როგორ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას ზამთრის სეზონზე?

    მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაადგინეს, რომ მზის სხივებს ადამიანის განწყობის შეცვლა შეუძლია. თუმცა, რაც უფრო დაბლა იწევს ტემპერატურა, მით უფრო იშვიათია მზიანი ამინდები.

    ზამთარში განსაკუთრებით ხშირია ვირუსები, იმუნური სისტემის დაქვეითება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. ფიზიკურის გარდა, ხშირად გვაქვს ემოციური დისბალანსი: ვხდებით დეპრესიულები, ინერტულები და უენერგიოები.

    მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი ხანდახან მოსაბეზრებელი სეზონია, იგი ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითი კუთხითაც მოქმედებს, კერძოდ: ზამთარში გვიუმჯობესდება ძილი, ცივი ტემპერატურა ამცირებს ანთებით პროცესებს, ზამთარში ჰაერი უფრო ტენიანი და სუფთაა, რაც სასუნთქი გზების სწორად მუშაობას უწყობს ხელს.

    წარმოგიდგენთ რამდენიმე მარტივ რჩევას, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა ზამთრის ცივ სეზონზე:

    1. მუდმივად მიირთვით სეზონური ხილი  – ზამთრის ხილი და ბოსტნეული შეიცავს იმუნური სისტემის საყვარელ C ვიტამინს, რომელიც უხვადაა ჭარხალში, გოგრაში, ჯინჯერში, ბროწეულში, მსხალსა და ვაშლში. მომნელებელი სისტემისთვის ძალიან კარგია მოუხალავი თხილეული და წვნიანები. ექიმები გვირჩევენ ფერმენტირებული ბოსტნეულის, ანუ მწნილების მიღებას, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემის ფლორას აბალანსებს.

    2. თვეში ერთხელ ესტუმრეთ საუნას. გამოგიცდიათ ცხელი და ცივი ტემპერატურის მონაცვლეობის შოკური შეგრძნება და გახურებული საუნიდან გრილ წყალში ჩახტომა? ტემპერატურის რადიკალური ცვალებადობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ათავისუფლებს უჯრედებს ტოქსინებისგან და კანს ხდის უფრო მეტად ელასტიკურს. საუნა გვეხმარება ძილის მოწესრიგებასა და სტრესის დაძლევაში, ასე რომ ნუ მოიკლებთ ამ სიამოვნებას.

    3. მნიშვნელოვანია ვიტამინების მიღება. ზამთარში ხშირია წონის მატებასთან დაკავშირებული პრობლემები. თითქოს ახალი წლის მსუყე და მძიმე საჭმელებისგან ორგანიზმი დაიღალა. წელიწადის ამ სეზონზე ჩვენს ორგანიზმს ყველაზე მეტად D ვიტამინი აკლდება, ამიტომ ის დანამატების სახით აუცილებლად უნდა მივიღოთ. D ვიტამინი უზრუნველყოფს სახსრებისა და კუნთების ჯანმრთელობას. ასევე მასზეა დამოკიდებული იმუნური სისტემისა და პარაფარისებრი ჯირკვლის სწორი მოქმედება. ექიმების რჩევით, რეკომენდებულია დანამატის სახით ვიტამინ D3.

    4. ისრიალეთ თხილამურებით. სრიალი არის ზამთრის სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიზიკური აქტივობა, რომელიც სხეულს მხნეობას მატებს. ზომიერად დაიტვირთეთ სპორტის ამ სახეობით. სრიალის დროს გამოყოფთ ადრენალინს, რაც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ასევე ორგანიზმი ხარჯავს ენერგიას, რაც ძილში დაგვეხმარება. გარდა ამისა, არაჩვეულებრივი საშუალებაა განწყობის ასამაღლებლად და ხასიათის გამოსასწორებლად.

    5. გაიძლიერეთ იმუნიტეტი, ზამთარში ხშირია ვირუსები. ასე რომ თუ დაბალი იმუნიტეტი გაქვთ და მარტივად ცივდებით მიირთვით C ვიტამინიანი საკვები. იგი უხვადაა ლიმონში, ვაშლში. შეგიძლიათ მიიღოთ ქათმის ბულიონის სახითაც. იმუნური სისტემისთვის აუცილებელი ვიტამინების შემცველია გრეიფრუტი და ნიორი. ძალიან კარგია გვირილის ჩაი და კამა. ექიმები გვირჩევენ, რომ კარგი იქნება თუ ძალიან თბილად არ ჩავიცვამთ, რადგან საოფლე ჯირკვლებიდან ოფლის გამოყოფა ხელს უწყობს გაციებას.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი