საინტერესო სიახლეები მერსედეს ბენცის მოდის კვირეულიდან

    თბილისი ყოველ სეზონზე მსოფლიოს მოდის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრში ქცევა. MBFW ხელს უწყობს ახალბედა არტისტების და მოდის, როგორც ბიზნესის განვითარებას. წელს კოლექციები ბევრად უფრო გაბედული იყო რაც ასე აკლდა ქართულ მოდას.

    მერსედეს ბენცის მოდის კვირეული წელს საყურადღებო იყო რამოდენიმე თვალსაზრისით:

    ანუკი არეშიძის ახალი კოლექცის ჩვენების ლოკაციად აეროპორტი შეირჩა. ერთი შეხედვით, ეს სნობიზმად და საკუთარი პრივილეგიების ბოროტად გამოყენებად შეიძლებოდა ჩთვლილიყო, თუმცა ვიხილეთ დიზაინერის საკმაოდ დიდი პროგრესი: არეშიძის მიერ შექმნილი გოგონა არ არის შავებში შემოსილი „ზექალი“, იგი ჰაეროვანია თუმცა რიგ შემთხვევებში მასკულინური. ანუკის ახალი გოგონა არ ერიდება აგრესიას, მისი ახალი სამოსი აღარაა ულტრაფემინური.

    Mach & Mach -მა მცირე დროში მიიპყრო ახალგაზრდა გოგონების ყურადღება. მაჭარაშვილები საკუთარ დიზაინში მეტნაკლებად კარიკატურულ ბრჭყვილა გოგონას ხატავენ. მათ ყველაზე პოპულარულ პროდუქტად შეიძება ფეხსაცმლები ჩავთვალოთ. პომპეზურობა მაჭარაშვილების ერთ-ერთი ხელწერაა თუმცა მოდის კვირეულზე წარდგენილი კოლექცია უფრო ღრმად იჭრება მათ მიერ შექმნილი გოგონას ცნობიერებაში. Mach & Mach-ის გოგონა ზედმეტად უდარდელია, თუმცა არ არის არასერიოზული.

    ახალბედა აკა ფროდიაშვილისთვის წლევანდელი ჩვენება რიგით მეორეა მერსედეს ბენცის მოდის კვირეული ფარგლებში. იგი უდაოდ საინტერესო ნიჭის პატრონი გახლავთ რაზეც მისი ახალი კოლექციაც მოწმობს. ამ კოლექციამ მრავალი კონტრასტი გააერთიანა და ყველაზე პოლიტიკურად და ინოვაციურად შეიძლება მივიჩნიოთ. ჯონ გალიანოს საგრძნობ გავლენას ამძაფრებდა გრიმი, რომელიც მოდელებს ჰქონდათ გაკეთებული. კოლექციამ მოიცვა ქვიარ კულტურა და რელიგიური თემატიკა, გამოირჩეოდა ფერებისა და სილუეტების მრავალფეროვნებით. ერთადერთი რაც უარყოფით ელფერს ანიჭებდა სიტუაციას იყო ლოკაცია. ის მეტნაკლებად ამახინჯებდა შოუს იდეას რომელიც თავისუფალი სიყვარულის გარშემო ტრიალებდა.

    რაც შეეხება გიორგი ქებურიას ახალ კოლექციას, შესამჩნევია ივ სან ლორანის, ბალენსიაგას ან თუნდაც ვალენტინოს გავლენა. ჩვენების თემა კვლავ რომანტიკული ხასიათისაა და დიზაინერის მთავარ სიმბოლოდ გული გვევლინება. თითოეული ჭრა, ღილი, სილუეტი და რიგ შემთხვევებში მთლიანდ ტოპები ამ ფორმით გვევლინება. ვერ ვიტყვი რომ თემა ახალი იყო, თუმცა მისი ინტერპრეტაცია იყო საინტერესო – კოლექციაში წარმოდგენილი სამოციანი წლების სილუეტებით და დიდი სათვალეებით. ისინი ერთგავრ ანტიპოდებს წარმოადგენენ ქებურიას შემოქმედებაში უკვე დამკვიდრებულ და ნაცნობ პროდუქტებზე.

    ავტორი: გიორგი გუნჯურა

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი