სალომე შარვაძე: “ერთ ჯადოქარ ადამიანს მივაკითხე, რომელმაც სწორი კვების რაციონი შემიდგინა”

    მსახიობ სალომე შარვაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. განსაკუთრებული პოპულარობა მან სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული როლით მოიპოვა. თუმცა, მსახიობობა ერთადერთი სფერო არაა, რომელშიც სალომე საქმიანობს. ის პიარისა და მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობს, გარდა ამისა, Forbes Woman-შიც მუშაობს.

    სალომემ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე საგრძნობლად დაიკლო. ზედმეტი 15 კილოგრამი მოიშორა და ახლა თავს უფრო მოტივირებულად გრძნობს. მსახიობი არაჩვეულებრივ ფორმაშია. სალომე შარვაძე გარეგნობაზე ზრუნვის საკუთარ გამოცდილებას Beauty Magazine-ის მკითხველს უზიარებს.

    სალომე, როგორც ვიცით რუჯის მოყვარული ხართ. ასეთ დროს კანი ხშირად შრება და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, თქვენ როგორ უვლით გარუჯულ კანს?

    ხშირად ვირუჯები და გარდა ბუნებრივი რუჯისა, სამწუხაროდ სოლარიუმის ხშირი მომხმარებელიც ვარ. თუმცა, ვცდილობ არჩევანი ხარისხიან სალონებსა და აპარატებზე გავაკეთო. მართალია, ძირითადად საზიანოა, მაგრამ რადგანაც მომხმარებელი ვარ, მაინც ჯობია, რომ ხარისხიან სოლარიუმებში ვიარო. მკვებავი, დამატენიანებელი, შრატი, თვალის მოვლის საშუალება – ამას ნამზეურის დროს ყოველდღიურად ვიყენებ. როგორც დილით, ისე საღამოს.

    როგორი კანი გაქვთ და  როგორ უვლით სახის კანს სახლის პირობებში? რა არის ის აუცილებელი რუტინა, რასაც ყოველ დილას და საღამოს მიმართავთ?

    პრობლემური სახის კანი არ მაქვს. ჭორფლები მაქვს, რაც ამ ეტაპზე მომწონს. ვხმარობ „ესტე ლაუდერისა“ და „შანელის“ ბრენდის მკვებავებს, ნიღბებს. ვცდილობ რეგულარულად გამოვიყენო ისინი. ეს პროდუქტები კოსმეტოლოგის მიერაა შერჩეული. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალმა გირჩიოს, თუ რა სჭირდება კონკრეტული ტიპის კანს ასაკიდან თუ სხვა თავისებურებებიდან გამომდინარე. ვიცი, რომ  დიდი რაოდენობით მზის სხივები სახის კანს აზიანებს და დამცავვი საშუალება უნდა გამოვიყენოთ, თუმცა, სამწუხაროდ, მე არ ვიყენებ ხოლმე. პირიქით, გასარუჯ საშუალებებს მოვიხმარ. რაც შეეხება რუტინას, საღამოს აუცილებლად ვიშორებ მაკიაჟს დასაბანი საშუალებით, შემდეგ ვისვამ მკვებავს, თვალის კრემს. მიუხედავად იმისა, მაკიაჟს ვისვამ თუ არა, დასაბანი საშუალებით სახეს მაინც ვიბან ხოლმე. ქალაქი იმდენადაა დაბინძურებული, რომ საღამოს კანი აუცილებლად უნდა გავისუფთავოთ და მოვიშოროთ დღის მანძილზე დაგროვილი მტვერი.

    რამდენად ხშირად სტუმრობთ კოსმეტოლოგებს და თუ ითვალისწინებთ მათ რჩევებს?

    სხვადასხვა პროცედურების ჩატარება ჯერჯერობით არ დამიწყია,  მაგრამ ნელნელა უნდა დავიწყო ალბათ. ერთადერთი, რისთვისაც მათ ვაკითხავ 6 თვეში ერთელ სახის გაწმენდაა.

    გაგიკეთებიათ თუ არა პლასტიკური ოპერაცია ?

    არაფერი მაქვს გაკეთებული, მხოლოდ გძიდის ოპერაცია მაქვს ჩატარებული, რადგან ვერ ვსუნთქავდი. სახეზე არაფერს შეცვლიდი. რომ მჭირდებოდეს ჩარევა, აუცილებლად გავიკეთებდი. მიმაჩნია, რომ ადამიანს თუ რამე არ მოგწონს, უნდა შეცვალო. მთავარია დიეტა და კარგ ფორმაში ყოფნა. მთავარია, ეს საკითხი არ მაწუხებდეს, რადგანაც ზედმეტი კილოგრამები სახეზე ცუდად აისახება.

    ყოველდღიურად იყენებთ დეკორატიულ კოსმეტიკას? როგორ ფიქრობთ, მნიშვნელოვანია თუ არა ხარისხიანი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, სახის კანი რომ არ დავიზიანოთ?

    აუცილებელია! მესმის, რომ ფუფუნებაა კარგი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, მაგრამ ვთვლი, რომ ჯობია გქონდეს ერთი და ხარისხიანი, ვიდრე რამდენიმე. ხარისხი ძალიან მნიშნელოვანია. რაც შეეხება კოსმეტიკას, იქიდან გამომდინარე, რომ გადაღებებზე ხშირად მიწევს ყოფნა და შესაბამისად, პროფესიონალური მაკიაჟის გაკეთება, ყოველდღიურობაში ვცდილობ მინიმალურად მოვიხმარო. ერთადერთი რუჟს, ჰაილაითერს და ნეიტრალური ფერის ტუჩსაცხს ვხმარობ.

    როგორი სტილის მაკიაჟს ანიჭებთ უპირატესობას?

    მსუბუქი აუცილებლად.

    სხეულის მოვლაზეც გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება. რამდენი კილოგრამი დაიკელით, როგორ მიიღეთ ეს შედეგი და რამდენ ხანში?

    შარშან ვიყავი ძალიან მომატებული. იმის შემდეგ დაკლებული მაქვს 15-16 კილოგრამი. თვითონ ვერასდროს ვერაფერს ვაკეთებ, რადგან ამის ნებისყოფა არ მაქვს. ამიტომ მივაკითხე ერთ ჯადოქარ ადამიანს, მარი მილორავას, რომელმაც შემიდგინა სწორი კვების რაციონი და ჩამიტარა მასაჟის კურსი. მოკლედ ყველანაირად დამაკვალიანა, გამიწია კონსულტაცია იმის შესახებ, თუ რა და როგორ უნდა მივირთვა, დამეხმარა ფსიქოლოგიურადაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკვები იყოს ჩვენზე მორგებული და თავი არ დავიავადოთ. მან გაითვალისწინა ყველაფერი და ასე მომიდგა. მე მიყვარს, როდესაც პროფესიონალებს მივმართავ. ამასთან, წყლის დალევაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველი კვების წინ, ნახევარი საათით ადრე ვსვამ წყალს. ეს უკვე კანონად მაქვს. მეც ახლახან გავიგე რომ ეს წონაში დასაკლებად ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა.

    თუ ხართ დაკავებული სპორტით, როგორ ცდილობთ ფორმის შენარჩუნებას?

    არასოდეს ვყოფილვარ დაკავებული სპორტით, მაგრამ ხვალიდან ვიწყებ ვარჯიშს ჩემს მეგობრებთან ერთად. ოღონდ, ეს ისეთი ხვალ არ არის, არასდროს რომ არ მოდის ხოლმე. ერთ-ერთ ფიტნეს დარბაზში ვიწყებ სიარულს. ამ ეტაპზე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფორმაში ყოფნა. ამიტომაც ჩემი გეგმაა, რომ სპორტით ძალიან აქტიურად დავკავდე.

    და ბოლოს, როდის გიხილავთ სერიალში?

    ძალიან მალე! ძალიან კარგი სეზონი ელოდება მაყურებელს. ბევრი სიახლით და აქტუალური თემებით. სერიალი ოქტომბერში დაიწყება ახალ არხზე „ფორმულაზე“.  

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი