რა კავშირშია დამტვრეული ჭურჭელი, ძროხები და ფერადი საცვლები ახალი წლის ღამესთან?

    ბევრ ადამიანს გულწრფელად სჯერა, რომ წლის განმავლობაში მისი იღბალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეხვდება ახალ წელს. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას თავისი უცნაური ტრადიცია აქვს:

    დანიაში 31 დეკემბერს დიდ „მტვრევას“ აქვს ადგილი. მოსახლეობა მთელი წელი ინახავს გამოუყენებელ ჭურჭელს და განსაკუთრებული გრძნობითა და ემოციით ანაცრხებენ ახლობლების სახლის კარებზე იმ იმედით, რომ იღბლიანი წელი ექნებათ. ასევე სჯერათ, რომ ახალ წელს შეხტომა კარგი იღბალის მომტანია, ამიტომ 12 საათს მთელი ქვეყანა ხტუნვით ეგებება (საინტერესო სანახავი იქნება).

    თურმე, ყურძენს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობიან ესპანეთში. ამბობენ, რომ თუ 12 საათს პირში ყურძნის 12 მარცვლით შეხვდები, ის წელი აუცილებლად წარმატებული იქნება.

    სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში კი სჯერათ, რომ თუ 31 დეკემბრის ღამეს წითელ საცვალს ჩაიცვამენ, სიყვარულს იპოვიან, თუ ოქროსფერს ჩაიცვამენ – გამდიდრდებიან, ხოლო თუ თეთრს – წელი მშვიდობიანად ჩაივლის.

    ზარის ჩამოკვრა 108-ჯერ – ეს იაპონიაა! ბუდისტური მიდგომის მიხედვით, ეს წმენდს ჩვენს აურას, თუმცა, რა თქმა უნდა, ზარები ვერაფერს გვიშველის თუ ახალ წელს სახეზე ღიმილის გარეშე შევხვდებით. ამიტომ, გაიღიმეთ და შეიქმენით რაც შეიძლება კარგი განწყობა.

    შვეიცარიელებს სჯერათ, რომ ახალ წელს თუ ნაყინს ძირს დააგდებენ, ბედნიერი და წარმატებული წელი ექნებათ.

    რა არის ახალი წელი, თუ სახლიდან ბოროტ სულებს არ განდევნი? პუერტო რიკოს გარკვეულ რეგიონებში, ავ მოჩვენებებს წყლით სავსე ვედროთი ებრძვიან – ახალ წელს ფანჯრიდან ასხამენ წყალს და ასე წმენდენ სახლს.

    ზოგიერთ ქვეყანაში ახალ წელს მხოლოდ ერთმანეთს კი არ ულოცავენ, არამედ შინაურ ცხოველებსაც. ბელგიასა და რუმინეთში ფერმერები ახალი წლის დადგომას ძროხებს ულოცავენ.

    ბოლივიაში ბედნიერების ნიშნად ტკბილეულში მონეტებს დებენ. თუ გადაწყვეტთ, რომ იგივე სცადოთ, სტუმრები წინასწარ გააფრთხილეთ, რომ საკვებში მონეტებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთვის სტომატოლოგთან ვიზიტის საფასურის გადახდა მოგიწევთ.

    კოლუმბიური ტრადიცია კი მოგზაურობის მოყვარულებისთვის არის – ისინი 31 დეკემბერს, მთელი დღის განმავლობაში ჩემოდნით გადაადგილდებიან იმისთვის, რომ წლის განმავლობაში მოგზაურობა დაებედოთ.

    ჩვენებური მეკვლეობა თურმე შოტლანდიელებისთვისაც კარგად ნაცნობი ტრადიციაა. მათ სჯერათ, რომ კარგი იღბალისთვის, პირველმა სტუმარმა თან რაიმე განსაკუთრებული საჩუქარი უნდა წამოიღოს (ქართველები კი უბრალო ტკბილეულსაც ვჯერდებით).

    ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ტრადიცია ალბათ ღიმილი და გარშემომყოფების სიყვარულია. ასევე არ დაგავიწყდეთ ახალი წლისთვის ახალი მიზნებისა და გეგმების დასახვა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი