რატომ არ უნდა ვათხოვოთ ჩვენი ნივთები სხვას?

    რეალისტ ადამიანებს იმის სჯერათ, რასაც ხედავენ და ეხებიან. თუმცა ხშირად რეალურია ისიც, რასაც არ ვეხებით, ვერ ვხედავთ და აბსტრაქტულს ვუწოდებთ.

    არსებობს უამრავი მითი, ცრურწმენა, თეორია მაგიასა და ეზოთერიკაზე; ასტროლოგიური დატვირთვა ან უბრალოდ დამთხვევა/შემთხვევითობები. ნივთები, რომელთაც ვიყენებთ ან ვინახავთ გარკვეულ ენერგიას ატარებენ. გვსმენია ალბათ ‘’ეს ჩემი თილისმაა,’’ ‘’ამ გულსაკიდს არასდროს ვიხსნი,’’ და ა.შ. თილისმა იგივე ამულეტი მაგიური ნივთია, რომლის ფუნქციაც მისი მფლობელის დაცვა ან მისი მაგიური ზემოქმედების ეფექტიანობის გაზრდაა. იგი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს – ქვის  ნატეხი, რომელსაც გულსაკიდად გამოიყენებთ, ბეჭედი, სამაჯური და სხვა.

    სრულიად უმნიშვნელო ნივთი ხშირად ხდება ჩვენი ‘’თანამგზავრი’’ და მას ყოველთვის თან ვატარებთ. შესაძლოა ყურადღება არც მივაქციოთ, თუმცა როგორც კი დავკარგავთ ან ვინმე აიღებს მაშინვე ვამჩნევთ – რას ნიშნავს ეს?

    ეს ნიშნავს, რომ ჩვენს გარშემო არსებობს დადებითი და უარყოფითი ენერგიები, კოსმიური და მაგიური ძალები. ჩვენ ვეჩვევით კონკრეტულ ნივთს, იგი ჩვენთვის რაღაცასთან ასოცირდება და მნიშვნელობას იძენს. ადგილი სადაც ვცხოვრობთ და ტანსაცმელი რომელსაც მოვიხმართ ჩვენი ენერგიის და განწყობის მატარებელია. სწორედ ამიტომ ხდება, როდესაც საყვარელ მაისურს ვიცვამმთ თავს ბევრად უფრო მხიარულად ვგრძნობთ.

    წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც მეგობრებს, ნათესავებს ან უბრალოდ ნაცნობ ადამიანებს არ უნდა ვათხოვოთ:

    1. მაჯის საათი – რა საკვირველია, კარგი მაჯის საათი ყოველთვის კარგი საჩუქარია თუმცა, იმ შემთხვევაში თუ თქვენ ნაჩუქარი საათის სხვისთვის თხოვებას ან ჩუქებას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით. ადამიანმა, რომელმაც იგი გაჩუქათ გარკვეული განწყობა და ემოციები ჩადო ამ პროცესში. შეარჩია თქვენი გემოვნების გათვალისწინებით და რაიმეს აღსანიშნავად ან უბრალოდ გაჩუქათ. ესე იგი, ამ ნივთს უკვე აქვს თქვენთვის რაღაც დატვირთვა, შესაბამისად მისი გაჩუქება ან თხოვება ადრე თუ გვიან გამოიწვევს უარყოფით შეგრძნებებსა და იმედგაცრუებას.
    2. ძვირფასეულობა – ოქროს ყელსაბამი, საყურე, ბრილიანტის ბეჭედი და სხვა მრავალი ძვირფასი ქვა ადამიანის ენერგიებს ისრუტავს. განსაკუთრებით საქორწინო ბეჭედი. არასოდეს ათხოვოთ ოქროს ნივთი სხვას, რადგან თქვენი დადებითი აურა და შეგრძნებები მთლიანად განადგურდება. ცნობილია ვერცხლის სამკურნალო და მაგიური თვისებების შესახებაც. ძველად მას ორგანიზმის გაახალგაზრდავების უნარი გააჩნდა. უძველეს ადამიანებს სწამდათ, რომ მისი ტარება ნეგატიური ველისგან დაიცავდა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ნივთი დროებით პატრონს ბედნიერებას არ მოუტანს და შესაძლოა მისი უიღბლობები გამოჰყვეს.
    3. ამოჩემებული ტანსაცმელი –  გარდერობში ყველას გვაქვს საყვარელი მაისური, საყვარელი ‘’ჰუდი,’’ შარვალი თუ სხვა. მათ ვიცვამთ გამორჩეულ დღეებში. ჩვენი მხიარული განწყობა გადადის სამოსზე, იძენს პოზიტიურ აურას და როდესაც გახსენდებათ ეს განსაკუთრებული დღე, გახსენდებათ რა გეცვათ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ასეთი სამოსი ათხოვეთ სხვას, რომელიც არ გაუფრთხილდა, გაცვითა და გაანადგურა. თქვენში ეს ფაქტი გამოიწვევს გულის ტკენას, სიცარიელეს და უიმედობას. შეგიძლიათ ტანსაცმელი გააჩუქოთ, ან გაყიდოთ. ფული აბათილებს კავშირს თქვენსა და ნივთს შორის.
    4. ფეხსაცმელი – იმის მიუხედავად, რომ ფეხსაცმელიც ისევე მნიშვნელოვანია როგორც სამოსი, აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰიგიენური ფაქტორი. მედიკოსები გვირჩევენ მოვერიდოთ ფეხსაცმლის თხოვებას. მან შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილის სოკოვანი დაავადებები, კანის გაღიზიანება, ალერგია და სხვა.
    5. ხელნაკეთი სათამაშოები – ალბათ, ყველასთვის ღიმილის მომგვრელია ბავშვობაში, ჩვენი ხელით შექმნილი სათამაშო თოჯინების ან სხვა ნივთების გახსენება. მოგონებებს დიდი ძალა აქვთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ ვინახავთ. შესაბამისად, ჩვენი ‘’კეთილი მოგონებები’’ მნიშვნელოვანია და არ შეიძლება ვათხოვოთ სხვას, რომელიც არც ვიცით როგორ გამოიყენებს. თუ თქვენთვის რაიმე მნიშვნელოვანი ნივთი გაქვთ, არასოდეს გააჩუქოთ, შეინახეთ და ატარეთ მისი ენერგია. ეს აისახება თქვენს განწყობაზე.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი