ფარისებრი ჯირკვლის კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ენდოკრინული ავთვისებიანი სიმსივნეა

    ფარისებრი ჯირკვლის კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ენდოკრინული ავთვისებიანი სიმსივნეა და კიბოს ყველა ახალი შემთხვევის 3,8%-ს შეადგენს.  აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 2024 წლის 18 მაისს, “გარდენ ჰოლში”, „საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასიციაციის“ ეგიდით, რიგით მეორე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია ჩატარდა, თემაზე “მკურნალობის თანამედროვე ტენდენციები ენდოკრინული, ნეიროენდოკრინული და ონკოლოგიური პათოლოგიების თანხვედრისას”.  

    აღნიშნულთან დაკავშირებით გვესაუბრება ღონისძიების ორგანიზატორი,  ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თამარ მაკარიძე.

    • ქალბატონო თამარ, სამწუხაროდ საქართველო მოწინავე პოზიციაზეა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მხრივ. საინტერესოა, როგორია სტატისტიკური მონაცემები ზოგადად მსოფლიოში და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში?

    ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ფარისებრი ჯირკვლის კიბო  ერთერთი ყველაზე ხშირი ენდოკრინული ავთვისებიანი სიმსივნეა და შეადგენს კიბოს ყველა ახალი შემთხვევის 3.8%. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, ავადობამ  ოთხჯერ მოიმატა.

    ამ მხრივ, საყურადღებო მდგომარეობაა საქარათველოში, რადგან ფარისებრი ჯირკვლის კიბო ქალებში (14.8%) მეორე ადგილზეა ძუძუს კიბოს (28.3%) შემდგომ.

    მაღალი ავადობის ქვეყნებად მიჩნეულია ის ქვეყნები, სადაც ქალთა შორის ავადობა

    100 000 ქალზე 10 შეადგენს, საქართველოში კი აღნიშნული მაჩვენებელი, 10 000-დან 44.3 ქალზე აისახება

    • თქვენი აზრით, რით აიხსნება ამგვარი მზარდი დინამიკა სწორედ ჩვენს ქვეყანაში?

    ჩემი აზრით, მზარდი დინამიკა უკავშირდება ძირითადად, დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიის სრულყოფას,  ასევე საქართველოში ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამების ამოქმედებას, რაც უზრუნველყოფს დაავადების აღმოჩენას საწყის სტადიაზე.

    • რა დამაიმედებელი პროგნოზი არსებობს?

    საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების 70% დიაგნოსტირდება 

    I სტადიაზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პრევალირებს, ანუ ყველაზე მეტად გავრცელებულია მაღალდიფერენცირებული კარცინომები კეთილსაიმედო პროგნოზით.

    კლინიკური მონაცემების და კვლევის შედეგების კორელაციით, ადეკვატური მკურნალობის ტაქტიკის შემუშავება, ხშირ შემთხვევაში, განაპირობებს სრულ გამოჯანმრთლებას და არ აისახება ნეგატიურად პაციენტის სიცოცხლის ხარისხსა და სიცოცხლის უნარიანობაზე.

    • საქართველოში ონკოენდოკრინოლოგიის მიმართულებით რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რა მიზანი აქვს ასეთ ღონისძიებებს

    ჰორმონდამოკიდებული და ჰორმონმაპროდუცირებელი სიმსივნეების  სტატისტიკურად სარწმუნო მატება, მისი გავრცელების ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემასა თუ ორგანოს, აუცილებელს ხდის, სხვადასხვა სპეციალობის მედიკოსების ჩართვას. მეორეს მხრივ, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში, ონკოენდოკრინოლოგიის, როგორც ცალკე სამედიცინო დარგის არარსებობა, განაპირობებს მსგავსი საერთაშორისო კონფერენციების ჩატარების აუცილებლობას.

    ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული იყო, რადგან მონაწილეობას იღებდნენ ონკო-ქირურგიის, ენდოკრინოლოგიის, სხივური თერაპიის, ანესთეზიოლოგიის დარგის ექსპერტები, წამყვანი მედიკოსები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კერძოდ, ემორის საუნივერსიტეტო კლინიკიდან.

    მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში დანერგილია მსოფლიოში არსებული დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ძალიან მნიშვნელოვანია,  სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და უახლესი მიღწევების გაცნობა და ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაში მათი დანერგვა. 

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი