როგორ ავიცილოთ თავიდან ხელების სიმშრალე

    ხელების სიმშრალე ბევრი ადამიანისთვის ძალიან კარგად ნაცნობი პრობლემაა. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ელექტრო საშრობი, წყალთან ხშირი კონტაქტი, ქიმიური საშუალებები და რა თქმა უნდა სიცივე.

    არსებობს რამდენიმე ეფექტიანი გზა, რომელიც თავიდან აგაცილებთ ამ პრობლემას და დაგეხმარებათ, რომ გლუვი, დატენიანებული კანი შეინარჩუნოთ.

    1. დღეში რამდენჯერმე წაისვით ხარისხიანი დამატენიანებელი. სასურველია, რომ კრემის/ლოსიონის წასმა ჩვევად აქციოთ ხელის დაბანის შემდეგ. ეს დაეხმარება კანს შეინარჩუნოს ტენიანობა, არ გამოშრეს/დაწითლდეს და არ დასკდეს.
    2. წყალი კანს აშრობს და აცილებს ბუნებრივ ცხიმს, რომელიც აუცილებელია ელასტიურობის შესანარჩუნებლად. ამიტომ, რეცხვისას აუცილებლად იხმარეთ რეზინის ხელთათმანი.
    3. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ თუ კანი დაგეჭიმათ, უსიამოვნო შეგრძნება დაგეუფლათ და დისკომფორტი იგრძენით, აუცილებლად გამონახეთ დრო განსატვირთად. კანის გამოშრობა სტრესთან არის დაკავშირებული.
    4. თუ კანის სიმშრალე რთულ ფორმებშია და გაღიზიანებულია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო იყოს მედიკამენტოზური მკურნალობა – სპეციალური მალამოს ან ანტიბიოტიკების დანიშვნა.
    5. ძალიან გამომშრალი ხელების დატენიანების სუკეთესო გზა არის ნავთოვან ბაზაზე დამზადებული ლოსიონის, მაგალითად ვაზელინის წასმა და შემდეგ ერთჯერადი ხელთათმანის გაკეთება. დილით ხელებზე ბავშვივით გლუვი კანი გექნებათ.
    6. კანის ძლიერი გამოშრობისა და გაუხეშების შემთხვევაში კარგი იქნება თუ ექიმი რძემჟავას ან შარდოვანას შემცველ კრემს დანიშნავს.
    7. მშრალი კანის პრობლემა შესაძლოა ზოგჯერ დერმატიტში გადაიზარდოს, გაწითლდეს და გაჩნდეს წვრილი გამონაყარი. ასეთდროს რეკომენდებულია ჰიდროკორტიზონის მალამოს გამოყენება, რათა ჩაცხრეს გაღიზიანება.
    8. ყოველთვის თან იქონიეთ დამატენიანებელი კრემი, განსაკუთრებით კარგი ეფექტი აქვს კრემებს, რომლებიც შეიცავენ ჟოჟობას ზეთს, გლიცერინს, ალოეს და ქოქოსის ცხიმს.
    9. მოარიდეთ ხელები ცხელ წყალს და ცივ წყალს. ეცადეთ საშრობში არ გაიშროთ.
    10. დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება აღადგენს ორგანიზმში ბალანსს და ტენიანობას.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი