როგორ მოვაწყოთ სახლი ფენ-შუის მიხედვით

    ფენ-შუი უძველესი ჩინური სწავლებაა სამყაროს ჰარმონიის კანონების შესახებ. ეს მეცნიერება მრავალათასწლოვან ცხოვრებისეულ დაკვირვებებზეა აგებული და ითარგმნება, როგორც ქარი- წყალი ანუ ფენ-შუი.

    ჩინელები ჯერ კიდევ უძველეს ხანაში მიხვდნენ, რომ მთელი სამყარო ერთი და იგივე ენერგიის სხვადასხვა ფორმაა, რომ სამყარო ერთი წერტილიდან გაფართოვდა და ისევ ერთ წერტილში მოექცევა. ამის შესახებ წინა პოსტში უკვე ვისაუბრეთ. ახლა კი განვიხილავთ იმას, თუ როგორ მოვაწყოთ სახლი ფენ-შუის წესების დაცვით.

    ფენ-შუის მიხედვით სახლის მოწყობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ბევრს აინტერესებს, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სახლი იყოს მყუდრო და დადებითი ენერგიის მატარებელი. რაც მთავარია, ამ ყველაფერს მარტივად და ხალისით უნდა მიუდგეთ, სიამოვნება უნდა მიიღოთ პროცესით და ფენ-შუის დედაბითი ენერგიებიც არ დააყოვნებს.

    • მოაშორეთ ზედმეტი ნივთები

    შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ჰარმონია.  ეცადეთ, რომ სახლი ზედმეტი ნივთებისგან  გაათავისუფლოთ. მოაშორეთ ყველაფერი, რაც არ მოგწონთ და შექმენით გარემო, რომელიც თქვენთვის კომფორტულია.

    • ჰაერი და სინათლე

    ფენ-შუის დადებითი ენერგიის მისაღებად ჰაერი და სინათლე ორი მთავარი ელემენტია.

    არ აქვს მნიშვნელობა ზამთარია თუ ზაფხული, გააღეთ ფანჯრები ხშირად, შემოუშვით იმდენი ბუნებრივი  სინათლე, რამდენიც შესაძლებელია. ასევე, პოზიტიური განწყობის შექმნაში ოთახის მცენარეებიც დაგეხარებიან.

    • შექმენით თქვენი რუკა

    შექმენით ფენ-შუის ენერგიის რუკა სახლისთვის. სხვადასხვა კუთხე თუ ოთახი თქვენთვის სხვადასხვა ენერგიასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, რომელიმე ადგილი გიქმნით მეტ სიმყუდროვეს, სიმშვიდეს; ზოგი ადგილი გავსებთ სიცოცხლის ხალისით და ენერგიით; ზოგი გეხმარებათ კონცენტრირებაში და პროდუქტიულობის გაზრდაში და ა. შ. ამ კუთხეების/ოთახების განსაზღვრა დაგეხმარებათ, რომ საჭირო დროს საჭირო ენერგია მიიღოთ თქვენი სახლისგან და თავი კომფორტულად იგრძნოთ ნებისმიერ კუთხეში, ხასიათის შესაბამისად.

    • ფენ-შუის 5 ელემენტი

    გამოიყენეთ ფენ-შუის ელემენტები. ესენია: ხე, ცეცხლი, დედამიწა, მეტალი, წყალი. შექმენით ბალანსი და ძლიერი ენერგია მთელ სახლში. მაგალითად, თუ თქვენი მიზანია კეთილდღეობა, შეგიძლიათ ფენ-შუის ელემენტები – წყალი და ხე მოათავსოთ სახლის სამხრეთ ნაწილში. თუ გინდათ  გაიუმჯობესოთ  ჯანმრთელობა, მაშინ ყვავილოვანი მცენარეები ან ხის ინვენტარი უნდა მოათავსოთ სახლის აღმოსავლეთ ნაწილში.

    • რომელ სტიქიას მიეკუთვნებით?

    თუ თქვენი ზოდიაქო მიეკუთვნება ცეცხლის სტიქიას, სახლის მოწყობისას გამოიყენეთ შემდეგი ფერები: წითელი, სტაფილოსფერი, ვარდისფერი და ყვითელი. სახლის ინტერიერში შეიტანეთ ხის ელემენტებიც. სხვა სტიქიების შემთხვევაშიც ეცადეთ, შესაბამისი ფერები და მასალა გამოიყენოთ.

    • ფენ-შუის ე.წ. “სამება”

    ყურადღება მიაქციეთ ენერგიის ხარისხს და მის გავლენას თქვენს კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით ფენ-შუის ე.წ. “სამებას” – საძინებელს, სამზარეულოსა და აბაზანას – რომელიც პირდაპირ კავშირშია თქვენს ჯანმრთელობასთან. ენერგიის სამყაროში სტატიკური არაფერია. ამიტომ, ყოველთვის იფიქრეთ ამ სამი ოთახის მდგომარეობაზე, მათ მნიშვნელობაზე და სწორად მოწყობაზე. მიიღეთ და შექმენით სწორი ენერგიები, რათა გარემო, სადაც ცხოვრობთ, ჯანსაღი და ბედნიერი ენერგიით აავსოთ.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი