ოქროს რჩევები მოგზაურობის მოყვარულებს

    მოგზაურობა უდიდესი სიამოვნება და განტვირთვაა ყველასთვის.ზოგიერთი ადამიანისთვის ეს შოპინგთან ასოცირდება; ზოგისთვის მოგზაურობა კომფორტულ სასტუმროში გაჩერება, ღირსშესანიშნავობების მონახულება და გემრიელი კერძების დაგემოვნებაა; ზოგი კი უბრალოდ მზადაა, ერთი ზურჩანთით შემოიაროს უცნობი ადგილები და დატკბეს საკუთარი აღმოჩენებით.

    ნებისმიერ შემთხვევაში, რომელ ქვეყანასაც არ უნდა ვესტუმროთ, მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის და ვიცოდეთ სხვადასხვა სიძნელეების გადალახვა.

    გადავწყვიტეთ, რამდენიმე სასარგებლო რჩევა მოგცეთ, რაც უფრო სასიამოვნოს გახდის ამ პროცეს:

    1. შეინარჩუნეთ სიმშვიდე: ზოგჯერ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. არასოდეს დაკარგოთ წონასწორობა, არ აჰყვეთ ნერვებს და შეეცადეთ იპოვოთ გამოსავალი. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ბინა, რომელიც დავჯავშნეთ სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც გვეგონა, ან საერთოდ დაკავებული დაგვხვდა. ასეთი შემთხვევევბისთვის, გამგზავრებამდე აუცილებლად გააკეთეთ რამდენიმე ალტერნატიული ბინის/სასტუმროს სია რეკვიზიტებითურთ.
    2. დაიწყეთ მოგზაურობისთვის საჭირო ნივთების სიის შედგენა 1 კვირით ადრე და პერიოდულად გადახედეთ, რომ რაიმე არ გამოგრჩეთ. სადაც არ უნდა იყოთ, თუ რაიმე გაგახსენდათ, ჩაწერეთ ტელეფონში და შემდეგ გადაიტანეთ ძირითად სიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში რაიმე აუცილებლად გამოგრჩებათ.
    3. ისწავლეთ/ჩამოწერეთ ძირითად ფრაზები, რომლებიც გამოგადგებათ კონკრეტულ ქვეყანაში ვიზიტისას, მაგალითად: გამარჯობა, გმადლობთ, ბოდიში და ციფრები 1-დან 10-მდე (ციფრები ტაქსისთვის გამოგადგებათ, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში მძღოლები არც ისე კარგად ფლობენ ინგლისურს).
    4. არ დაგავიწყდეთ დამატებით ბატარეის წაღება ფოტოკამერისთვის. არ გაუშვათ ულამაზესი მომენტები ხელიდან, რადგან ფოტოები ყველაზე ძვირფასია, რაც გვრჩება. ამიტომ, საუკეთესო შემთხვევაში 3 სათადარიგო ბატარეა წაიღეთ.
    5. ნუ დაგენანებათ ჩანთაში ადგილი თხელი პლედისთვის.
    6. არსად წახვიდეთ სამოგზაურო დაზღვევის გარეშე. ზოგიერთ ქვეყანაში მარტივი სამედიცინო პროცედურაც კი ძალიან ძვირი ღირს. ერთმა უბრალო შემთხვევამ შესაძლოა მთელი თქვენი დანაზოგი იმსხვერპლოს.
    7. აუცილებლად გადაიღეთ საჭირო დოკუმენტების ასლები და მოათავსეთ სხვა ჩანთაში (რომელსაც ნომერში შეინახავთ).
    8. საცვლები და წინდები არც ისე დიდ ადგილს იკავებს ჩანთაში, ასე რომ, წაიღეთ რაც შეიძლება ბევრი (იმის მიხედვით, თუ რამდენი დღით მიდიხართ).
    9. წაიღეთ ფერადი ტანსაცმელი და შემდეგ დატკბით თქენი ფოტოებით.
    10. მოერიდეთ უფასო ინტერნეტთან დაკავშირებას ან თუ დაუკავშირდებით, თავი შეიკავეთ თქვენი პირადი მონაცემებისა და პაროლების გამოყენებისგან.
    11. მობილურში შეინახეთ თქვენი სასტუმროს მისამართი და ოთახის ნომერი.
    12. მოგზაურობამდე და მოგზაურობის პერიოდშიც, მოუყევით ოჯახის წევრებს თქვენი გეგმების შესახებ. ეს განსაკუთრებით აუცილებელია, როდესაც მარტო მოგზაურობთ.
    13. მოგზაურობის დასაწყისში აუცილებლად გადადეთ გარკვეული თანხა, რომელიც გამოგადგებათ მოგზაურობის დასასრულს.
    14. იყავით კეთილგანწყობილი ადგილობრივების მიმართ და პატივი ეცით მათ.
    15. თუ გადაწყვეტთ ნაციონალური კერძების გასინჯვას, აუცილებლად ჰკითხეთ რჩევა ადგილობრივებს.

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი