შაკო საჯაია: “იყო დრო, როდესაც წვერი მოუწესრიგებლობად ითვლებოდა”

    ბოლო პერიოდში, სულ უფრო ხშირად ვწერთ ქალებზე, ვაწვდით მათ საინტერესო და აქტუალურ ინფორმაციას თავის მოვლასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს საკითხი მამაკაცებსაც არანაკლებად აინტერესებთ. ძალიან აქტუალური და საინტერესო გახდა მათთვის თავის მოვლის არაერთი მიმართულება, მაგალითად: კანის მოვლა, ეპილაცია, წვერისა და თმის მოვლა, ფრჩხილები… ეს არ არის ფუფუნება, ეს არის კულტურა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიმუშაოთ. სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ მივაკითხეთ შაკო საჯაიას.

    იყო დრო, როდესაც წვერი მოუვლელობად და მოუწესრიგებლობად აღიქმებოდა. როგორც შაკო ამბობს, ეს ძველი სტერეოტიპია, რომელიც საბედნიეროდ გაქრა. შაკო თავად იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საქართველოში მოვლილი, მოწესრიგებული წვერის ტრენდი შემოიტანა. დღეს ის Beauty Studio Shako Sajaia-ს ხელმძღვანელობს და ერთნაირად პოპულარულია ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის. ქალბატონების თმის მოვლასთან დაკავშირებით ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ შაკოს რჩევებს. ამჯერად მამაკაცების თავის მოვლის შესახებ ვისაუბრებთ. 

    შაკო, რატომ გადაწყვიტე რომ სტილისტი უნდა გამხდარიყავი?

    თავიდან ეს სულაც არ იყო გატაცება. უბრალოდ სამსახური მინდოდა და ძალიან მომეწონა სალონის გარემო, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი შემოდის კარგი განწყობით – რომ უნდა გალამაზდეს. ეს იყო 12 წლის წინ. მერე უკვე აღარ მომეწონა სტანდარტულ სალონში მუშაობა და დავიწყე ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თავს კარგად ვიგრძნობდი. გამომივიდა კიდეც და შევქმენი სალონი, სადაც ყველა ტიპის ადამიანი მოდის და განკუთვნილი არ არის მხოლოდ ძალიან მდიდრებისთვის  (ან პირიქით). მყავს კარგი თანამშრომლები, გვაქვს კარგი მუსიკა და ისეთი ინტერიერი, სადაც გვიხარია მოსვლა. ამით არაფერს ვამტკიცებთ, ამაში არის ჩვენი ხასიათი. ამ ეტაპზე სოციალურ ქსელებში არ ვართ აქტიურები, არ ვდებთ ბევრ რამეს და არ ვაპიარებთ. ჩვენ ვმუშაობთ აქ მომსვლელ ადამიანებზე. სანამ მოვლენ, არ აქვთ ამხელა მოლოდინი. შემდეგ აღფრთოვანებულები არიან და რა თქმა უნდა, ჩვენი კლიენტები ხდებიან. აქ უნდა მოხვიდე რომ გაიგო ჩვენი პლიუსები და სტანდარტები.

    როგორ ფიქრობ, რა გამოგარჩევს სხვებისაგან?

    როგორც ყველა საქმეს, ამასაც ჩარჩოები და სტანდარტები აქვს. როდესაც ამ საქმის შესწავლა დავიწყე მივხვდი, რომ ამ ჩარჩოებში მოქცევა არ მინდოდა და უფრო საინტერესო იყო ჩემი ხედვით, ჩემი პრაქტიკით, დამოუკიდებლად მუშაობა. მივხვდი, რომ ყველა კლიენტს ინდივიდუალურად უნდა მიუდგე და სწორედ ამ მიდგომის მერე დარჩა ხალხი ბევრად უფრო კმაყოფილი. ჩემი პლიუსი ისაა, რომ კარგად ვიცი მოსმენა და გაგება იმისა, რა უნდა ადამიანს. ამის შემდეგ ერთვება ჩემი ხედვა და ვიღებთ საუკეთესო შედეგს.

    როგორ უწყობთ ფეხს მსოფლიოს სტანდარტებს და უახლეს ტრენდებს?

    ჩემი ხედვა და გემოვნება საქართველოში ჩამოყალიბდა, შესაბამისად, ქალი იქნება თუ მამაკაცი, არ ვუკარგავ იერს და სულ ვციდლობ შევუნარჩუნო ქართული ხასიათი. საქართველოში ყველაზე მეტად მაინც ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებენ უპირატესობას. ქალბატონები უმეტესად ატარებენ მოკლე ვარცხნილობას და იშვიათად იყენებენ სხვადასხვა ფერებს. ჩვენს ქვეყანაში მომხმარებლების ის რაოდენობაც არ არის რომ ფანტაზიის მაქსიმალურად განვითარების საშუალება მოგეცეს (როგორც ეს დიდ ქალაქებშია, სადაც ქუჩებში ბევრი სიჭრელე და სიგიჟეა). შეიძლება ვინმემ სცადოს რაიმე განსხვავებული, მაგრამ ბოლოს მაინც უბრუნდებიან ბუნებრივ ფერს და ფორმებს. მე მიჭირავს ჩემი სტილი. ვარცხნილობის შერჩევისას მხოლოდ თმის შეჭრაზე არაა საუბარი, უნდა დაუკვირდე მის პროფესიას, ტიპაჟს და ისე შეარჩიო. ის უნდა ჯდებოდეს სტანდარტში, რომლითაც ცხოვრობს და არა სტანდარტში, რომელიც ამ სალონშია. უნდა შეძლო იმის დანახვა, რა სჭირდება მომხმარებელს.

    შაკო, მართალია, რომ თავს ქალები უფრო უვლიან ვიდრე მამაკაცები?

    ვერ ვიტყოდი რომ ქალებზე ნაკლებად აქტიურები არიან, პირიქით. ჩვენი მომხმარებლების 60 პროცენტი სწორედ მამაკაცია. ჩვენს ქვეყანაში იყო პერიოდი, როდესაც ვერ მუშაობდი თუ წვერი გქონდა. სახლშიც კი გეჩხუბებოდნენ. წვერი მოუწესრიგებლობად და არაჰიგიენურად ითვლებოდა. ეს საერთოდ არ არის კავშირში მოწესრიგებულობასთან (ბევრი ადამიანი იპარსავს წვერს და მოუწესრიგებელია). წვერმა უფრო თავდაჯერებულები გახადა მამაკაცები. წარმოიდგინეთ თმა ქალისთვის რა არის, ასეა წვერი მამაკაცისთვის. მთელი ცხოვრება გაქვს წვერი, აქვს თავისი ფორმა, ფერი და სანამ არ გაიზრდი არ იცი როგორია. წვერი გახდა მოდური მას შემდეგ, რაც მამაკაცებს მისი მოვლისა და მოხდენის საშუალება მიეცათ.

    რთულია გქონდეს ლამაზი და მოწესრიგებული წვერი? რთულია მისი მოვლა?

    საკუთარი თავის მოვლა, წვერი იქნება, თმა თუ ფრჩხილები, სასიამოვნო უნდა იყოს. სირთულეს საერთოდ ვერ ვხედავ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც კი საშუალება მოგვეცემა უნდა დავიბანოთ და მოვიწესრიგოთ. საკმაოდ ბევრი ბაქტერია და ნაწილაკები შეიძლება იყოს თმაში. ამიტომ, სანამ ოჯახის წევრებს შევეხებით, სახლში მისვლისთანავე უნდა დავიბანოთ წვერი. ამისთვის სპეციალური შამპუნები და საპნები არსებობს. ზეთები კი უფრო არბილებს, ბზინვარებას მატებს და სასიამოვნო სურნელს უტოვებს. უკვე იმდენი სალონი არსებობს, რომ წვერის დაბანა, მოწესრიგება და დავარცხნა აღარ წარმოადგენს პრობლემას.

    რამდენ ხანში ერთხელ უნდა მიმართონ მამაკაცებმა სალონს?

    იყო ასეთი უხეში გამოთქმა – რამდენ ხანს გამიქაჩავს? რამდენ ხანში მოვიდე? როცა ატარებ წვერს ან უვლი თმას და ფრჩხილებს, არ უნდა გეტყობოდეს რომ მოსაწესრიგებელი ხარ. კვირაში ერთხელ (მაგალითად კვირას), ან ორ კვირაში ერთხელ უნდა მიხვიდე სალონში და მოწესრიგდე. ჩვენ უკვე გვყავს ბევრი ასეთი მომხმარებელი, რომლებიც თვეში სამჯერ მაინც გვაკითხავენ, წესრიგდებიან და კარგი განწყობით გვტოვებენ. ამ ადამიანებს არასოდეს ეტყობათ რომ თმა აქვთ შესაჭრელი, ფრჩხილი აქვთ გაზრდილი და წვერი აქვთ მოსაწესრიგებელი. ვიღაცას შეუძლია თვითონ აკეთოს სახლში და ძალიან კარგია. მოკლედ, კვირაში ერთხელ, სალონში თუ სახლში, ადამიანმა თავი უნდა მოიწესრიგოს. თმას, რა თქმა უნდა, ვერ შეიჭრის, ამისთვის ვართ ჩვენ.

    უცხოელები უფრო უვლიან თავს თუ ქართველები?

    უცხოელებს არ შეეხოთ ძველი სდანტარტები და ამიტომ სულ ჰქონდათ წვერის მოვლის კულტურა. თუმცა, დღეს-დღეობით ქართველი მამაკაცები უფრო მოწესრიგებულები არიან და უვლიან თავს, ვიდრე უცხოელები. ბოლო წლებში წვერის მოვლა ჩემი იმიჯიდან და წვერიდან გამომდინარე გახდა აქტუალური. საქართველოში პირველი გამოვჩნდი წვერზე აქცენტით და ძალიან ბევრი მომხმარებელი გამომიჩნდა. როგორც უკვე აღვნიშნე, სახეს არ ვუკარგავ ქართულ ხასიათს. მიუხედავად თხოვნისა, კონტურები და ხაზები არასდროს მიკეთებია, რადგან ჩემი სტილი და შეხედულება მაქვს. მართლალია ბოლო დროს მამაკაცებისთვის ბევრი სალონი გაიხსნა და ხალხიც გადანაწილდა, მაგრამ ჩვენთან მაინც ისინი დადიან, ვინც ძალიან გამოირჩევა, ჩამოუყალიბდათ გემოვნება და იციან რა სურთ და ვისთან უნდა მივიდნენ ამისთვის.

    ყველა ადამიანი საინტერესოა ჩემთვის, მნიშვნელობა არ აქვს ცნობილი სახეა თუ არა. ვინც არ უნდა იყოს, თუ არ მცალია თამამად ვამისამართებ სხვა სხვა სპეციალისტთან. კლიენტებმაც იციან, რომ ჩვენთან ყველა კარგია და საიმედო ხელში არიან. აქ არ არის კონკურენცია, ყველა ერთ დრონეზეა და განსაკუთრებულად კარგია იმ საქმეში რასაც აკეთებს. რაც მთავარია, ყველა იმას აკეთებს რაც ყველაზე კარგად გამოსდის (ყველა ყველაფერს არ აკეთებს).

    როგორ ხდება თქვენთან თანამშრომლების პროფესიოული განვითარება?

    პირველ რიგში, ყველა ჩემი თანამშრომელი ეზიარება ძირითად წესს – რომ უნდა იყოს მოწესრიგებული და უნდა ჰქონდეს თავის მოვლის კულტურა. უნდა იყვნენ გამორჩეულები იმით, რასაც სხვას უკეთებენ – დაწყებული კანით, დამთავრებული თმით. ვცდილობ, რომ მათში დავინახო ის, რითიც გამოირჩევიან. ვაძლევ ცოდნას, რომელიც სჭირდებათ, ვეხმარები, ვკამათობთ, ვმსჯელობთ და განვითარების საშუალებას ვაძლევ.

    რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?

    ახლო მომავალში საზღვრებს გარეთაც ვაპირბ გასვლას. გავფართოვდებით, არ ვიქნებით მარტო თბილისში, სხვა ქალაქებს და ქვეყნებსაც მოვიცავთ. მალე ძალიან ბევრ სალონს დავჭირდებით. გვექნება თავის მოვლის ბევრი ახალი საშუალება, თანამშრომლობას ვიწყებთ უცხოურ ბრენდთან. მინდა საზღვარგარეთ წავიყვანო ჩემი სტაფი, გავიაროთ ტრენინგები და შემდეგ სხვებსაც ჩავუტაროთ (სხვადასხვა სალონებს). პრიველ ეტაპზე, ეს იქნება ესპანეთი.  სექტემბრიდან ბევრი სიახლე მექნება და მალე გავახმაურებთ.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი