სერენა უილიამსი აფრიკული ნაწნავით Teen Vogue-ის გარეკანს ამშვენებს

    სერენა უილიამსმა კიდევ ერთი ახალი ისტორია შექმნა, ოღონდ ამჯერად ჩოგბურთის კორტებს მიღმა. მას ხშირად აქვს აფრიკული ნაწნავები, თუმცა ამჯერად იგი ამ ვარცხნილობით Teen Vogue-ს გარეკანზე მოხვდა, რაც პირველი შემთხვევაა.

    ეს ნომერი ასევე პირველია, რომელიც ახალი მთავარი რედაქტორის, ლინდსი ვაგნერის ხელმძღვანელობით გამოიცა. ლინდსი ასევე პირველი, ყველაზე ახალგაზრდა ფერადკანიანი რედაქტორია Teen Vogue-ს ისტორიაში. სერენა უილიამსის ფოტოებიც ფერადკანიანმა ფოტოგრაფმა, რონან მაკენზიმ გადაიღო.

    ”პრობლემურ თემებზე საუბარი მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა გავამხნევოთ ერთმანეთი, განსაკუთრებით ფერადკანიანმა ქალებმა. ერთი ქალის წარმატება მეორესთვის შთაგონება უნდა იყოს”- განაცხადა სერენა უილიამსმა.

    მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ართმევს თავს დედობას და როგორ უთავსებს ოჯახსა და საკუთარ საქმიანობას ერთმანეთს.

    გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

    სერენა, თქვენ ხართ დედა, წარმატებული ჩოგბურთელი და ბიზნეს ლედი. როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს?

    სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ყოველ ღამე ვფიქრობ, თუ როგორ გადავლახე ეს დღე… რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე ისევ ვვარჯიშობ და განვაგრძობ თამაშს. უბრალოდ ვიცი, რომ ყველა დედას უწევს ამ ფაზის გავლა.

    როგორ უმკლავდებით ყოველდღიურ სირთულეებს? როგორ იქცევით როცა ფიქრობთ, რომ ყველაფერი არასწორად მიდის?

    ჩემი აზრით, უნდა გააცნობიერო, რომ იდეალური დღეები არ არსებობს. ეს ჩემთვის ყველაზე რთულია რადგან ვცდილობ, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, გავაკეთო იდეალურად. ვცდილობ, ყოველი დღე უკეთესი იყოს. მთავარია, სიძნელეების გადალახვა ვისწავლოთ.

    როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

    ჩემი შემდეგი გამოწვევა კოდირების შესწავლაა. ჩემი ტანსახმლის ხაზი ინტერნეტით იყიდება და ვფიქრობ, კარგი იქნება ამ სფეროს შესახებ უფრო მეტი ვიცოდე.

    ავტორი: ნინი ბარბაქაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი