის გამო ექიმს არ მიმართავს.

    რატომ არის სიმელოტე უფრო ხშირი მამაკაცებში?

    მამაკაცებში უფრო ხშირია – ანდროგენული ალოპეცია (ანუ მამაკაცის ტიპის თმის ცვენა). ის ალოპეციის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ჩვეულებრივ, ამ დაავადების სიხშირე და სიმძიმე ასაკთან ერთად იზრდება. 70 წლის ასაკისთვის მამაკაცების 80%  და ქალების 42% ანდროგენული თმის ცვენა აწუხებს. ხშირად, დაავადების პირველი ნიშნები მამაკაცებში თავს თინეიჯერობის ასაკში იჩენს. ქალებში დაავადების ყველაზე მწვავე გამოვლინება თინეიჯერობის და პოსტმენოპაუზის დროს ხდება. მამაკაცების შემთხვევაში კავშირი ანდროგენებსა და ანდროგენულ ალოპეციას შორის სარწმუნოა, ქალების შემთხვევაში კი ეს დადასტურებული არ არის.

    კიდევ რა ფორმის ალოპეციები არსებობს და ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს?

    არსებობს თმის ცვენის უამრავი ფორმა – იქნება ეს დიფუზური თმის ცვენა, ანდროგენული, ბუდობრივი  თუ ნაწიბუროვანი ალოპეციის სხვადასხვა ფორმები.

    დიფუზურ ალოპეციას, შესაძლოა, წინ უსწრებდეს მძიმე დაავადება, დაზიანება, ინფექცია, ქირურგიული ჩარევა, მკაცრი დიეტები, ფსიქოლოგიური სტრესი, მშობიარობა, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, რკინის დეფიციტი, ანემია, ან მედიკამენტების მიღება.

    ბუდობრივი ალოპეცია აუტოიმუნური დაავადებაა. ამასთან, თმის ცვენა შეიძლება იყოს სხვადასხვა სისტემური დაავადების ან სინდრომის გამოვლინება, რაც საკმაოდ ხშირად გამოიხატება ნაწიბუროვანი ალოპეციების სხვადასხვა ფორმით. თმის ცვენის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია სებორეული დერმატიტი, რომელიც ხალხში ქერტლის სახელით არის ცნობილი.

    გასათვალისწინებელია, რომ არასწორი მოვლით, მუდმივი გასწორებით და არასწორი ვარცხნილობით, ხშირ შემთხვევაში, ადამიანები თვითონ აყენებენ თმას ძალიან დიდ ზიანს (ამ ფორმის თმის ცვენას ტრაქციული ალოპეცია ჰქვია და ძალიან არის გავრცელებული). აღნიშნულ პრობლემას ძირითადად მოცეკვავეებში ვხვდებით.

    როგორ შეიძლება ვებრძოლოთ თმის ცვენას?

    ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია სწორი და დროული დიაგნოზის დასმა, გამომწვევი მიზეზების და თანხმლები დაავადებების გამოვლენა. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ადექვატური მკურნალობის დანიშვნა. შეუძლებელია პაციენტმა ეს დამოუკიდებლად, ექიმის გარეშე მოახერხოს.

    როგორია თმის ცვენის დღიური ნორმა და რას ნიშნავს თმის დიფუზური ცვენა?

    ადამიანს ყოველდღიურად 30-დან 100 ღერამდე თმა სცვივა, რაც ფიზიოლოგიური მოვლენაა. თუ დაცვენილი ღერების რაოდენობა 100-ს აღემატება, მაშინ ეჭვი ჩნდება ალოპეციაზე.

    შეუჩერებადი ციკლის მეშვეობით, თმის ფოლიკული იმყოფება  მუდმივი განახლების მდგომარეობაში. იგი გადის  პროლიფერაციის ფაზას(ანაგენი), ინვოლუციის ფაზას (კატაგენი) და მოსვენების ფაზას (ტელოგენი).

    თმის ზრდის ციკლზე დიდ გამლენას ახდენს სისტემური ფაქტორები: ჰორმონები, ციტოკინები, ზდის ფაქტორები და ასევე გარემო ფაქტორები – როგორც ტოქსინები, ასევე კვების, ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა.

    ძალიან ხშირია ქალბატონებში თავის წინა ნაწილში თმის შესამჩნევი გათხელება, რა იწვევს ამას?

    შუბლის წილში თმის შეთხელების მიზეზი შეიძლება იყოს ანდროგენული ალოპეცია (მამაკაცის ტიპის ცვენა) ან ფრონტალ ფიბროზული ალოპეცია ( ნაწიბუროვანი ალოპეციის ფორმა). გარდა ამისა, ამ არეში თმის შეთხელების მიზეზი შესაძლოა იყოს ტრაქციული ალოპეცია (მუდმივად გადაქაჩული თმა ან არასწორი ვარცხნა).

    შეიძლება თმის ცვენის მედიკამენტოზური მკურნალობა?

    დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის შემთხვევაში ალოპეციების უმეტესობა განკურნებადია და რა თქმა უნდა, თერაპია მედიკამენტოზურ მკურნალობასაც გულისხმობს. გასათვალისწინებელია, რომ თმის ცვენის სხვადასხვა ფორმას სხვადასხვა ტიპის მკურნალობა ესჭიროება.

    შესაძლებელია თუ არა სახლში დამზადებული ნიღბების გაკეთება?

    სამწუხაროდ სახლში დამზადებულ ნიღბებს თმის ცვენის დროს საუკეთესო შემთხვევაში შედეგი არ აქვთ და ზოგ შემთხვევაში, ისინი დაავადების გამწვავებასაც იწვევენ.

    ხშირად, თმის ცვენა ორსულობის შემდგომ პერიოდში იჩენს თავს. როგორ უნდა მოვიქცეთ ორსულობის შემდეგ?

    მშობიარობის შემდეგ, ოთხ თვეში იწყება ინტენსიური დიფუზური თმის ცვენა, რაც ფიზიოლოგიური პროცესია. თმიანი საფარი უნდა აღდგეს ბავშვის ერთი წლის ასაკისთვის. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც პროცესი ხანგრძლივდება და ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტს.

    რას გვეტყვით ბუდობრივი ცვენის შესახებ?

    ბუდობრივი ალოპეციით დაავადებულთა საერთო რაოდენობა მთელს მსოფლიოში 2.2 – 4.5 მილიონ ადამიანს შეადგენს. დერმატოლოგიურ პაციენტთა 0.7 – 3.8 %-ს ბუდობრივი ალოპეცია აღენიშნება. იგი ქალებსა და მამაკაცებში თანაბრად გვხვდება. პაციენტთა 60 %-ს დაავადება 20 წლის ასაკამდე უვითარდება. ბუდობრივი ალოპეციის ეტიოლოგია უცნობია. ეს არის მულტიფაქტორული დაავადება. ახასიათებს თმის არანაწიბუროვანი ტიპის ცვენა, რომელიც დაზიანების ერთეული მრგვალი ან ოვალური ფორმის უბნების წარმოქმნიდან მრავლობითი გაერთიანებული კერების განვითარებამდე რეაგირებს. ტოტალური ალოპეციის დროს მთელ თავზე, მათ შორის წარმბებსა და წამწამებზე თმების სრული დაცვენა ხდება. უნივერსალური ფორმის დროს კი, თმა სხეულის მთელს ზედაპირზეა დაცვენილი.

    რამდენად ეფექტიანია ნუტრიკოსმეტიკა (ვიადერმი) თმის ცვენის პრობლემის აღმოსაფხვრელად/თმისგააჯანსაღებლად?

    თმასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად გამომდინარეობს ორგანიზმში განვითარებული ამა თუ იმ ნივთიერების დეფიციტიდან, რომელთა ბალანსის აღდგენასაც უზრუველყოფს ნუტრიკოსმეტიკა. ამიტომ, მე ჩემს პრაქტიკაში ხშირად მივმართავ ნუტრიკოსმეტიკას, როგორც კომპლექსურ თერაპიაში, ასევე მიღებული ეფექტის შენარჩუნების მიზნით.ზოგადად, ნუტრიკოსმეტიკის გამოყენება მნიშვნელოვანი და რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სურს გამოიყურებოდეს კარგად, ჰქონდეს ჯანმრთელი და მოვლილი კანი, თმა და ფრჩხილები. ნუტრიკოსმეტიკა თავის თავში გულისხმობს ისეთი კომპონენტების კომბინაციას, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის, თმისა და ფრჩხილის სტრუქტურულ გაუმჯობესებას.“

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი