School of Styling – დახურული ჯგუფი მოდის მოყვარულებისთვის

    ბოლო პერიოდში, facebook-ში არაერთი პოპულარული ჯგუფი შეიქმნა. სარწმუნოებისა და ქვეყნის სიყვარულის გარდა (იგულისხმება დახურული ჯგუფები) ადამიანები არაერთმა საინტერესო და აქტუალურმა თემამ გააერთიანა. საზოგადოებაც დაიყო დიეტით, ვარჯიშით, კვებით, გართობით, სილამაზითა და თავის მოვლით, ჯანმრთელობით, მოგზაურობით, რემონტით დაინტერესებულ ჯგუფებად. ეს ჯგუფები თავის საქმეს აკეთებენ და ხშირ შემთხვევაში ძალიან საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას გვაწვდიან.

    ქვეყანაში, სადაც უამრავი ნიჭიერი დიზაინერი მოღვაწეობს და ორი მოდის კვირეული ტარდება, ძალიან დროული იყო კიდევ ერთი საინტერესო ჯგუფის შექმნა, რომელსაც School of Styling ჰქვია. ჯგუფი მოდის ბლოგერმა და სტილისტმა, გიგა უჩუვატოვმა შექმნა.

    გიგა, საიდან წამოვიდა ამ ჯგუფის შექმნის იდეა და საჭიროება?

    დიდი ხანია ვფიქრობ, რომ საქართველოში მოდის სფეროში განათლების მიღების საშუალება არ გვაქვს. პირადად მე ვარ ამ დისკომფორტში ძალიან დიდი ხანია. ყოველთვის დამოუკიდებლად მიწევდა სწავლა, ონფორმაციის მოპოვება და დღემდე ასე ვარ. თავად ვისწავლე ყველაფერი. ამ ცოდნის გაზიარება ხშირად მიწევს ფოტოგრაფიის კურსებზე, ჟურნალისტიკის კურსებზე, მათ შორის “ლუქ მოდელსში” სადაც აქტიურად ვასწავლი სთაილინგს. საბოლოოდ ვიფიქრე, რომ დამეწყო მასტერკლასების კეთება სხვადასხვა კუთხით – იქნებოდა ეს სოციალური მედია თუ მოდა… გადავწყვიტე ამ მასტერკლასებისთვოს პოპულარიზაცია გამეწია და გამეკეთებინა ჯგუფი. დავარქვი School of Styling. ჯერ კიდევ 1 კვირის ვიყავით და უკვე 2200 ქალი იყო გაწევრიანებული. ახლა ჩვენ უკვე 3000-ზე მეტი ვართ. წევრებს შორის არიან ცნობილი ქალბატონებიც, რომლებიც აქტიურად პოსტავენ.

    რა პრინციპით ხდება ჯგუფში წევრების დამატება?

    პრინციპი არის ის, რომ ჩვენს ჯგუფში მხოლოდ ქალები არიან. ეს პლატფორმა ეხმარება ქალებს, რომლებსაც სურთ რომ ისწავლონ კარგად ჩაცმა. სამომავლოდ ვგეგმავ, რომ გადაიზარდოს სტილის რეალურ სკოლაში, სადაც ყველა მსურველი შეძლებს სთაილინგის შესწავლას. ჩვენ ვსაუბრობთ მოდაზე, სტილზე, განვიხილავთ ტრენდებს, ანტიტრენდებს, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას და აზრს.

    რატომ მხოლოდ ქალებისთვის? ეს ხომ არ ამყარებს სტერეოტიპს, რომ მოდა მხოლოდ ქალებისთვისაა?

    როგორც აღმოჩნდა, ხშირად ქალბატონები მხოლოდ იმ შემთხვევაში წევრიანდებიან ჯგუფში, თუ იქ მამაკაცები არ არიან. ვიღაცას შეიძლება თამამი ფოტოს დადება მოუნდეს (მაგალითად რაიმე ლამაზი ბიუსტჰალტერის) და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ მე ეს კომფორტი შევუქმნა. ისინი მენდობიან. გარდა ამისა, ჩაცმა ისეთი საკითხია, რომ ჯერჯერობით საქართველოში  ქალბატონებში უფრო აქტუალურია. ძალიან ბევრი რექვესთი მომდის მამაკაცებისგანაც, მათ შორის ცნობილი დიზაინერებისგან, მაგრამ არ ვამატებ. ჯერჯერობით ეს კომფორტი ქალბატონებისთვის შევქმენი, თუმცა სამომავლოდ მსგავსი ჯგუფი შესაძლოა მამაკაცებისთვისაც გავაკეთო.

    რა კრიტერიუმებით არჩევ ჯგუფის წევრებს?

    ამ ეტაპზე ყველას ვამატებ, უბრალოდ ძალიან ვაკონტროლებ პოსტების შინაარს და კომენტარებს.

    როგორ უმკლავდები დაძაბულობას, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ხოლმე კრიტიკულ კომენტარს?

    როდესაც კომენტარებში ვხედავ კრიტიკას, მომხმარებელს ვთხოვ ხოლმე რომ დაასაბუთოს. მინდა ადამიანებმა ისწავლონ არგუმენტირებული ჯანსაღი კრიტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ჯგუფი დაემსგავსება ჯგუფებს, სადაც ერთმანეთს ლანძღავენ და ბევრი ნეგატიური ინფორმაციაა. ჩვენც ვდაობთ, დისკუსიაშიც შევსულვარ ჯგუფის წევრთან (ზოგადად მახასიათებს პირდაპირობა), მაგრამ ყველაფერი ძალიან კორექტულად ხდება, რომ შინაგანაწესი არ დაირღვეს.

    ამ ჯგუფის საშუალებით ნებისმიერს შეუძლია მიიღოს შენგან რეკომენდაციები?

    თუ რამდენიმე კითხვაა და შემიძლია რჩევებით შემოვიფარგლო, ყოველთვის მზად ვარ დავეხმარო ნებისმიერ ადამიანს. თუმცა, პირადი მომსახურება – შოპინგი, სტილისტის აყვანა ფასიანია. ამისათვის მწერენ ხოლმე პირადში და ჩვეულებრივ ვგეგმავთ ყველაფერს. ეს კომერციული თვალსაზრისით ჩემთვის საინტერესოა. თუმცა, მანამდე კარგად უნდა ვიმუშაოთ რომ მიხვდეს ხალხი, რომ სტილისტის პროფესია აუცილებელია.

    კომერციული თვალსაზრისით თუ აპირებ ჯგუფის კამოყენებას?

    რომ გითხრათ, რომ კომერცია არ მაინტერესებს მოგატყუებთ, მაგრამ სანამ 10 000 ადამიანამდე არ მივაღწევთ, მანამდე რეკლამის გაშვებას არ ვაპირებ. არ მინდა რომ ეს ჯგუფი გადაიქცეს ყიდვა-გაყიდვის გვერდად.

    რა იქნება შენი და School of Styling-ის შემდეგი ნაბიჯი?

    ამ ჯგუფის შექმნა იყო პირველი ნაბიჯი. ახლო მომავალში მნიშვნელოვანი ძვრები იგეგმება, სავარაუდოდ იანვრიდან. საინტერესო სიახლეებს ვიწყებ ერთ-ერთ ქალბატონთან ერთად, რომელიც ბიუთი სფეროში მოღვაწეობს და განათლება მიღებული აქვს მილანში. ბარემ ვიტყვი – ეს იქნება ძალიან კარგი კურსი, სადაც შესაძლებელი იქნება ძალიან კარგი განათლების მიღება.

    რაც შეეხება ჯგუფს, ჩემი უპირველესი მიზანია, რომ 10 000 წევრი გვყავდეს. ამის შემდეგ შეიქმნება სკოლა, სადაც ჩემ გარდა იქნებიან მოწვეული ლექტორებიც და ვასწავლით როგორც სტილის, მოდას, ისე ფოტოგრაფიას, დიზაინს და ა.შ.

              

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი