როგორ გამოვიყენოთ სწორად BB, CC, DD, PP და EE კრემები

    კოსმეტიკური საშუალებების შერჩევისას, ხშირად გვხვდება კრემები შემდეგი აბრევიატურით BB, CC და ა.შ. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რა განსხვავებაა რეალურად მათ შორის და როგორ გამოვიყენოთ ისინი. გთავაზობთ თითოეული მათგანის მოკლე აღწერას, რომელიც დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

    BB კრემი

    აღნიშნული აბრევიატურა შეიძლება გაიშიფროს როგორც Beauty Balm ან Blemish Balm. ის უზრუნველყოფს კარგ დაფარვას და გამოიყენება წელიწადის ნებისმიერ დროს. კარგად ატენიანებს კანს და ტოვებს არა მძიმე ტონალურის, არამედ კარგი დამატენიანებელი საცხის შეგრძნებას. იგი ფარავს დეფექტებს და იცავს კანს მზის მავნე ზემოქმედებისგან. გარდა ამისა, აუმჯობესებს სახის კანის ფერს, რითიც შეიძლება გახდეს კარგი ბაზა უფრო მძიმე მაკიაჟისთვის. თუმცა, კანის მოვლის სხვა საშუალებებზე უარის თქმა და მხოლოდ BB კრემის გამოყენება არ იქნება სწორი გადაწყვეტილება.

    CC კრემი

    BB კრემის უზომო წარმატების შემდეგ, ბაზარზე მალევე გამოჩნდა CC კრემიც. მისი განმარტება ასეთია: Color Control.  შეიქმნა სიყვითლესთან ან ზედმეტ სიწითლესთან საბრძოლველად. მისი ტექსტურაც განსხვავებულია – ის უფრო მსუბუქი და მარტივად წასასმელია. CC კრემის შემადგენლობაში შედის ე.წ. შუქის ამრეკვლავი ნაწილაკები. ეს კანის ზედაპირს უფრო თანაბარს ხდის და მეტ სიჯანსაღეს ანიჭებს. გაითვალისწინეთ, რომ ცხიმიანი ან პრობლემური კანის მქონე ადამიანებისთვის CC კრემის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

    DD კრემი  

    ამ პროდუქტის განსაზღვრება არის Daily Defense ან  Dynamic Do-all. მის ძირითად ფუნქციას, BB და CC კრემებისგან განსხვავებით, კანის მოვლა და დაცვა წარმოადგენს.

    ის კარგად იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისა და მზის მავნე ზემოქმედებისგან. DD რემი კარგია დიდ ქალაქებში მაცხოვრებლებისთვის და უფრო ასაკოვან ქალბატონებს უხდებათ. თუმცა, იმის გამო, რომ DD კრემს აქვს უნარი დაახშოს ფორები, მისი ძალიან ხშირი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

    PP კრემი

    Pink Perfect იგივე PP კრემი ძირითადად მაკიაჟის ბაზად გამოიყენება. კრემში შემავალი სილიკონის ნაწილაკები ავსებენ კანის ხარვეზებსა და ნაოჭებს, აუმჯობესებენ ზოგად რელიეფს, ამცირებენ ფორებს. შესაბამისად, კანი უფრო მეტად გლუვი ხდება. პროდუქტი არის ვარდისფერი, რამაც არ უნდა შეგაშინოთ – სახეზე ის გამჭვირვალე და სრულიად შეუმჩნეველია. მის გამოყენებამდე კანი აუცილებლად გაისუფთავეთ და შემდგომ დაატენიანეთ. PP კრემის წასმის შემდეგ, უკვე შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ტონალურის გამოყენება. ის უხდება ნებისმიერი ტიპის კანს, თუმცა არის დამხმარე საშუალება (რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ PP კრემით მაკიაჟს ვერ გაიკეთებთ).

    EE კრემი

    პროდუქტის განსაზღვრება ბევრს ამბობს მის უშუალო ფუნქციაზე – Extra Exfoliation. საცხის დანიშნულება კანის გაახლება და მკვდარი უჯრედებისგან გათავისუფლებაა. ამასთან ერთად, ის უზრუნველყოფს დაცვას, მათ შორის მზის მავნე ზემოქმედებისგან. ატენიანებს და ანიჭებს კანს მსუბუქ მბზინვარებას. გაითვალისწინეთ, რომ პროდუქტის გამოყენება ძალიან ხშირად არ შეიძლება. ასევე, არ არის რეკომენდებული მათთვის ვისაც თხელი და მგრძნობიარე კანი აქვთ. ზოგიერთი EE კრემი შექმნილია სპეციალურად რუჯის მოყვარულთათვის და მას შეუძლია ნაწილობრივ დაფაროს პიგმენტური ლაქები.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი