თაკო ჩხეიძე: „სახის კანის მოვლა 15 წლიდან დავიწყე“

    ცნობილი მოდელი, თაკო ჩხეიძე ყოველთვის რაჩვეულებრივ ფორმაშია. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელობს და „თბილისის მოდის კვირეულის“ ორგანიზატორია. დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაშია. ამბობენ, რომ არასოდეს ირუჯება და სწორედ ეს არის მისი სილამაზის საიდუმლო. გადავწყვიტეთ, ეს ინფორმაცია თავად თაკოსთან გადაგვემოწმებინა. Beauty Magazine-ს მან თავის მოვლის საკუთარი გამოცდილება და რჩევები გაუზიარა.

    ამბობენ, რომ არასოდეს ირუჯებით და ამიტომაც გამოიყურებით ყოველთვის ასე კარგად.

    მეც ვირუჯები, მაგრამ ზომიერად, დამცავით. ვცდილობ არ დავწვე შუადღის მზეზე. ძალიან მომწონს რუჯი და ვთვლი, რომ ყველას უხდება. არაჯანსაღ რუჯს არ მივმართავ – სოლარიუმს, შეიძლება ითქვას, არ ვაკითხავ. საშინლად არ მომწონს არაბუნებრივ ფერში რომ გადადის რუჯი. გარდატეხის ასაკში რომ ვიყავი სოლარიუმი ახალი შემოსული იყო და სულ დავდიოდი. მგრამ რამდენადაც ლამაზია, იმდენად გვაზიანებს და მისი შედეგები ასაკის მატებასთან ერთად უფრო გვეტყობა. ამიტომ მგონია, რომ ზომიერება უნდა დავიცვათ, რაღაც ზღვარი უნდა არსებობდეს. ზღვაზე და აუზზე დამცავი უნდა ვიხმაროთ, დილის და საღამოს მზეს მიევფიცხოთ და შუადღის მზეზე გასვლისგან თავი უნდა შევიკავოთ.

    ძალიან კარგი კანი გაქვთ და ამას ხშირად აღნიშნავენ. როგორ უვლით სახის კანს?

    პირველ რიგში, ეს არის გენეტიკის დამსახურება – ბებიას იდეალური კანი ჰქონდა. თუმცა, მარტო გენეტიკაც არ არის საკმარისი, აუცილებელია კარგი მოვლა. სახის კანის მოვლა ადრეულ ასაკში, 15 წლიდან დავიწყე. სულ მქონდა სახის დასაბანი საშუალება და მსუბუქი დამატენიანებელი კრემი; გამუდმებით ვეძებდი სხვადასხვა საშუალებებს. მერე უკვე ეს ჩვევაში გადამივიდა. ახლა მყავს არაჩვეულებრივი კოსმეტოლოგი, თეო. მეოთხე წელია დავდივარ „პრემიერ სპაში“, სადაც აქვთ ფანტასტიური პროცედურები. კანისთვის ძალიან კარგია მეზოთერაპია და პილინგები. ეს პროცედურები თვეში ერთხელ ან ორჯერ მაინც უნდა ჩაიტაროს ადამიანმა. წარმოიდგინეთ, რომ ჭუჭყიან ზედაპირს იშორებთ და ამოდის ახალი კანი.

    აუცილებლად უნდა იხმარო კარგი კრემი. საკმაოდ რთულია შენი კანის შესაბამისი კრემი იპოვო. შეიძლება ძვირადღირებული იყიდო და ალერგია მოგცეს, ან შედარებით იაფიანი ძალიან მოგიხდეს. მოკლედ, მთავარია მოიხდინო, ფასს მნიშვნელობა არ აქვს. ასე დამემართა კრემზეც და შამპუნზეც, ძვირიანი შამპუნები ვერ მოვიხდინე. რაც მთავარია, აუცილებლად უნდა გაიგო როგორი ტიპის კანი გაქვს და შემდეგ პროფესიონალის დახმარებით უნდა შეარჩიო კანის მოვლის საშუალებები. სანამ მიაგნებ, ცდების ჩატარებაც გიწევს. ასევე მნიშვნელოვანია წყლის დალევა. კანი არ უნდა გამოშრეს და ამაში წყალი მეხმარება. ძალით ვსვამ ხოლმე, მაგრამ კანზე ძალიან კარგად მოქმედებს, და არა მხოლოდ კანზე – ერთ ჭიქა წყალს რომ დავლევ ვფიხზლდები და  ენერგიით ვივსები.

    რომელია თქვენი საყვარელი კრემი, რომელსაც მიაგენით და მოიხდინეთ?

    ზოგადად, სხვადასხვა ფირმის კრემებს ვხმარობ. მათ შორისაა „ლოქსიტანი“ (იმიტომ არა რომ მათი ბრენდ ამბასადორი გავხდი), საზღვარგარეთ ცხოვრებისას აღმოვაჩინე, რომ ნატურალურ კომპონენტებზეა დამზადებული და ძალიან მომწონს მისი მოქმედება. ეს არის ფრანგული ბრენდი. არაჩვეულებრივი ტანის კრემები, ხელის კრემები და დუშგელები აქვს. ასევე ვხმარობ „დი ბი მილანოს“ რომელიც 5 ვარსკვლავიანი კოსმეტიკის ბრენდი გახლავთ და „პრემიერ სპაში“ ვყიდულობ ხოლმე. ძალიან მომწონს კორეული კოსმეტიკაც, სააფთიაქო ხაზებიც. ბევრი კარგი ფირმაა – დაწყებული პრობლემატური კანისთვის, დამთავრებული ჩვეულებრივი კრემებით.

    როგორ უვლით კანს სახლის პირობებში?

    ძალიან კარგია ნიღბების გაკეთება. ბოლოს დროს ერთჯერადი ნიღბების ტენდენცია წამოვიდა. ძალიან პრაქტიკულია და მომწონს. ხშირად ვიკეთებ როგორც ნიღბებს, ისე თვალის პაჩებს. ასევე მიყვარს ხილის ნიღბების გაკეთება (თუ გაქვთ დრო, სახლში ხართ და ვინმეს არ შეაშინებთ, აუცილებლად უნდა გაიკეთოთ). არაჩვეულებრივია მარწყვის ნიღაბი, ძალიან უხდება სახის კანს. 15 წუთით გაიჩერებ და ჩამოიბან. საოცარი შედეგი აქვს. დილით სახის ყინულით დაბანაც ძალიან კარგია. შესაძლებელია ხილის ყინულის გაკეთებაც. მინდა გითხრათ, რომ ანანასის წვენი საუკეთესო საშუალებაა პილინგისთვის.

    როგორ უვლით სხეულს?

    ფორმაში ყოფნა დიდ ძალისმევას მოითხოვს. პირველ რიგში, აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა, თუნდაც ფეხით სიარული (დღეში 1 საათით); ასევე სპორტდარბაზი, იოგა, ცურვა, პილატესი. სიმართლე რომ გითხრათ, მაქვს ხოლმე სიზარმაცის პერიოდებიც – როდესაც ჩემს თავს ვაძალებ, რომ ვარჯიში დავიწყო. ამას სულ დროის დეფიციტს ვაბრალებ, მაგრამ მთავარია დაიწყო და მერე აუცილებლად გამონახავ დროს. ძალიან მიყვარს ცურვა, ასევე იოგა, პილატესი. აჟამად ჩვენი სააგენტოს დარბაზში ვვარჯიშობ, სადაც ძალიან კარგი ტრენერი გვყავს. მე მიყვარს გაწელვები, კარდიო ვარჯიში ჩემთვის არ არის. ზოგადად კი, გოგონებს რომლებიც მოდელობენ არ ვურჩევ ტრენაჟორებზე ვარჯიშს. ტრენაჟირები ტანს სხვანაირ ფორმას აძლევს. პილატესი და კუნთის გაწელვა მოდელებისთვის საუკეთესოა.

    დროის დიფიციტი ახსენეთ… რთულია ოჯახის, თავის მოვლის და კარიერის ერთმანეთთან შეთავსება?

    ზოგადად, დრო ისე დაჩქარდა, რომ 24 საათი საკმარისი არ არის. საერთოდ არ მყოფნის დრო. განაწილებაც ძალიან რთულია. ერთი მხრივ ოჯახი, სამსახური და საქმიანობაა, მეორე მხრივ – სხვადასხვა ღონისძიებები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ივენთები… ყველგან უნდა წახვიდე, ფორმაშიც უნდა იყო, საკუთარ თავზე იზრუნო, საქმე აკეთო და პარალელურად, ოჯახის წევრებზე იზრუნო. ამას ემატება ტელეფონი, რომელიც დღის განმავლობაში არ ჩერდება და ნონ სტოპის რეჟიმში კონტაქტობ ადამიანებთან. მგონია, რომ ადრე უფრო მშვიდად ცხოვრობდნენ. დღეს ყველას ძალიან დიდი სტრესი გვაქვს. სადღაც რომ მივდივარ და ტელეფონს გამოვრთავ, მარტო ამით ვისვენებ. წუწუნში არ მინდა ჩამეთვალოს (რადგან აქტიური ცხოვრება მიყვარს), მაგრამ ზოგჯერ დასვენება ძალიან მჭირდება. აქტიური რეჟიმისგან დასვენებას უქმეებზე ვახერხებ ხოლმე და ქალაქგარეთ გავდივარ. ზამთარში მთა და თხილამური არის ანტისტრესი. ქალაქიდან რომ გახვალ ერთი-ორი დღეც, უკვე უდიდესი ენერგიით ბრუნდები. ძალიან მიყვარს კახეთში ყოფნა, ჩემი საყვარელი ადგილია. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, იტალიისნაირი ქვეყანა არ მეგულება. ისტორია, კულტურა, არქიტექტურა, მოდა, სამზარეულო – ყველაფერი საოცარი აქვთ. იქ ნებისმიერი პატარა სოფელიც კი ულამაზესია. ფლორენციაზე საერთოდ შეყვარებული ვარ. სიამოვნებით ვიცხოვრებდი იტალიაში.

    საკმაოდ დიდი ხანი იცხოვრეთ საზღვარგარეთ. მოგვიყევით, როგორ მოხვდით ამერიკაში და როგორ განვითარდა თქვენი კარიერა საქართველოს ფარგლებს გარეთ?

    საზღვარგარეთ 10 წელი გავატარე. თინეიჯერობისას „ნატალიში“ ვიყავი. მაშინ ფოტოგრაფი გოგა კანდელაკი იყო ჩამოსული მეგობარ გოგონასთან ერთად (რომელიც IMG-ს მოდელი გახლდათ). ამ გოგომ სადღაც მნახა და ძალიან მოვეწონე. მაშინ 15 წლის ვიყავი. თავიდან სერიოზულად არ შემიხედავს. გოგამ ფოტოები გადამიღო, ნიუ იორკში წაიღო და შემდეგ იქიდან მომწერა – გელოდებიანო. 16 წლის ასაკში ნიუ-იორკში წავედი და 6 თვე სრულიად მარტომ ვიცხოვრე. თან ისეთ დროს წავედი, საქართველოში საერთოდ არაფერი რომ არ არსებობდა – ერთი ჟურნალი იყო, „ტოპ მოდელი“ და ხელიდან ხელში გადადიოდა; ამას ემატებოდა უშუქობა და არანაირი ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი. მაშინ ეს ჩემი პირველი გასვლა იყო ქვეყნის გარეთ. უზარმაზარ მეგაპოლისში მოვხვდი და შოკირებული ვიყავი. შემდეგ უკვე, 4 წელი ჟენევაში ვიცხოვრე, სადაც ჩემი მეუღლე საელჩოში უფროსი მრჩეველი იყო (ძალიან პატარა გავთხოვდი, 17 წლის). კარიერული თვალსაზრისით ეს წლები ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის. მანამდე სულ მქონდა მოწვევები, წავიდოდი და შემდეგ ოჯახის გამო უკან მოვრბოდი (საერთოდ ოჯახი და ასეთი კარიერა ძალიან რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქმრისგან წინააღმდეგობა არასოდეს მქონია). შვეიცარიაში ყოფნისას თან ოჯახთან ერთად ვცხოვრობი და თან იქ ვმუშაობდი. ეს იყო საუკეთესო პერიოდი – დედა სააგენტო მყავდა ჟენევაში და სხვადასხვა ქვეყნებში მაგზავნიდნენ. ეს ჩემთვის კარიერული ზრდისა და განვითარების პერიოდი იყო. თბილისში რომ დავბრუნდი რამდენიმე წელში ჩემი მეუღლე ესტონეთის ელჩად დაინიშნა და შემდეგი ოთხი წელი ტალინში გადავედით საცხოვრებლად. ასე რომ, საზღავრგარეთ ჯამში 10 წელი გავატარე.

    რა არის საჭირო იმისათვის, რომ საყვარელი საქმე ვაკეთოთ და წარმატებას მივაღწიოთ?

    პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იცოდე რა გინდა. ამისთვის უნდა იშრომო. დღეს ყველაფერი კომუნიკაციაზეა აწყობილი. უნდა იყო კომუნიკაბელური. მოდელებს შორისაც ასეა – კომუნიკაბელური თუ ხარ, წარმატებასაც ადვილად აღწევ. უნდა გქონდეს მიზანი და ბოლომდე მიჰყვე ამ მიზანს. მიხარია, რომ დღეს ქალს და კაცს განაწილებული აქვთ მოვალეობები და ახალგაზრდა წყვილები თანაბრად არიან ჩართულები ყველა პროცესში – ფინანსები იქნება, შვილის აღზრდა თუ სხვა. შრომის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. ბევრი რამ ლამაზად ჩანს, მაგრამ ამის უკან უდიდესი შრომაა. მოდის კვირეულის თუნდაც ერთი ჩვენების მიღმა იმხელა შრომა და განცდებია, რომ ვერ წარმოიდგენთ. ძალიან მნიშვნელოვანია განათლებაც.

    როგორი ჩაცმის სტილი გიყვართ, რომელია თქვენი საყვარელი დიზაინერი?

    უპირატესობას უფრო კლასიკურ სტილ ვანიჭებ, ასევე სპორტულს. მომწონს მრავალფეროვნება, ცდების ჩატარება, სიახლეების ძიება და აღმოჩენა. საყვარელ დიზაინერს რაც შეეხება, ძალიან მიჭირს ამის თქმა. ყოველ სეზონზე სხვადასხვა დიზაინერის კოლექცია მომწონს. ივსან ლორანი და შანელი კლასიკაა… ასევე ძალიან მომწონს სელინი, პრადა (პრადას კოლექცია ყოველთვის ორიგინალური და გამორჩეულია). მომწონს სკანდინავიელი დიზაინერები და მათი სტილი. ქართველებს რაც შეეხებათ, ჩვენმა პროექტმა ძალიან შეუწყო ხელი ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების 97 %-ის აღმოჩენას და განვითარებას. მიხარია, რომ დღეს უკვე ამ ინდუსტრიაში ამდენი ქართველი დიზაინერია და ყველა „თბილისის მოდის კვირეულიდან“ მოდის. ყველა სეზონზე მინიმუმ 2-3 ახალი აღმოჩენა გვყავდა და დარწმუნებული ვარ, გვეყოლება კიდეც. ძალიან ბევრი თვითნასწავლია. ჯერ განვითარების გზაზე ვართ და მინდა მეტი სიახლე ვნახო მათ კოლექციებში. ზოგადად, ძალიან რთულია ისეთი რამ გამოიგონო რაც მთელ მსოფლიოს გადაატრიალებს.

    როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

    „ჯეო მოდელსი“ წარმატებით მუშაობს საერთაშორისო ასპარესზე. ძალიან კარგი გოგოები და ბიჭები გვყავს. ახლაც Vetements-ზე მიდიან ჩვენი მოდელები. ჟურნალ „ნარგისს“ კი მალე ონლაინ პლატფორმა დაემატება. ფეშენ ვიქს რაც შეეხება, ჩვენი კომპანია განიცდის რებრენდინგს, ახალ ეტაპზე გადავდივართ. ივნისში დიდი ღონისძიება გვექნება და მოგიყვებით რას ვგეგმავთ.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი