როგორ მოქმედებს ორსულობა კანზე

    ორსულობა, როგორც ფსიქოლოგიურ ისე ფიზიკურ და ჰორმონალურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული. პირველი, რაზეც ფიქრს ვიწყებთ, ზედმეტი კილოგრამებია, თუმცა ამის გარდა კიდევ ბევრმა პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი. გთავაზობთ ამ პრობლემების ჩამონათვალს და მათ გამომწვევ მიზეზებს.

    ვენების ვარიკოზი

    ფეხმძიმობისას ზოგიერთ ქალს ვარიკოზული ვენები უჩნდება, რაც ჰორმონალური ფონის შეცვლასთან და ასევე, არასწორად შერჩეულ ჰორმონალურ კონტრაცეპციასთანაა დაკავშირებული. ეს პროცესი მშობიარობის შემდეგ, დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში კიდევ გრძელდება. ამ დროს ირღვევა სისხლის მიმოქცევა და ხდება  ვენების გაგანიერება, რაც ვიზუალურად შესამჩნევია და ბევრი ქალი ამის გამო დიდ დისკომფორტს განიცდის.

    აკნე

    ორსულობისას და მის შემდგომ პერიოდშიც, ჰორმონების ცვლილება საკმაოდ შესამჩნევია – იმატებს ანდროგენი, რომელიც კანზე გამონაყარის მსგავსი ჯირკვლების წარმოქმნას იწვევს.

    აკნეს მკურნალობა ორსულობის პერიოდში უფრო სპეციფიკურია, რადგან ყველა წამლის დალევა არ შეიძლება. თუ პრობლემა გაგირთულდებათ აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.

    არასასურველი თმა

    ჭარბთმიანობა კიდევ ერთი თვალსაჩინო პრობლემაა, რომელიც ორსულობისას ვლინდება. ჭარბმა თმამ შესაძლოა სხეულის სხვადასხვა ზონაზე იჩინოს თავი: მუცელზე, სახეზე და ა.შ.    იგი უდიდეს დისკომფორტს გვიქმნის, თუმცა, ამ პერიოდში რეკომენდებული არ არის ლაზერული და ნემსით ეპილაცია. ამიტომ, მოგვიწევს შევეგუოთ და დაველოდოთ მშობიარობას.

    პიგმენტაცია

    ლაქები სხეულზე ან სახეზე ადვილად შესამჩნევი და ზოგ შემთხვევაში, ორსულობის მანიშნებელიცაა. პიგმენტაციის დარღვევაც ჰორმონების ცვლილებასთან არის დაკავშირებული. ხშირად ეს შემდეგნაირად გამოიხატება: ძუძუს თავები ხდება უფრო მუქი, ასევე მუქდება მუცლის ხაზიც. პიგმენტები შესამჩნევია ლოყებზეც, განსაკუთრებით შესამჩნევია ქალებში, რომლებიც მიდრეკილები არიან ჭორფლიანობისკენ.

    აუცილებელია, გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემი ან საერთოდ მოვერიდოთ მზეზე ყოფნას.

    სტრიები

    ქალების 90%-ზე მეტს ორსულობისას სტრიები უჩნდება, რაც კანის დაჭიმვითა და წონის მომატებით არის გამოწვეული. ძირითადად, ეს პრობლემა ორსულობის ბოლო თვეებში ჩნდება და უმეტესად მუცლის, დუნდულების, ბარძაყების და ზოგ შემთხვევაში, მკერდის ზონაშია ლოკალიზებული. ყველა შემთხვევაში, მიზეზი შემაერთებელ ქსოვილში მიმდინარე ცვლილებებია. სტრიების ფერი კანის ფერზეა დამოკიდებული. თავიდან ისინი მოვარდისფრო ან იასამნისფერია, თუმცა დაახლოებით ერთ წელიწადში უფერულდება. სტრიების საბოლოოდ გაქრობა შეუძლებელია, მაგრამ ლოსიონები და სხვადასხვა საშუალებები ვიზუალურად უფრო შეუბმჩნეველს გახდის ამ პრობლემას.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი