ნინო ნიშნიანიძე: “გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება ადრეული ასაკიდან არის რეკომენდებული”

    ამბობენ, რომ მშრალი კანი, სხვა ტიპის კანთან შედარებით, ადვილად ნაოჭდება და ადრე ბერდება, თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ცხიმიან კანთან შედარებით, იგი ნაკლებად მიდრეკილია გამონაყარისკენ, არის გლუვი და ხავერდოვანი. იმისათვის, რომ დიდხანს შეინარჩუნოთ უნაკლო კანი, უნდა იცოდეთ როგორ მოუაროთ მას.

    სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ინტერვიუს “ტოტალ შარმის” დერმატო-კოსმეტოლოგთან, ქალბატონ ნინო ნიშნიანიძესთან, რომელიც მშრალ კანთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მის მოვლაზე გვესაუბრა:

    “კანის გამოშრობას სხვსდასხვა გარემო ფაქტორები იწვევენ (ჰიგიენის წესების დარღვევა, სპირტიანი ლოსიონების და მათეთრებელი კრემების ჭარბი გამოყენება და ა.შ.). ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალურია ზამთრის პერიოდში: კანი ხდება ხორკლიანი, კარგავს ტონუსს, ადვილად იქერცლება, ღიზიანდება… სწორედ ამიტომ, ზამთარში იგი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.

    ხშირ შემთხვევაში, თვითონ პაციენტები აღნიშნავენ, რომ გრძნობენ  სიმშრალეს (განსაკუთრებით ლოყებსა და ყვრიმალებზე), აქერცვლას, ადვილად უჩნდებათ წვრილი ნაოჭები და წითელი ლაქები. რაც შეეხება კომპინირებულ კანს, გარკვეულ ადგილებში ის საკმაოდ დატენიანებულია და შუბლის, ცხვირისა და ნიკაპის ზონები ხშირად ბზინავს კიდეც. იმისათვის, რომ გავიგოთ კანი მშრალია თუ კომბინირებული, საჭიროა ჩატარდეს კანის დიაგნოსტირება.

    თუ მშრალი სახის კანი გვაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ მშრალი კანი გვაქვს მთელს სხეულზე?

    ამ დროს კანი მშრალია არამარტო სახეზე, არამედ ზედა კიდურების არეში და ბარძაყის გვერდით ნაწილებში. ასეთ  შემთხვევაში ხდება ტანის სამკურნალო დამატენიანებელი კრემების მოხმარება, განსაკუთრებით კი აბაზანის მიღების შემდეგ.

    რა ტიპის კრემებით უნდა მოვუაროთ მშრალ კანს?

    მშრალი კანის შემთხვევაში, დამატენიანებელი კრემების გარდა, ძალიან კარგია ჰიალურონის შემცველი კრემებისა და შრატების გამოყენება, ასევე ჰიალურონის შემცველი კაფსულების პერორალურად მიღება. თუ ეს მკურნალობა არაა საკმარისი, აუცილებელია აპარატურული და ინექციური, მეზო თერაპიული ჩარევები.

    როგორ მოვუაროთ კომბინირებულ კანს?

    სასურველია, არ გამოვიყენოთ ისეთი საცხები, რომლებიც აშრობენ კანს. არსებობს ისეთი კრემები, რომლებიც მხოლოდ კომბინირებული და ცხიმიანი კანის დროს გამოიყენება.

    მართალია, რომ მშრალი კანის მქონე ადამიანები ადრე ბერდებიან და ადვილად უჩნდებათ ნაოჭები?

    სამწუხაროდ ეს სიმართლეა. დაუტენიანებელი, ტონუს დაკარგული კანის ელასტინ-კოლაგენის ბოჭკოები ადვილად და ნაადრევად ეშვება, ამიტომ გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება ადრეული ასაკიდანვე არის აუცილებელი.

    როგორ დავიცვათ კანი დამწვრობისგან ან ყინვისგან ზამთრის კურორტებზე?

    ასეთ შემთხვევაში სასურველია მზის დამცავი კრემების გამოყენება და აღმდგენი და მკვებავი საცხების მოხმარება. გარუჯვის შემდეგ, აუცილებლად უნდა წავისვათ აღმდგენ-დამატენიანებელი სამკურნალო კრემები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ  ტუჩის ირგვლივ კანი ძალიან ნაზი და თხელია და მასაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ზამთარში ხშირია ტუჩის გარშემო კანის გამოშრობა, ამიტომ რეგულარულად უნდა გამოვიყენოთ დამატენიანებელი  საცხები.

    ჰერპესის გაჩენა დაკავშირებულია თუ არა კანის სიმშრალესთან?

    ეს ჰერპეს ვირუსით გამოწვეული პრობლემაა და კანის სიმშრალესთან არ არის კავშირში.

    იცავს თუ არა ზამთარში კანს მაკიაჟი?

    ზამთარში კანს ყველაზე უკეთ მკვებავი სამკურნალო საცხი იცავს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მშრალი კანის შემთხვევაში პუდრის გამოყენება სასურველი არ არის, რადგან იგი კიდევ უფრო გამოაშრობს კანს.”

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი