თამარ მაკარიძე – სტრესი და ფარისებრი ჯირკვალი

    ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას“ პროექტი „LIVEმედი” გრძელდება! ამჯერად, ჩართვის სტუმარი კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის სამეცნიერო დირექტორი, ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი და საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, თამარ მაკარიძე იყო.

    ქალბატონმა თამარმა სტრესზე, სტრესის ჰორმონებსა და ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა:

    “იმისათვის, რომ მარტივად დავინახოთ კავშირი სტრესსა და ფარისებრ ჯირკვალს შორის, მნიშვნელოვანია გავიაზროთ მათი ურთიერთქმედების მექანიზმი და თითოეული მათგანის გავლენა ორგანიზმში მიმიდნარე პროცესებზე.

    განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ სტრესს, რომელთა გამომწვევად მხოლოდ ფსიქოგენური და ემოციოგენური ფაქტორები არ მოისაზრება. სტრესი შეიძლება იყოს გამოწვეული ტკივილით, სიცივით, სიცხით… ასევე, სტრესოგენულია ნებისმიერი დაავადების შიში, მაგალითად Covid 19-ით დაიმფიცირების შიში; ან დაიმფიცირების შემთხვევაში, იმის განცდა, თუ რატომ დაგვემართა; სტრესოგენულია გართულების, სხვებზე გადადების შიშიც. რასაკვირველია,  სტრესია სოციალური იზოლაციაც.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის ნეგატიური ზეგავლენა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ის უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომლის მიერ პროდუცირებული  ჰორმონები უზრუნველყოფენ ყველა ქსოვილისა და ორგანოს ენერგო მომარაგებას, მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლის ბალანსის ოპტიმალური დონის შენარჩუნებაში, ქსოვილების დიფერენცირებაში, ორგანიზმის ზრდის, ფიზიკური თუ მენტალური განვითარების პროცესებში, იმუნური სისტემის სიჯანსაღეზე. თირეოიდული ჰორმონების ტოქსიური მოქმედებით ხდება მეტაბოლიზმის გაძლიერება, რაც გამოიხატება ემოციური ლაბილობით და სტრესის მიმართ მდგრადობის დაქვეითებით.

    თავის მხრივ, ხანგრძლივად მიმდინარე სტრესი ფარისებრ ჯირკვალზე გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლის დაქვეითებით. ამით იკვეთება კავშირი ფარისებრ ჯირკვალსა და წონის მატებას შორის. ფუნქციურ დაქვეითებასთან ერთად, ხშირად ვლინდება ინსულინ რეზისტენტობა და მეტაბოლური დარღვევები.

    და მაინც, რა კავშირია სტრესსა და ფარისებრ ჯირკვალს შორის?

    ნებისმიერი პროცესი, რაც თავის ტვინში ხდება, მათ შორის ჰორმონების რეგულაცია, კონტროლდება ნეირომედიატორებით. სტრესისას გამოიყოფა ისეთი მედიატორები, როგორიც არის დოფამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი და ჰორმონები (კორტიკოლიპერინი, კორტიკოტროფინი და კორტიკოსტეროიდები).  კორტიკოსტეროიდების ჭარბი წარმოქმნა განაპირობებს იმუნური სისტემის დათრგუნვას. იმისათვის, რომ ფარისებრმა ჯირკვალმა ჯანსაღად იმუშაობს, დაცული უნდა იყოს ბალანსი სტრესის ჰორმონებისა და კორტიზოლის დონეს შორის. სტრესის დროს ურთიერთკავშირშია ნერვული, იმუნური და ენდოკრინული სისტემა. თუ სტრესი ხანგრძლივად მიმდინარეობს და ქრონიკულია, იმუნური სისტემა ქვეითდება, რაც წარმოადგენს ქრონიკული და ავტოიმუნური დაავადებების განვითარების ერთ-ერთ ფაქტორს. ხანგრძლივი სტრესისას ვითარდება მნიშვნელოვანი სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებები, რომლებიც ლაბორატორიულად შესაძლოა არც გამოჩნდეს. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები სტრესოგენული ფაქტორია ორგანიზმისთვის და ნებისმიერი ინფექციის შემთხვევაში, ხდება ამ პათოლოგიის დამძიმება.

    მწვავე სტრესისას ორგანიზმი აცხადებს ბრძოლას, რის ფონზეც მობილიზებულია ადაპტაციისთვის. გამოიყოფა სტრესული ჰორმონები და სტრესული მედიატორი დოფამინი. ამ უკანსაკნელის სიმცირე განაპირობებს ჰიპერპოლაქტინემიას. თუ სტრესი გაგრძელდა, არის შანსი რომ მოიმატოს პროლაქტინმა. პროლაქტინი კი გახლავთ თირეოტროპული ჰორმონის იდენტური შემადგენლობის.

    როგორც ვხედავთ, სტრესი ნეგატიურ გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციობაზე, თუმცა, თავის მხრივ, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია აქვეითებს ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ, რაც ზრდის სტრესის განვითარების რისკს.

    დღესათვის, უამრავი კითხვა ისმის ენდოკრინოლოგების მიმართ – იმყოფებიან თუ არა პაციენტები ენდოკრინული დისფუნქციით Covid-19-ით ინფიცირების რისკ ჯგუფში? Covid 19 ახალი ვირუსია და მის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით, თუმცა არ არსებობს არცერთი მონაცემი იმისა, რომ ნებისმიერი ვირუსული ინფექციით დასნებოვნება პირდაპირ კავშირში იყოს ფარისებრი ჯირკვლის ავტოიმუნურ დაავადებასთან. არც იმის დადასტურებული ფაქტები არსებობს, რომ ავტოიმუნური თირეოიდიტი ანამნეზში იწვევს ვირუსული ინფექციის გართულებისა და დამძიმების პროცესს. უახლესი ინფორმაციით, ბრიტანემლა მეცნიერებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ იმუნიტეტის ის ნაწილი, რომელიც აკონტროლებს ფარისებრი ჯირკვლის ავტოიმუნურ დაავადებებს, გამოყოფილია იმუნური სისტემისგან, რომელიც ახორციელებს ბრძოლას ინფექციურ დაავადებებთან. საკამათოა, მაგრამ ყურადსაღებია ასეთი ინფორმაცია. რაც შეეხება დიაბეტის მქონე პირებს: ეს ადამიანები, ისევე როგორც ზოგადად, სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, იმყოფებიან ინფიცირების რისკ ჯგუფში, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში, რისკების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია.”

    გისურვებთ ჯანმრთელობას.

     

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი