სასარგებლო რჩევები პროფესიონალისგან ფრჩხილის მოვლასთან დაკავშირებით

    უკვე დიდი ხანია ფრჩხილის მოვლა უბრალოდ ლაქის წასმა აღარ არის, ეს ნამდვილი ხელოვნებაა და შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეს აკეთებენ, გამოცდილებასთან ერთად ნიჭიც სჭირდებათ. პროფესიონალი და ნიჭიერი სპეციალისტი არც ისე ბევრია და მათ ძირითადად ძვირადღირებულ სალონებში და სილამაზის ცენტრებში ვეძებთ… თუმცა, კარგი მომსახურების მიღება ყველგან შეიძლება, სადაც მუშაობენ პროფესიონალები, აქვთ ნიჭი და უყვართ თავისი საქმე.

    მილენა ეგიზარიანიც ერთ-ერთი მათგანია. Milena Nail Art-ს კმაყოფილი მომხმარებლების წყალობით მივაგენით და გადავწყვიტეთ, ჩვენი შთაბეჭდილებები თქვენც გაგიზიაროთ. მილენა 16 წელია ფრჩხილების მოვლის სპეციალისტია, შემოქმედებითად უდგება საკუთარ საქმეს და რაც მთავარია, მუდმივად ცდილობს განვითარდეს და უკეთესი მომსახურება შესთავაზოს თავის მომხმარებლებს. www.makechoice.ge-ს ის საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრდა და რამდენიმე კარგი რჩევაც მოგვცა:

    მილენა, რატომ გადაწყვიტეთ ამ პროფესიის არჩევა, რამ იქონია გავლენა თქვენს არჩევანზე?

    ბავშვობიდან მომწონდა ლამაზი ფრჩხილები. სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე ეს ხელობა შემესწავლა და მას მერე ამ სფეროში ვარ. არ ვნანობ რომ ეს პროფესია ავირჩიე, ნელ-ნელა, უფროდაუფრო ვვითარდები. ვესწრები სხვადასხვა ლექციებს და სემინარებს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

    რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჯანმრთელი ფრჩხილები გვქონდეს?

    ეს დამოკიდებულია ჩვენს ორგანიზმზე. ხშირად, ჯანმრთელობის პრობლემებს ფრჩხილები გვამცნობენ. პირველ რიგში ჯანმრთელობას უნდა მივხედოთ და შემდეგ ვ იზრუნოთ კოსმეტიკაზე. პერიოდულად აუცილებლად უნდა გავიკეთოთ ფრჩხილები პროფესიონალთან. ბევრი თავადაც კარგად უმკლავდება ამ საქმეს, თუმცა სახლში გაკეთებული ფრჩხილი ყოველთვის განსხვავდება სპეციალისტის მიერ გაკეთებული ფრჩხილისგან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფრჩხილს აყვითლებს და აზიანებს მოწევა და უხარისხო ლაქი. ასე რომ, ჩემი რჩევაა, ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრებით და გამოვიყენოთ ხარისხიანი პროდუქცია.

    რომელია შედარებით კარგი ხარისხის ფრჩხილის ლაქი მათ შორის, რას საქართველოში იყიდება?

    “მორგან ტეილორის” და “სი ენ დი” -ს პროდუქცია მომწონს ყველაზე მეტად. ორივე ბრენდის ლაქი მდგრადი და ხარისხიანია.

    როგორ მოვუაროთ იარაღებს და კლავს თუ არა გამოხარშვა ბაქტერიებს სრულად?

    ხელსაწყოების სტერილიზაცია აუცილებელია, სალონი იქნება ეს თუ სახლი. როდესაც ოჯახში რამდენიმე წევრია და ერთსა და იმავე ხელსაწყოებს ხმარობენ, სტერილიზაცია მით უმეტეს საჭიროა. თუმცა, სახლში ამას მაღალ დონეზე ვერ გააკეთებ – სტერილიზაციის ეტაპები სხვა სტანდარტებს მოითხოვს. ამიტომ, ყველას უნდა ჰქოდეს პირადი ხელსაწყო, განსაკუთრებით ბავშვებს. არავითარ შემთხვევაში არ ახმაროთ ბავშვს თქვენი მაკრატელი და პირიქით, არასოდეს იხმაროთ ბავშვის მაკრატელი.

    თავად როგორ აკეთებ სტერილიზაციას, როგორია უსაფრთხოების ნორმები?

    100 % სტერილიზაციისთვის საჭიროა სპეციალური ხსნარები. პირველი ეტაპისთვის აუცილებელია ინსტრუმენტების გარეცხვა, შემდეგ მათი გაშრობა და გარკვეული დროით სპეციალურ ხსნარში ჩადება. შემდეგ ისევ ირეცხება და ავტოკლავში სტელირდება. ეს არის სპეციალური, მსოფლიოში აღიარებული დანადგარი, რომელიც ორთქლის საშუალებით კლავს გადამდებ დაავადებებს. ზოგადად, უბრალოდ გაცხელებით (რაც ხშირად გვხდება სხვადასხვა სალონებში), ბაქტერიები უფრო აქტიურდებიან. სწორედ ამიტომ, ავტოკლავით სტერილიზაცია არის ყველაზე უსაფრთხო და მსოფლიოში აღიარებული მეთოდი.

    ხშირად გვსმენია, რომ ლაქისგან ფრჩხილი უნდა დავასვენოთ, ვასუნთქოთ… რამდენად კარგია ლაქის მუდმივად მოხმარება?

    გააჩნია როგორ ლაქს ვხმარობთ. აუცილებლად კარგი ხარისხის უნდა იყოს, არ უნდა შეიცავდეს აცეტონს, რათა არ გააყვითლოს, არ შეღებოს და არ გამოაშროს ფრჩხილი (რაც იწვევს შემდგომში ფრჩხილის აქერცვლას), აუცილებელია ბაზა და დამცავი. ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, ფრჩხილი არ დაზიანდება.

    აზიანებს თუ არა ფრჩხილს შრილაკი და რა ინტენსივობით უნდა წავისვათ?

    როდესაც ქალს აქვს მყარი, ლამაზი ფრჩხილი, შეუძლია იხმაროს ჩვეულებრივი მანიკური. თუმცა, შრილაკი ძალიან დიდხანს ძლებს და კომფორტულია, ამიტომ ისვამს ყველა ან იგრძელებს გელით. მე სულ შრილაკი მისვია. მთავარია ფრჩხილი სწორად მოვამზადოთ შრილაკისთვის. ჩავატაროთ ყველა საჭირო პროცედურა წესების დაცვით. რაც შეეხება შრილაკის მოცილებას, ეს სპეციალისტმა უნდა გააკეთოს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თვითნებურად აციცქვნა, აფხეკა ან კბილებით მოცილება – როგორც ხშირად შვრებიან ხოლმე. ასე ფრჩხილი ზიანდება და შემდეგ შრილაკს აბრალებენ. ფრჩხილი არ დაზიანდება თუ სწორად წავისვამთ და სწორად მოვიშორებთ. ყველაფერს თავისი წესები და ხარისხი აქვს.

    როგორ მოვუაროთ ნუნებს?

    ნუნებს თავისი ფუნქცია აქვთ. ისინი იცავენ ფრჩხილებს ბაქტერიების შეჭრისგან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ნუნების უხეშად ამოჭრა, კანის ქვეშ მაკრატლით შესვლა და დაზიანება. ასე შეიძლება ინფექციაც შეიჭრას. თუ საჭიროა ნუნების მოშორება, შეიძლება გაკეთდეს აპარატული მოშორება.

    რა გავაკეთოთ თუ ფრჩხილი იყოფა?

    წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩავიტაროთ რაიმე კურსი, რომ ორგანიზმი მოვამარაგოთ საჭირო ნივთიერებებით. ასევე შესაძლებელია ზღვის მარილის აბაზანების გაკეთებაც, არსებობს ძალიან კარგი ზეთები, რომლებიც აჯანსაღებს ფრჩხილებს. ძირითადად, ძალიან მნიშვნელოვანია სალონში, კარგ სპეციალისტთად სიარული, რომ ფრჩხილი იყოს ყოველთვის მოწესრიგებული და ჯანმრთელი.

    როგორ ვებრძოლოთ ფეხზე ნახეთქებს, გაუხეშებულ კანს და როგორ შევინარჩუნოთ ნაზი კანი?

    კარგია პილინგებით, სკრაბით და ნიღბებით დამუშავება. ძალიან კარგია ასევე პარაფინის გაკეთება (ფეხებზეც და ხელებზეც), კანს ატენიანებს და არბილებს. პარაფინი არის ცვლი, რომელიც შეიცავს ძალიან ბევრ ვიტამინს და სასარგებლოა კანისთვის. ისე ატენიანებს და არბილებს, რომ შეგიძლია რამდენიმე დღე დამატენიანებელი კრემი არც წაისვა. ფეხიდან ნახეთქების და კოჟრების მოსაცილებლად კი არსებობს სპეციალური საშუალებები და ხსნარებიც.

    დაბოლოს, რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს?

    ყველას ვურჩევ, რომ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრებით. ფრჩხილებს და კანს ყოველთვის ეტყობა ჯანმრთელია თუ არა ადამიანი და ზრუნავს თუ არა ჯანმრთელობაზე. ჯერ ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე, შემდეგ გადავიდეთ კოსმეტიკურ საშუალებებზე და გალამაზებაზე.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი