რა სიმბოლური დატვირთვა აქვს სააღდგომო პასკას და წითელ კვერცხებს

    აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის შაულედში, ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით აღინიშნება. აღდგომის დღესასწაულთანაა დაკავშირებული წითელი კვერცხი, ტკბილი პური ანუ პასკა და ჯეჯილი.

    ებრაული პასექის დღესასწაულზე ხმიადებს, უსაფუარო პურებს აცხობდნენ. ეს ხმიადები იყო საიდუმლო სერობაზეც. გარკვეული განსხვავება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებში ჯერ კიდევ განხეთქილებამდე იყო: დასავლეთში უსაფუარო კვერის გამოყენების ტრადიცია შეინარჩუნეს (ებრაელებს აკრძალული ჰქონდათ მისი საფუარით მომზადება), აღმოსავლეთში კი გაფუებული კვერის გამოყენების ტრადიცია შემოვიდა. ის სასუფევლის შესახებ მაცხოვრის მიერ მოყოლილ იგავს ეფუძნება: “სასუფეველი ჰგავს საფუარიან ცომს, რომლის მცირე ნაწილი ცომს აფუებს.”

    არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.

    მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად შეუშვეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: “ქრისტე აღსდგა!” იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდეს“. იმპერატორს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული, ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

    საერთოდ, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე მოგვანიჭა. წითელ ფერში კი სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი